Thumbnail
  • საბა საზონოვმა ვერონასთან მატჩში ტრავმა მიიღო
  • ივან იურიჩმა ქართველ მცველზე მატჩის შემდეგ ისაუბრა

ტორინო სერია A-ს მე-7 ტურში ვერონას საკუთარ მოედანზე უგოლოდ დაუზავდა (0:0). არ გაუმართლა საბა საზონოვს, რომელმაც მოედანზე 26 წუთი გაატარა, მაგრამ ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუწია.

თავიდანვე ვთქვათ, რომ სამედიცინო შემოწმება დეტალურად მას ჯერ არ გაუვლია, შესაბამისად, უცნობია დაზიანების ხარისხი. საბამ 3 ცენტრალურ მცველში, მარჯვენა ცენტრალურ მცველად ითამაშა, ცენტრში კი პეერ სხუურსი მოქმედებდა, არადა, ლაციოსთან პირიქით იყო - საზონოვი ცენტრში და სხუურსი მარჯვნივ. იურიჩს სწორედ ამ გადაადგილებაზე ჰკითხეს პრესკონფერენციაზე:

"ფეხბურთელების თვისებებიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ლაციოსთან განსხვავებული სიტუაცია იყო მოედანზე, საზონოვი არ იყო მზად მესამე მცველად ეთამაშა, დღეს ამის გაკეთება ტაქტიკურ დონეზე უფრო მარტივი იყო", - თქვა იურიჩმა.

კონკრეტულად საბას მდგომარეობაზე ხორვატმა აღნიშნა: "ფეხში ჩაარტყეს, დააბიჯეს, მაგრამ მოტეხილობა არ არის. რენტგენი გადავიღეთ, ახლა შეშუპებულია და ვნახოთ დაზიანების ევოლუცია. თუმცა მოტეხილობა არ არის, ეს უკვე მნიშვნელოვანია".

ტრავმამდე საბამ ისევ კარგი შთაბეჭდილება დატოვა

მან კომენტარი გააკეთა დაცვაში არსებულ ვითარებაზე, რადგან საბას ნაცვლად ცენტრალურ მცველად ნახევარმცველი ტამეზე ათამაშა, რომელიც შეაქო: "მან დიდებულად ითამაშა, კონცენტრირებული იყო. ვნახოთ, როგორ იქნება საზონოვი. ზიმა დღეს გამოვიძახეთ, რომ ატმოსფერო შეეგრძნო, ვნახოთ, მოახერხებს თუ არა, გუნდთან ერთად ვარჯიშს, გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ".

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ტორინოს რიგებში 2 მატჩი ჩაატარა. "გრანატა" მომდევნო მატჩს 7 ოქტომბერს, სტუმრად იუვენტუსთან გამართავს. მიიღებს თუ არა, ტურინულ დერბიში მონაწილეობას 21 წლის ქართველი მცველი მოგვიანებით გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები