Thumbnail

მას შემდეგ, რაც ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, ამ მატჩს მთელი საქართველო მოუთმენლად ელოდება: ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს.

ყველამ იცის, მაგრამ მაინც: ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი ბავშვობიდან მადრიდული გრანდის გულშემატკივარია და არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნების კლუბი სწორედ რეალია. ახლა კი, კარიერაში პირველად, რეალის წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.

ქართველმა ვარსკვლავმა ეს სეზონი რთულად დაიწყო, მაგრამ ბოლო ორ მატჩში შესანიშნავი იყო: უდინეზესთან სრული ბენეფისი ჰქონდა, საგოლე პასი, მოპოვებული პენალტი, ორჯერ ძელს გარტყმული ბურთი და რაც მთავარია, გოლი, რომლითაც 192-დღიანი უგოლო სერია შეწყვიტა. კვარა ურიგოდ არც ბოლო შეხვედრაში, ლეჩესთან გამოიყურებოდა, სადაც ვიქტორ ოსიმენს საფირმო საგოლე პასი გაუკეთა. ხვიჩამ ლეჩეში მხოლოდ 58 წუთი ითამაშა, ოღონდ რუდი გარსიას გადაწყვეტილება ამჯერად უკმაყოფილებას არ იწვევს, რადგან ქართველს რეალთან თამაშის წინ უბრალოდ დასვენების საშუალება მისცა.

კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით 2 გოლი აქვს გატანილი - ორივე გასულ სეზონში და ორივე ამსტერდამის აიაქსის კარში. ასე რომ, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ქართველს დასამტკიცებელი ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მით უფრო, მან თამასა ძალიან მაღლა ასწია, რადგან უეფამ გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჩემპიონთა ლიგაში სწორედ კვარაცხელია დაასახელა.

ცალკე ინტერესს იწვევს კვარას და ვინისიუს ჟუნიორის ირიბი დუელი. ბრაზილიელს ტრავმა ჰქონდა და რეალს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა, თუმცა, სათამაშოდ მზადაა და მოედანზე პირველივე წუთიდან გავა.

რეალთან კვარას საღამო უნდა იყოს...

მოკლედ, ხვიჩასგან გაბრწყინების მოლოდინია - მეტოქე ისეთია და ისეთ ტურნირზე, ზედმეტი მოტივაცია საჭირო არცაა. ნაპოლიმაც მძიმედ დაიწყო სეზონი, იყო უამრავი მითქმა-მოთქმა, რომ რუდი გარსია დიდხანს ვერ შეინარჩუნებდა სამსახურს, მაგრამ ბოლო ორ თამაშში "აძურიმ" შარშანდელი ფეხბურთი აჩვენა, ორივე მოიგო და 8 გოლი გაიტანა. შესაბამისად, "სამეფო კლუბთან" პრინციპულ დუელს კარგ განწყობაზე ხვდება, ბევრად უკეთესზე, ვიდრე მაგალითად 1 კვირის წინ იყო. სხვათა შორის, ნაპოლის რეალი არასდროს დაუმარცხებია. აქამდე 4 მცდელობა იყო უშედეგო და ოდენ ერთადერთ ფრეს გამორჩა. მოკლედ, ნეაპოლელებს ამ მხრივაც ძალიან დიდი მოტივაცია აქვთ.

უდინეზესა და ლეჩესთან დამაჯერებელი გამარჯვებებით ნაპოლიმ სერია A-ში ვითარება გამოიკეთა, 14 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, წინ კი მხოლოდ მილანური გრანდები არიან, რომლებსაც გარსიას გუნდი 4 ქულით ჩამორჩება. მადრიდის რეალს ლა ლიგაში კარგი სტარტი აქვს, 8 ტურში 21 ქულა დააგროვა (7 მოგება) და ლიდერია. კარლო ანჩელოტის შეგირდებს მხოლოდ მადრიდული დერბი ჩაუვარდათ, რომელიც 1:3 წააგეს. ბოლო ტურში "სამეფო კლუბმა" სტუმრად ჟირონას 3:0 აჯობა, იმ ჟირონას, რომელიც ლა ლიგას ლიდერობდა...

ჯუდ ბელინგემი სამეფო კლუბის ახალი პრინცია

მადრიდულ გრანდს ახალი ლიდერი ჰყავს - ჯუდ ბელინგემი. ინგლისელი ვარსკვლავის ესპანური კარიერა მართლაც ვარსკვლავურად დაიწყო, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: 8 მატჩი, 7 გოლი და 2 საგოლე პასი. გასაოცარი იყო ჯუდის ასისტი იმავე ჟირონასთან შეხვედრაშიც - უბადლო და უნაკლო. სწორედ ბელინგემმა მოაგებინა რეალს ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში უნიონ ბერლინთან რთული თამაში, როდესაც ინგლისელმა 94-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი. პირველ ტურში ნაპოლიმაც მძიმედ მოიგო, პორტუგალიაში, ბრაგასთან, მატჩის მიწურულს, ავტოგოლით.

ნაპოლის სათადარიგო მეკარე პიერლუიჯი გოლინი, ასევე ცენტრალური მცველები, ჟუან ჟეზუში და ამირ რაჰმანი დააკლდებიან. რეალსაც აქვს დანაკლისი: ტიბო კურტუა დიდი ხანია ლაზარეთშია, ასევე ვერ ითამაშებენ ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა და არდა გიულერი.

საინტერესო ფაქტები

🟠 ნაპოლი და რეალი აქამდე 4-ჯერ შეხვედრიან და ყველა შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგაზე/თასზე. 1987/88 წლების სეზონში ნეაპოლში მატჩი 1:1 დასრულდა, მადრიდში მასპინძლებმა 2:0 მოიგეს. კიდევ ერთხელ მათი გზები 2016/17 წლების სეზონის მერვედფინალში გადაიკვეთა და ორივე თამაში რეალმა ერთნაირად, 3:1 მოიგო.

🟠 კარლო ანჩელოტი ნაპოლიში 2018/19 წლების სეზონში მუშაობდა, თუმცა, აურელიო დე ლაურენტისმა არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაითხოვა.

🟠 ანჩელოტი მწვრთნელის რანგში 12-ჯერ დაუპირისპირდა ნაპოლის და დადებითი ბალანსი აქვს: 9 მოგება, 1 ფრე, 2 წაგება.

🟠 ანტონიო რიუდიგერი 2015-2017 წლებში რომაში თამაშობდა, მათ შორის თავიდან რუდი გარსიას ხელმძღვანელობით.

🟠 ხვიჩა კვარაცხელია, უეფას ვერსიით, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

🟠 ნაპოლი ესპანურ გუნდს ბოლოს 2021/22 წლების სეზონში ევროპალიგაზე ბარსელონას შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 3:5 დამარცხდა.

🟠 ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაში შინ ბოლო 13 მატჩია არ დამარცხებულა (9 მოგება, 4 ფრე). ბოლოს ნეაპოლელებმა "მარადონაზე" 2017 წელს მანჩესტერ სიტისთან წააგეს (2:4).

🟠 ნაპოლიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო 8 მატჩიდან 7 მოიგო (1 წაგება).

🟠 რეალი იტალიურ კლუბს ბოლოს 2021/22 წლების სეზონში დაუპირისპირდა და ინტერი ორჯერ დაამარცხა (1:0, 2:0).

🟠 რეალს იტალიურ კლუბებთან ბოლო 15 მატჩიდან 14 მოგებული აქვს. გამონაკლისია 2018 წელს იუვენტუსთან საშინაო თამაში, რომელიც 3:1 წააგო, მაგრამ მაინც მომდევნო ეტაპზე გავიდა, რადგან სტუმრად 3:0 ჰქონდა მოგებული.

🟠 რეალს ჩემპიონთა ლიგაში ბოლო 23 გასვლითი მატჩიდან 8 წაგებული აქვს (7 მოგება, 8 ფრე).

🟠 ნაპოლის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 რეალის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების 4 დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (4-3-3): მერეტი - დი ლორენცო, ოსტიგორი, ნათანი, ოლივერა - ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი - პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ტრავმა: გოლინი, ჟუან ჟეზუში, რაჰმანი.

რეალი (4-3-1-2): კეპა - კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო, მენდი - კროოსი, მოდრიჩი, ვალვერდე - ბელინგემი - როდრიგო, ვინისიუსი.
ტრავმა: ალაბა, კურტუა, არდა გიულერი, მილიტაო.

კომენტარები

ბოლო ამბები