Thumbnail
  • ზაფხულში ფროზინონეში გადასულ გიორგი კვერნაძეს 'ახალი კვარაცხელია' შეარქვეს
  • 20 წლის ქართველ შემტევს მოედანზე გასვლის შანსი ჯერჯერობით იშვიათად ეძლევა

გიორგი კვერნაძე ფროზინონეს სეზონის წინ შეუერთდა და იტალიელებმაც ახალგაზრდა ქართველი მემტევი უმალ მის თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას შეადარეს. რა თქმა უნდა, კვერნაძისგან სერია A-ში ისეთივე ფურორის მოლოდინი, როგორიც წინა სეზონში “კვარამ” მოახდინა, ობიექტურად არავის უნდა ჰქონოდა, მაგრამ ნამდვილად იყო იმის იმედი, რომ გიორგი ფროზინონეში თავის გამოსაჩენად სათამაშო დროს მაინც მიიღებდა. მით უმეტეს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ეუსებიო დი ფრანჩესკო მის მიმართ ყოველთვის დადებით კონტექსტში საუბრობდა. ფაქტი ის არის, რომ 2023/24 წლების სეზონში ფროზინონემ უკვე 8 შეხვედრა (ერთი თასზე, შვიდი ჩემპიონატში) ჩაატარა, 20 წლის ქართველი შემტევი კი მოედანზე სულ სამჯერ, ისიც შეცვლაზე შევიდა.

იტალიური Goal.com ფროზინონეში გიორგი კვერნაძის მდგომარეობას სტატიით გამოეხმაურა:  

"ჯერჯერობით, სეზონის დასაწყისი ისეთი არ არის, როგორსაც გიორგი კვერნაძისგან ველოდით. მაშინ, როცა ეუსებიო დი ფრანჩესკოს ფროზინონე თავისი თამაშით გვაოცებს, ზაფხულის ერთ-ერთ ჰიტად წარმოდგენილი ფეხბურთელი დროს უდიდეს ნაწილს სათადარიგოთა სკამიდან თანაგუნდელების ყურებაში ატარებს. სერია A-ზე მისი გავლენა, ამ დროისთვის მაინც, ნულოვანია. 

შესაძლოა იმის გამო, რომ ფროზინონემ ის ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბიდან, დინამო ბათუმიდან წამოიყვანა ან იმიტომ, რომ ქართველ ფეხბურთელების გარშემო აჟიოტაჟი იზრდება, კვერნაძეს თავიდანვე შეარქვეს "ახალი კვარა". ის ფროზინონეს შეტევის ხაზში მარცხენა პოზიციაზე სასტარტო მოთამაშედ მოიაზრებოდა, მაგრამ კლუბის მიერ განხორციელებულმა ბევრმა ტრანსფერმა, მას სივრცე შეუზღუდა. 

თავიდან, სანამ ტრავმას მიიღებდა, ამ როლში აბდუ ჰარუი მოგვევლინა. მომდევნო მატჩებში ერთმანეთს ჰაიმე ბაესი და ჯუზეპე კაზო ცვლიდნენ, კვერნაძე კი პრაქტიკულად ყოველთვის სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა. ქართველის დაყენება შეიძლებოდა მარჯვენა ფრთაზეც, მაგრამ მატიას სულეს მოყვანის შემდეგ, მისთვის ეს ზონაც დაიხურა.

პირველ ტურში, ნაპოლისთან მატჩში გატარებულმა 23 წუთმა იმედი გააჩინა, მაგრამ დებიუტის შემდეგ კვერნაძემ მხოლოდ ერთხელ, სალერნიტანასთან შეხვედრაში, სულეს ნაცვლად ითამაშა - მხოლოდ 13 წუთით. ბოლო 6 მატჩიდან 5-ის სათადარიგოთა სკამზე გატარებამ გაანელა მოლოდინი მის მიმართ სერია A-სა და Fantacalcio-ში, სადაც აგვისტოს აუქციონებზე თავდამსხმელთა შორის ლამის ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ჰქონდა.
 
ჯერ მთელი სეზონი წინაა და რა თქმა უნდა, არის დრო ტენდენციის გადასატეხად, ჯერჯერობით კი მხოლოდ ერთი კვარა არსებობს", - წერს საიტი.

სერია B-დან გადმოსულმა ფროზინონემ, სერია A-ს 7 შეხვედრაში 9 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მომდევნო მატჩს ჩემპიონატში 8 ოქტომბერს, შინ ვერონასთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები