- ნიკოლოზ ბასილაშვილი კორტზე ბოლოს 6 თვის წინ გავიდა
- ბასილაშვილი რეიტინგში ვარდნას განაგრძობს და უკვე ოთხასეულის ბოლოშია
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა და კორტზე დაბრუნების დროც დაასახელა. ქართველმა ჩოგბურთელმა უქმობის მიზეზებსა და ფიზიკურ პრობლემებზეც დაწერა.
ბასილაშვილმა ბოლო მატჩი მაისში, როლან გაროსის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაატარა და მსოფლიოს 129-ე ჩოგან ჯულიო ზეპიერისთან ორ სეტში (4:6, 1:6) დამარცხდა. ბოლო გამარჯვება, კი ქართველმა მიმდინარე წლის თებერვალში მოიპოვა, როცა დოჰას ტურნირის საკვალიფიკაციო ბადეში მსოფლიოს 208-ე ჩოგან, თურქ ჯემ ილკელს ორ სეტში (6:3, 7:5) სძლია.
"დაახლოებით, 6 წლის წინ იდაყვის ტრავმა მივიღე და მას შემდეგ ტკივილით ვთამაშობდი. 2019 წელს ოპერაცია გავიკეთე, თუმცა შედეგი არ ჰქონდა. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოწოდებისას ბიომექანიკის შეცვლა დამჭირდა, რომელმაც ახალ ტრავმამდე მიმიყვანა. ბოლოს ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ჩაწოდება არ შემეძლო. ტკივილის შესამცირებლად სხვადასხვა სახის მკურნალობა ვცადე, მაგრამ სრულად უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წლის მაისში კიდევ ორი ოპერაციის გაკეთება დამჭირდა. იდაყვის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად, გარკვეული პერიოდით, აღარ ვტვირთავდი, თუმცა უკვე, თითქმის სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და დაახლოებით, 1 თვეში კორტს დავუბრუნდები. ჩოგბურთის გარეშე გატარებულმა დრომ საშუალება მომცა, რომ ძალიან კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩავმდგარიყავი," - აღნიშნა ჩოგბურთელმა.
31 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს კარიერაში ATP-ის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული და 2019 წელს მსოფლიო რეიტინგში მე-16 პოზიციას იკავებდა. ბოლო შეჯიბრი ბასილაშვილმა 2021 წელს მოიგო, როცა მიუნხენის ტურნირის ფინალში იან ლეონარდ შტრუფი დაამარცხა.
კომენტარები