- 📅 7 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | 🏟 ნანტი | 🏉 უელსი V საქართველო | 📺 I არხი
- ფიჯისთან მატჩში არაერთი ქართველი მორაგბე დაშავდა
- 'მთავარია, 15 მორაგბე შევკრიბოთ' - უორსლი უელსთან მატჩზე
2023 წლის მსოფლიო თასზე უელსთან დასკვნითი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდა.
როგორც ირკვევა, ფიჯისთან გამართული უმძიმესი შეხვედრის შედეგად კვაჭმა თენგიზ ზამთარაძემ, მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა და უკანახაზელმა მირიან მოდებაძემ სხვადასხვა ხარისხის მოტეხილობები მიიღეს. სამივე მათგანი ბორდოში დარჩა, სადაც ოპერაციები ჩაუტარდებათ.
ბორჯღალოსნების მთავარი ექიმის ნუცა შამათავას თქმით, უელსთან მატჩს მათ გარდა ლუკა ივანიშვილიც გამოტოვებს, რომელმაც ფიჯისთან ტვინის შერყევა მიიღო:

"მოდებაძეს, ჯაიანსა და ზამთარაძეს, სამწუხაროდ ისეთი ტრავმები დაუფიქსირდათ, რომლებიც ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ამჟამად თავს სამივე კარგად გრძნობს და ემზადებიან ოპერაციისთვის, რომელიც ბორდოში, ცნობილ სამედიცინო კლინიკაში ჩაუტარდებათ. მირიან მოდებაძეს ყვრიმალის და თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, ლაშა ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, თენგიზ ზამთარაძეს კი იდაყვი ქონდა ამოვარდნილი. მოხდა მისი ჩასწორება, თუმცა რენტგენმა ძვლის მოტეხილობაც დააფიქსირა და ისიც საოპერაციოა. მომდევნო შეხვედრას ტვინის შერყევის გამო ტოვებს ლუკა ივანიშვილი".
ტრავმირებული მორაგბეების ნაცვლად, ბორჯღალოსნების გაფართოებულ შემადგენლობას კვაჭი ვანო კარკაძე, მეორეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი და უკანახაზელი ოთარ ლაშხი დაემატნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს უელსელები 14 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.
კომენტარები