- NBA-ს წინასასეზონო ეტაპი 5 ოქტომბერს დაიწყება, რეგულარული სეზონი კი 24-ში
- ორლანდო მეჯიქის ცენტრმა, გოგა ბითაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი სეზონის დაწყებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. წინასასეზონო მატჩები 5 ოქტომბერს დაიწყება, რეგულარული სეზონის პირველი შეხვედრები კი 24 ოქტომბერს გაიმართება. გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა თავიანთ გუნდებთან ახალი კონტრაქტები გააფორმეს, შესაბამისად 2023/24 წლების სეზონში NBA-ში ორი ქართველი კალათბურთელი ითამაშებს.
ორლანდო მეჯიქისა და საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ ახალი სეზონის დაწყებამდე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს უპასუხა და მედიასთან ვრცლად ისაუბრა.
...მსოფლიო ჩემპიონატზე: "ნაკრების ფორმის ჩაცმა, ქვეყნის დროშის ქვეშ თამაში და მისი სახელით გამოსვლა ყოველთვის დიდი პატივია. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვით, საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდით. ტრავმების კუთხით გუნდში ბევრი რამ მოხდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შემდეგ ეტაპზე გავედით. დიდი გამოცდილება იყო გერმანიასთან თამაში, რომელმაც ტურნირი მოიგო, იგივე შემიძლია ვთქვა ავსტრალიაზეც. ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოცდილება იყო. რაც შეეხება ტურნირის ორგანიზებას, იაპონიამ კარგად მიგვიღო და ჩვენთვის დიდებული იყო. მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბევრი თამაში არ გვიწევდა და უცბად, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიხარ, რაც საოცარია. ეს ასევე, სეზონის დაწყებამდე ოდნავ გეხმარება, რადგან დამატებით თავდაჯერებას იღებ.

...წინასასეზონო ეტაპზე: "არასდროს იცი, სხვა მოთამაშეები სეზონისთვის როგორ ემზადებიან, მაგრამ ჩვენ ნაკრებთან ერთად ვარჯიშების ორთვიანი კემპი გვქონდა. ჯამში, ამხანაგური მატჩების ჩათვლით 10-12 მატჩი ჩავატარეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ფორმაში ვარ. ამიტომ, ჩემთვის სეზონის დაწყებამდე ვარჯიში კომფორტული იქნება."
...გუნდში ადაპტაციაზე: "გასულ წელს გუნდიდან გაშვებაზე ვნერვიულობდი, მაგრამ მოულოდნელად სხვა კლუბი გამოჩნდა, რაზეც ღელავ, რადგან ახალ გუნდში გიწევს მისვლა, რომელშიც ყველა გაშლილი ხელებით გხვდება, თავს როგორც სახლში ისე გაგრძნობინებს და შენ უბრალოდ ბევრი უნდა იშრომო. იმას არ ვამბობ, რომ ყოველ ჯერზე, როცა სათამაშოდ გავედი, საუკეთესოდ წარმოვაჩინე თავი, მაგრამ ისინი შანსს გაძლევენ, რომ მომდევნო მატჩისთვის გაუმჯობესდე. მომ კარგად მამუშავა, ასევე თითოეულმა მწვრთნელმა და ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა მოთამაშისთვის, ყველაფერი უფრო მარტივი გახდა.

...კონკურენციაზე: "მთელი სეზონის განმავლობაში ჩვენ განვითარებაში ერთმანეთს დავეხმარებით. იცი, რომ თუ ვერ ითამაშებ და თავს მაღალ დონეზე ვერ წარმოაჩენ, ყოველთვის იქნება სხვა მოთამაშე. ეს უბრალოდ კონკურენტუნარიანობაა, რითაც ვეხმარებით ერთმანეთს, რომ უკეთესები ვიყოთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, შესაბამისად, ნებისმიერი, ვინც ითამაშებს, მატჩის მოსაგებად 200%-ით დაიხარჯება, რაც ჩვენ საშიშებს გვხდის."
...გუნდში მის როლზე: "მოედანზე უნდა გავიდე და ჩემი საქმე გავაკეთო, რაც სქრინების კარგად დაყენება, ფარქვეშ დაცვა და შეტევაში მოხსნებზე თამაშია. გავაკეთებ იმას, რასაც მწვრთნელები მეტყვიან."
ორლანდო მეჯიქი წინასასეზონო ეტაპზე პირველ მატჩს 11 ოქტომბერს ნიუ ორლეანს პელიკანსის წინააღმდეგ გამართავს, რეგულარულ სეზონს კი 26 ოქტომბერს ჰიუსტონ როკეტსთან შეხვედრით დაიწყებს.
კომენტარები