- ვირტუსში თორნიკე შენგელიას ხელფასი 2.1 მილიონი დოლარია
- ევროლიგაში მასზე მეტს მხოლოდ 6 კალათბურთელი იღებს
საქართველოს ნაკრებისა და ვირტუს ბოლონიას ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებად კალათბურთელთა შორის მოხვდა.
მონაცემები, რომლებიც Eurohoops-მა გამოაქვეყნა სარეკორდოა, რადგანაც ტურნირის ისტორიაში პირველადაა, როდესაც ხელფასის სახით 2 მილიონ დოლარს ან მეტს ერთბაშად 14 კალათბურთელი იღებს.
შენგელიას ანაზღაურება 2.1 მილიონი დოლარია და ის ჩამონათვალში მეშვიდე-მერვე ადგილებს იყოფს ესპანეთის ნაკრების წევრ ხუანჩო ერნანგომესთან ერთად, რომელმაც NBA-ში გატარებული 7 სეზონის შემდეგ, ევროპაში დაბრუნება არჩია და ათენის პანათინაიკოსში ჩაირიცხა.
"თორნიკე შენგელია ფაქტობრივად ერთადერთი ვარსკვლავია, რომელიც ბოლონიაში ჩატარებულ წმენდას გადაურჩა. ის ევროპული მასშტაბით ერთ-ერთ წამყვან ფორვარდად რჩება და ცხადია, რომ ვირტუსში მასზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თოკოს გადაბირება ძალიან სურდა პანათინაიკოსს და თითქოს კონტრაქტის ხელმოწერას წინ აღარაფერი ედგა, თუმცა, ბოლოს არჩევანი მაინც ერნანგომესზე შეჩერდა”, - წერს Eurohoops.
შეგახსენებთ, რომ შენგელიამ ახალი სეზონი ძალიან მაგრად დაიწყო. მისი დიდი დახმარებით (ტურნირის MVP გახდა) ვირტუს ბოლონიამ იტალიის სუპერთასი მოიგო, სერია A-ს სტარტზე სკაფატისთან მოგებულ შეხვედრაში კი, ქართველი ლეგიონერი ასევე საუკეთესო იყო. ვირტუსი ევროლიგის მოახლოებულ გათამაშებას 5 ოქტომბერს გახსნის, როდესაც ბოლონიაში კაუნასის ჟალგირისს უმასპინძლებს.
ევროლიგის ტოპ-ანაზღაურებადი კალათბურთელები
1. შეინ ლარკინი (ანადოლუ ეფესი, $4M), 2. კოსტას სლუკასი (პანათინაიკოსი, $2.8M), 3. კევინ პანტერი (პარტიზანი, $2.6M), 4. ნიკოლა მიროტიჩი (მილანი, $2.5M), 5. დარიუს ტომპსონი (ანადოლუ ეფესი, $2.3M), 6. ვილი ერნანგომესი (ბარსელონა, $2.2M), 7-8. თორნიკე შენგელია (ვირტუსი, $2.1M), 7-8. ხუანჩო ერნანგომესი (პანათინაიკოსი, $2.1M), 9-14. ვილ კლაიბერნი (ანადოლუ ეფესი, $2M), 9-14. მაიკ ჯეიმსი (მონაკო, $2M), 9-14. ნიკოლო მელი (მილანი, $2M), 9-14. შაბაზ ნაპიე (ცრვენა ზვეზდა, $2M), 9-14. კევინ პანგოსი (მილანი, $2M), 9-14. ტომაშ სატორანსკი (ბარსელონა, $2M).
კომენტარები