Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს 2023 წლის მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩი უელსის წინააღმდეგ ელის და აქედანვე სჩანს, რომ წარმატების მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

ც ჯგუფის ლიდერი უელსი ხომ ისედაც აშკარა ფავორიტია და ამას ისიც ემატება, რომ ტრავმების გამო, ბორჯღალოსნებმა უკვე არაერთი მორაგბე დაკარგეს. სწორედ ამის გამო განაცხადა საქართველოს ნაკრების შეტევის მწვრთნელმა ჯო უორსლიმ, რომ გუნდს მინდორზე გასვლა მე-2 და მე-3 არჩევანის მოთამაშეებით მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ სერიოზული ტრავმები მიიღეს ბექა გორგაძემ, ლუკა ჯაფარიძემ, შალვა მამუკაშვილმა, მერაბ შარიქაძემ, ლადო ჩაჩანიძემ, მირიან მოდებაძემ, თენგიზ ზამთარაძემ და ლაშა ჯაიანმა. არის სხვა მცირე დაზიანებებიც, ამდენად, თუ როგორი იქნება ბორჯღალოსნების შემადგენლობა უელსთან მატჩისთვის, რთული სათქმელია.

ლაშა ჯაიანი ფიჯისთან მატჩში დაშავდა

ჯო უორსლი (საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი): "უელსის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში არაერთი ნაცნობი მყავს. გეტლანდის გუნდთან ბოლო გადაკვეთა 4 წლის წინ გვქონდა, თუმცა, მას მერე საქართველოს ნაკრები ძალიან შეიცვალა. ახლა, ის გაცილებით სახიფათოა და უკეთ შეუძლია გრანდების წინააღმდეგ თამაში. მთავარია, მომავალი მატჩისთვის 15 მორაგბის შეკრება მოვახერხოთ.

მართლაც საინტერესო იქნება, იმის ნახვა, თუ რა დონეზე ვიმყოფებით. უელსთან ეს ძალიან კარგად გამოჩნდება, რადგანაც ბევრი მორაგბე ვინც მოედანზე გავა, ნაკრებში მე-2 ან მე-3 არჩევანია. ამის მიზეზი გუნდში არსებული ტრავმიანობაა. ამიტომაც, ძალიან გაგვიჭირდება.

ფიჯის ნაკრებთან მატჩში არაერთი შანსი გავანიავეთ. ეს ზოგადად მსოფლიოს თასზე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. თითქოს მეტოქის 22-ში ხშირად შევდივართ და მომენტებსაც ვქმნით, თუმცა, მათ გამოყენებას ვერ ვახერხებთ.

ვფიქრობ, რომ უელსთან თამაშში გაცილებით მცირე შესაძლებლობება გვექნება. მათ ძალიან დალაგებული გუნდი ჰყავთ, რომელიც ცდილობს მუდმივად წნეხის ქვეშ გამყოფოს და ეს კარგადაც გამოსდის. თუკი წარმატება გვსურს, თითოეული შანსი უნდა გამოვიყენოთ, რომელიც მომავალ მატჩში მოგვეცემა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს უელსელები 14 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები