- 'ამ მატჩში საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი მკვეთრად იყო გაუმჯობესებული'
- ბრიტანელების რეიტინგში ყველაზე დიდი წინსვლა ბორჯღალოსნებმა განიცადეს
ბრიტანულმა The Telegraph-მა მსოფლიო თასის ბოლოსწინა ტურის შემდეგ საკუთარი რეიტინგი განაახლა, რომელშიც ყველაზე დიდი წინსვლა საქართველოს ნაკრებმა განიცადა.
ეს, შესაძლოა, მოულოდნელი იყოს იმის ფონზე, რომ ბორჯღალოსნებმა ფიჯისთან მატჩში მარცხი განიცადეს, თუმცა, როგორც The Telegraph წერს, ბორჯღალოსნების თამაშში აშკარა პროგრესი იყო და ისინი ვალდებულნიც კი იყვნენ, გასული შეხვედრა მოეგოთ.
მეტიც, ხსენებული ფიჯის ნაკრები, რომელსაც მსოფლიო თასის პლეი ოფამდე ძალიან ცოტა აშორებს, კლასიფიკაციაში 3 პოზიციით დაქვეითდა და ახლა, მე-8 საფეხურზეა. რეიტინგის ლიდერები ისევ ირლანდია და სამხრეთ აფრიკა არიან, სამეულში კი საფრანგეთის ნაცვლად ახალმა ზელანდიამ შეაღწია.

"მკვეთრი გაუმჯობესება საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხში, რაც ავსტრალიასთან უნიათო მარცხისა და პორტუგალიასთან მატჩის მეორე ტაიმში კაპიტულაციის შემდეგ, გუნდისთვის აუცილებელი იყო. სწორედ ამიტომ, ჩვენს რეიტინგში საქართველო ერთბაშად 4 ადგილით დაწინაურდა და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ცალი ფეხით უკვე მეოთხედფინალში მყოფ ფიჯისთან ბორდოში გამართული თამაში მაინც წააგო. საქართველოს ნაკრებს ამ მატჩში გამარჯვება შეეძლო და მეტიც, უნდა მოეგო კიდეც. მხოლოდ ამგვარი დასკვნაც კი მეტყველებს, რომ მათ თამაშში აშკარა პროგრესი შეინიშნება", - წერენ ბრიტანელები.
შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშეს, ფიჯისთან კი 12:17 დამარცხდნენ. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს უელსელები 14 ქულით ლიდერობენ, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.
The Telegraph-ის რეიტინგი
1 (-). ირლანდია, 2 (-). სამხრეთ აფრიკა, 3 (+1). ახალი ზელანდია, 4 (-1). საფრანგეთი, 5 (+3). შოტლანდია, 6 (-). ინგლისი, 7 (-). უელსი, 8 (-3). ფიჯი, 9 (+1). არგენტინა, 10 (+1). ავსტრალია, 11 (+3). იაპონია, 12 (-3). იტალია, 13 (+4). საქართველო, 14 (+1). პორტუგალია, 15 (+1). ტონგა, 16 (-4). სამოა, 17 (-4). ურუგვაი, 18 (-). ჩილე, 19 (-). ნამიბია, 20 (-). რუმინეთი.
კომენტარები