Thumbnail

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში ნაპოლი მადრიდის რეალს უმასპინძლებს. მატჩის წინ რეალის იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც როგორც ესპანელ, ისე იტალიელ ჟურნალისტებს უპასუხა.

ანჩელოტის ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე აზრი ჰკითხეს, მანამდე კი მან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა:

...მატჩის შესახებ: "იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ვითამაშებთ, რომელსაც ბევრი მაღალი დონის ინდივიდუალისტი ჰყავს. რთული თამაში იქნება, ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს ჟირონასთან გავაკეთეთ".

...ბელინგემზე: "ის გუნდს კარგად მოერგო, მაღალი ხარისხის თამაშს აჩვენებს. არ აქვს მნიშვნელობა მსოფლიოში საუკეთესოა თუ არა, ჩემთვის ყველა ჩემი ფეხბურთელი მსოფლიოში საუკეთესოა".

...მოდრიჩის უთამაშებლობაზე: "მან ითამაშა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში და დერბიში. ნახევარდაცვაში მაღალი კონკურენციაა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ვიღაც სკამზე დარჩეს. მასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, პატივს ვცემ და ისიც პატივს მცემს. უბრალოდ, ხანდახან ასეთი გადაწყვეტილებების მიღება გიწევს. არ შეცვლილა მისი როლი გუნდში, ტექნიკური არჩევანია, რომელიც შეიძლება შეიცვალოს, ყოველ პრესკონფერენციაზე ამაზე მეკითხებიან".

...ნეაპოლში დაბრუნებაზე: "აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება, იყო კარგი მომენტები და ნაკლებად კარგი მომენტებიც, მაგრამ საოცარ ქალაქში ვცხოვრობდი. მიუხედავად ყველაფრისა, აქაურობა დადებითად მახსენდება. ნაპოლიში ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მათ შორის, დე ლაურენტისთან. აზრი არ აქვს ამ თემაზე საუბარს დავუბრუნდე. თუ მწვრთნელს და კლუბს შორის ურთიერთობა დადებითი არ არის, უმჯობესია განშორება. ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, როგორც ნაპოლისთვის, ასევე ჩემთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში აღმოვჩნდი - რეალში".

...კვარაცხელიასა და ოსიმენზე: "ისინი ძალიან კარგი თავდამსხმელები არიან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დიდი პროგრესი განიცადეს, ისეთ ხარისხს აჩვენებენ, რომ ნებისმიერ გუნდში შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში. თამაშობდნენ, თამაშობენ და ითამაშებენ მაღალ დონეზე, ძალიან ნიჭიერები არიან, კვარა ერთი-ერთზე ძალიან ძლიერია, ოსიმენი კი ძლიერი, მობილური და ძალიან სახიფათო თავდამსხმელია".

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის მაისურით 7 მატჩში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი მიითვალა.

ნაპოლი სერია A-ში 14 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 3 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 8 ოქტომბერს, ფლორენციის ფიორენტინას უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები