Thumbnail
  • სამგურალი 2:2 გაგრა
  • სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება 90+5-ე წუთზე მოახერხეს

გუნდიდან გიორგი ჭელიძის წასვლის შემდეგ პირველი შეხვედრა გამართა წყალტუბოს სამგურალმა, რომლის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას მიხეილ აშვეთია ასრულებდა და ეროვნული ლიგის 28-ე ტურში გაგრას ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე" უმასპინძლა. დაძაბულ შეხვედრაში გაგრელებმა ანგარიში 90+5-ე წუთზე გაათანაბრეს და ქულა გადაარჩინეს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატის 28-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა და როგორც შუქურა-დინამო ბათუმის შეხვედრაში, ისე სამგურალი-გაგრას თამაშში 3-3 პენალტი დაინიშნა. ზესტაფონში პირველი 11-მეტრიანი გაგრელებმა შეასრულეს და 28-ე წუთზე ანგარიში გიორგი ლომთაძემ გახსნა. სამგურალს გათანაბრება 8 წუთში შეეძლო, თუმცა ტაიკი კაგაიამას დარტყმული პენალტი ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია და პირველი ტაიმი გაგრამ 1:0 მოიგო. 

სამგურალმა 2 გოლი მეორე ნახევრის საწყის 6 წუთში გაიტანა. ჯერ უკრაინელმა დენის ბალანიუკმა თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა, მალე კაგაიმამ გაიტანა და სამგურალი 2:1 დაწინაურდა. პირველი ნახევრისგან განსხვავებით, მეორე ტაიმში სახიფათო ეპიზოდები ორივე კართან ხშირად იქმნებოდა - რამდენიმე ეპიზოდში გაგრა გადარჩა, რამდენიმეში - სამგურალი. თუმცა სტუმრებმა ზესტაფონიდან ქულის წაღება მაინც შეძლეს - მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე ანგარიში ჯასტინ შონგამ გაათანაბრა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

აღნიშნული ფრეს შემდეგ სამგურალმა 43 ქულა მოაგროვა და ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას წყალტუბოელები 8 ოქტომბერს შუქურასთან ისევ ზესტაფონში ჩაატარებენ. 

გაგრამ 28 ტურის შემდეგ 23 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. 8 ოქტომბერს გაგრა “დავით პეტრიაშვილზე” თელავს უმასპინძლებს. 

სამგურალი 2:2 გაგრა

გოლები: 0:1 ლომთაძე (28. პენ.), 1:1 ბალანიუკი (47. პენ.) 2:1 კაგაიამა (51), 2:2 შონგა (90+5.)

გაფუჭებული პენალტი: კაგაიამა (36. მეკარე)

კომენტარები

ბოლო ამბები