Thumbnail
  • ხოსე კასტრომ ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრება არ ისურვა
  • ანდალუსიური კლუბის პრეზიდენტმა საკუთარ ნაბიჯზე მედიასთან ისაუბრა

სევილიას პრეზიდენტმა ხოსე კასტრომ ხოსე მარია ენრიკეს ნეგრეირას საქმეზე ისაუბრა და ახსნა, თუ რატომ არ დაესწრო კლუბის ოფიციალური წარმომადგენლები ბარსელონა-სევილიას მატჩს.

გასულ კვირაში, ბარსელონას საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ხოაკინ აგირემ, რომელიც საქმეს უძღვება, "ბლაუგრანას" მიერ მსაჯთა ტექნიკური კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ნეგრეირასთვის გადახდილი 7.5 მილიონი ევრო ქრთამად ჩათვალა. ამ მიზეზით, სევილიას წარმომადგენლები ბარსასთან გამართულ შეხვედრას არ დაესწრნენ, კატალონიელებმა, კი საპასუხოდ ანდალუსიელებთან ურთიერთობის გაწყვეტა გამოაცხადეს.

"პირველი და მეორე დივიზიონის ბევრმა კლუბმა დამიჭირა მხარი, თუმცა ეს ჯერ საჯაროდ არ გაუკეთებიათ. ჩვენ მტკიცებულებები გვაქვს. მართალია, სამართალწარმოების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს არ მიუღია, თუმცა ქრთამის მიცემა უკვე დამტკიცდა. თუ მსაჯებს ფულს უხდიდნენ, ეს სამართლიანი შეჯიბრებითობის პრინციპს არღვევს. ჩვენ ასეთ ქმედებებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით - სასამართლომ უნდა თქვას, თუ ვინ არის დამნაშავე. არ შეიძლება მოქმედ მსაჯს 7.5 მილიონი გადაუხადო.

ბარსელონას საპასუხო განცხადებაში წავიკითხეთ, რომ ჟოან ლაპორტა ლა ლიგის შეკრებაზე გამოვიდა და ყველაფერი ახსნა, მაგრამ მას შეხვედრისას ერთი სიტყვაც არ უთქვამს. თუ მსაჯებს ფული გადაუხადეს, ეს უბრალო ამბავი არ გახლავთ, ბარსელონას ლოჟაში იდიოტივით არ დავჯდები, თითქოს არაფერი მომხდარა. სასამართლო დაადგენს, რა არის დანაშაული და რა არა, მაგრამ თანხა რომ გადახდილია, ამას მტკიცება აღარ სჭირდება. მე თუ მკითხავთ, ეს უკვე საკმარისი საბუთია, რათა მსგავსი მოქმედებები საჯაროდ დავგმოთ," - განაცხადა კასტრომ.

ბარსელონას და სევილიას მატჩი პარასკევს, 29 სექტემბერს გაიმართა. კატალონიელებმა შეხვედრაზე დასასწრებად სევილიას ვიცე-პრეზიდენტ ხოსე მარია დელ ნიდო კარასკოს ოფიციალური მიწვევა გაუგზავნეს, რაზე ანდალუსიელებისაგან უარი მიიღეს. სევილიელთა ამ ნაბიჯს საჯაროდ ლა ლიგის სხვა კლუბებმა მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ეს ნაკლებად ანაღვლებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები