Thumbnail
  • 📅 3 ოქტომბერი | 🏟 სტადიო მარადონა | ⌚ 23:00 | ⚽ ნაპოლი V რეალი
  • რუდი გარსიას და ჯოვანი დი ლორენცოს მატჩისწინა პრესკონფერენცია

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ნაპოლი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ საკითხზე ისაუბრა. რა თქმა უნდა, მეტოქეზე, მატჩზე, მოლოდინსა და ასევე გააკეთა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე.

...თამაშის შესახებ: "ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელისთვის და ფეხბურთელისთვის ყველაზე ლამაზი საკლუბო ტურნირია, ყოველთვის განსაკუთრებული. როცა ჰიმნს ვუსმენთ, ძლიერ ენერგიას ვგრძნობთ და ეს გარწმუნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ხარ. ნაპოლი არის კლუბი, რომელმაც ამ ტურნირზე ყოველ სეზონში უნდა ითამაშოს. მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდს ვეთამაშებით, რომელმაც ბოლო 10 სეზონში ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, მათ შორის ორი წლის წინ მწვრთნელთან ერთად, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ გვაქვს ამბიცია, რომ მოსაგებად ვითამაშოთ".

...სეზონის სტარტზე და ხვიჩაზე: "როდესაც საწყის ორ თამაშს იგებ, ვერ იტყვი, რომ სეზონი ცუდად დაიწყე. ჩვენ ყოველთვის გვქონდა საუკეთესო მაჩვენებელი ბურთის ფლობაში, დარტყმებში, მხოლოდ გოლი გვაკლდა, მაგრამ ბოლო ორ მატჩში ამ მხრივ ყველაფერი გამოსწორდა. მაგალითად, კვარაცხელია: ახლა ის გონებით უფრო მსუბუქია, მოედანზე ბედნიერია, უნიკალური ფეხბურთელია, მაგრამ გოლზე ფიქრობდა, რომელიც მარტის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი".

...გადამწყვეტი მატჩი ჯგუფში პირველი ადგილისთვის: "შეიძლება ცოტა ადრეა ამაზე საუბარი. მნიშვნელოვანი იყო პირველი მატჩის მოგება, რადგან ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად გამარჯვება ადვილი არასდროსაა. ხვალ ვეცდებით მოგებას, ვიცით, მეტოქის ძალა, მაგრამ დადებითი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

გარსიამ პრესკონფერენციის გარდა, Sky Sport-თანაც გააკეთა კომენტარი, სადაც კვარაცხელიაზეც ისაუბრა: "ჩვენთვის არაფერი იყო კატასტროფული, ფეხბურთელები დაბრუნდნენ თავის დონეზე, მაგალითად, კვარა, რომელმაც მოახერხა გოლის გატანა და ახლა შესანიშნავად თამაშობს, რადგან თავდაჯერება აღიდგინა".

ჯოვანი დი ლორენცო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე

პრესკონფერენციაზე გარსიასთან ერთად გუნდის კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო იყო, რომელმაც თქვა:

"ჩემპიონთა ლიგა რეალის სახლია, მაგრამ მზად ვართ, ჩვენს მოედანზე ვთამაშობთ, სტადიონი სავსე იქნება, შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ სირთულეები შევუქმნათ. ვიცით, რომ დიდ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მზად ვართ. ვინისიუსი დიდი ჩემპიონია, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა. მის წინააღმდეგ ფრთხილად უნდა ვითამაშოთ, მაგრამ როგორც მწვრთნელმა თქვა, არა მხოლოდ ერთ მოთამაშეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, არამედ ყველა მათგანს. ოსიმენთან დაკავშირებით ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, გუნდთან ურთიერთობა უცვლელია, ის ყოველთვის მონდომებულია, ყოველთვის ეხმარება თანაგუნდელებს, ჩვეულებრივი ოსიმენია, რომელიც დიდი ფეხბურთელია და ყველაფერს გააკეთებს რეალთან, როგორც ყველა დანარჩენი ფეხბურთელი".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები