Thumbnail
  • შუქურა 0:6 დინამო ბათუმი
  • დინამო ბათუმმა ქობულეთის შუქურა არ დაინდო

ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქობულეთის შუქურამ დინამო ბათუმს “ჯონი ბაკურიძეზე” უმასპინძლა და 0:6 დამარცხდა. მოგებით დინამომ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერობა განიმტკიცა, გიორგი წიტაიშვილმა, კი კარიერაში პირველი ჰეთთრიკი შეასრულა. 

აღსანიშნავია, რომ ბათუმელებმა 6-დან 3 გოლი პენალტის ნიშნულიდან გაიტანეს. სწორედ 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა ანგარიში გიორგი ზარიამ. შემდეგ პენალტიდანვე გიორგი წიტაიშვილმა შეაგდო. მორიგი გოლი პაატა ღუდუშაურის ანგარიშზე იყო, ტაიმის ბოლომდე წიტაიშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და პირველი ნახევარი დინამომ 5:0 მოიგო. 

მეორე ნახევარი ნაკლებად შედეგიანი გამოდგა - ტაიმის ერთადერთი გოლი ეგვიპტელმა ალექსანდერ იაკობსენმა პენალტით გაიტანა. შუქურას გოლის გატანის შანსები კი ჰქონდა, თუმცა ქობულეთელებმა როინ კვასხვაძეს ვერ აჯობეს. მატჩი დინამოს გამარჯვებით, 6:0 ძლიერი წვიმის ფონზე დასრულდა. 

ამ მოგებით დინამო ბათუმმა 62 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერობა განიმტკიცა. ანდრეი დემჩენკოს გუნდი დინამო თბილისს 10 ქულით უსწრებს (დინამო თბილისს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). მომდევნო შეხვედრას საქართველოს ვიცე-ჩემპიონი თბილისში, საბურთალოს წინააღმდეგ 8 ოქტომბერს გამართავს. 

ქობულეთის შუქურას მარცხის შემდეგ 8 ქულა დარჩა და ჩემპიონატის აშკარა აუტსაიდერია. კარლოს გონსალესის გუნდს მაისის შემდეგ თამაში არ მოუგია და მას შემდეგ ჩატარებული 11 შეხვედრიდან 9 წააგო. მომდევნო მატჩში შუქურა გასვლაზე სამგურალს შეხვდება. დაპირისპირება 8 ოქტომბერს გაიმართება. 

შუქურა 0:6 დინამო ბათუმი

გოლები: 0:1 ზარია (14. პენ.), 0:2 წიტაიშვილი (22. პენ.), 0:3 ღუდუშაური (31), 0:4 წიტაიშვილი (34), 0:5 წიტაიშვილი (41), 0:6 იაკობსენი (69. პენ.)

კომენტარები

ბოლო ამბები