Thumbnail

უელსის ნაკრების შეტევის მწვრთნელმა ალექს კინგმა საქართველოსთან მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გუნდების ბოლო დაპირისპირების შედეგიდან გამომდინარე, რთულ თამაშს ელის. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში ბორჯღალოსნებმა კარდიფში 13:12 იმარჯვეს, ამდენად, უელსი მომავალ შეხვედრას სრული სერიოზულობით უდგება.

ალექს კინგი (უელსის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "ნათელია, რომ ამ მატჩში მხოლოდ მოგება დაგვაკმაყოფილებს. ამ შემთხვევაში, იმ მაღალ სტანდარტს შევინარჩუნებთ, რომელსაც ბოლო 4 კვირის განმავლობაში მივაღწიეთ. ვისთანაც არ უნდა ვთამაშობდეთ, მათ ქვემოთ დაწევას არ ვაპირებთ. კარგად გვაქვს გათავისებული ის საფრთხე, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ნაკრების მხრიდან მოდიოდეს. 11 თვის წინ მათ კარდიფში ვეთამაშეთ და რაც მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. იმ შეხვედრის შედეგი და ის თამაში, რომელიც საქართველომ ფიჯისთან მატჩში აჩვენა, მოდუნების უფლებას არ გვაძლევს. ქართველების ერთ-ერთ მწვრთნელს ჯო უორსლის კარგად ვიცნობ, ის ჩემი კარგი მეგობარია, ამდენად, ვიცი, რომ მეტოქე ჩვენთან ბოლომდე დაიხარჯება".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშეს, ფიჯისთან კი 12:17 დამარცხდნენ. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს სწორედ უელსელები ლიდერობენ 14 ქულით, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები