- ქართულმა გუნდმა ურთულესი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა
- 'ალპი' ტურნირზე ამიერკავკასიიდან ერთადერთი გუნდი იქნება
- ისტორიული შედეგის შესახებ გუნდის დამფუძნებელს ვესაუბრეთ
ქართულმა გუნდმა Pubg Mobile-ში ისტორიულ შედეგს მიაღწია - ALPI-მ PUBG Mobile Club Open-ის (PMCO) ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ბოლო წლების განმავლობაში ALPI ქართულ კიბერსპორტში Pubg Mobile-ის საუკეთესო ორგანიზაციაა. გუნდმა "ევროპაბეთის ზამთრის თასის" მოგება ზედიზედ ორჯერ შეძლო, ამასთან, CIS რეგიონში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, არსებობა არ შეუწყვიტია, რაც, საბოლოო ჯამში, პრესტიჟულ ტურნირზე მოხვედრით დაუფასდა.
ვრცლად, APLI-ს მიღწევის შესახებ: ქართულმა გუნდმა PMCO-ს ურთულესი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა და საუკეთესო 32 გუნდს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ "ალპი" ამიერკავკასიაში ერთადერთი გუნდია, რომელმაც კვალიფიკაცია დასძლია. ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები 6,7 და 8 ოქტომბერს ჩატარდება, საუკეთესო 16 გუნდი კი პლეი ოფში იასპარეზებს. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 20 000 დოლარს შეადგენს.

PMCO-ს TOP 8 გუნდი Pro League-ში გადადის - "ალპის" მთავარი მიზანი ამ ეტაპზე გადასვლაა. აი, "პრო ლიგაში" მოხვედრა ქართულ გუნდს უდიდეს შესაძლებლობებს მისცემს და გზას Pubg Mobile-ის eSports-ის დიდი სცენებისკენ გაუხსნის. ბოლოს კი ყველაფერი Pubg Mobile-ის მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მიდის, რომელშიც Pro League-ის საუკეთესო 6 გუნდი გადის. ამ ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონი დოლარია.
"ალპის" განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება: სანდრო კვანტიძე (კაპიტანი - alpSANDRIK), გიორგი ქერელაშვილი (alpBego74), ლუკა შენგელია (alplookssssss), მალხაზ კუზანაშვილი (alpMOXITO) და მიშიკო ფანცულაია (alpFanckkk48), გუნდის მთავარი მენეჯერი გუკა მარღია გახლავთ, ხოლო ორგანიზაციის დამფუძნებელი - თედო ჭაბუკიანი. "ალპის" წარმატების შესახებ სწორედ თედოს ვესაუბრეთ, რომელმაც პირველი ემოციები გაგვიზიარა:
თედო ჭაბუკიანი (ALPI-ს დამფუძნებელი): "ეს მოვლენა ქართული კიბერსპორტისთვის ფასდაუდებელია. 2 წლის განმავლობაში რეგიონი საქართველოსთვის ჩაკეტილი იყო და ტურნირებზე მონაწილეობის მიღებას ვერ ვახერხებდით, ამის გამო ძალიან ბევრმა კარგმა გუნდმა არსებობა შეწყვიტა. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ეს შევძელით - მოვახერხეთ და დავძლიეთ ევროპის რეგიონის საკვალიფიკაციო ეტაპი. გუნდში ცვლილებები მოხდა, ჩვენთან თანამშრომლობა შეწყვიტეს ნიკუშა შარაშენიძემ და ირაკლი ბასიეშვილმა, შესაბამისად, დავიმატეთ ახალი მოთამაშეები, რაც მიზნის მიღწევას უფრო ართულებდა. მოსამზადებლად მხოლოდ 2 კვირა გვქონდა. ჩვენი მიზანი PUBG Mobile Global Championship-ზე მოხვედრაა, ამისთვის კი ამ რთული ბარიერების გადალახვა მოგვიწევს. მჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ".
კომენტარები