Thumbnail
  • უკვე ფაქტია, რომ ოლიმპიადაზე ამერიკას ტოპ-გუნდი ეყოლება
  • კევინ დურანტმა და სტეფ კარიმ პარიზში თამაშის სურვილი დაადასტურეს

დრო, როცა აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები დიდ ტურნირებს უმარტივესად იგებდა, წარსულს ჩაბარდა. უახლესი მაგალითი: ამერიკის ნაკრებმა მსფოფლიოს ჩემპიონატზე ახლახან მხოლოდ მე-4 ადგილი დაიკავა. გუნდში NBA-ს დიდი სუპერვარსკვლავები არ იყვნენ, ამერიკის ნაკრებს ხარისხი აკლდა და ეს შედეგი არ იყო ისეთი მოულოდნელობა, როგორიც ადრე იქნებოდა. მუნდიალზე ფიასკოს შემდეგ NBA-ს ტოპ-მოთამაშეები რეაბილიტაციის სურვილზე ალაპარაკდნენ და ამერიკული კალათბურთისთვის ღირსეული შედეგის დადებას ოლიმპიურ თამაშებზე აპირებენ. 

მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებისთანავე რამდენიმე ტოპ-ვარსკვლავმა გააკეთა კომენტარი იმის შესახებ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ამერიკელებს საუკეთესო გუნდი უნდა ჰყოლოდათ, ახლა კი საქმე უკვე უფრო კონკრეტულადაა. NBA-ს მედია-დღეების ფარგლებში გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავმა სტეფ კარიმაც დაადასტურა ინტერესი: “მინდა, აუცილებლად ვიყო ნაკრებში ოლიმპიადაზე. ეს არის ის, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია.” - განაცხადა კარიმ, რომელიც უკვე 35 წლისაა და პარიზის თამაშები მისთვის თითქმის ბოლო შანსია, მოიგოს ოლიმპიური ოქრო.

ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის სურვილი დაადასტურა კარის ექს-თანაგუნდელმა და NBA-ს კიდევ ერთმა სუპერვარსკვლავმა კევინ დურანტმაც. ფინიქსის 34 წლის ლიდერმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ სურს ოლიმპიური ოქროს მოპოვება.

კიდევ ვინ შეიძლება ითამაშოს პარიზში? ოლიმპიადაზე ასპარეზობა მიზნად დაისახეს ასევე დემარ დეროზანმა (34 წლის, ჩიკაგო), დევინ ბუკერმა (26, ფინიქსი), ჯეილენ ბრაუნმა (26, ბოსტონი), დონოვან მიტჩელმა (27, კლივლენდი), კრის მიდლტონმა (32, მილუოკი) და ჯულიუს რენდლმა (28, ნიუ იორკი).

ინტერესი დადასტურებული აქვს თვით ლებრონ ჯეიმსსაც, რომელიც ზაფხულში 39 წლის იქნება. ამერიკის ნაკრების მთავარ მწვრთნელ სტივ კერს ტოპ-ცენტრიც დასჭირდება და ჯოელ ემბიიდზე იფიქრებს. ფილადელფია სიქსერსის 29 წლის ლიდერს, რომელიც კამერუნშია დაბადებული, ამერიკული პასპორტიც აქვს და ფრანგულიც. იყო საუბრები, რომ საფრანგეთის ნაკრებში ეთამაშა და არც ისაა გამორიცხული, რომ კამერუნს დათანხმდეს. ორშაბათს ემბიიდმა თქვა, რომ ოლიმპიადაზე მონაწილეობა მისი მიზანია. მან იქვე დაამატა, რომ სამივე ვარიანტი მოსწონს და თუ კამერუნის ნაკრები პარიზის საგზურს მოიპოვებს, გადაწყვეტილების მიღება გაუადვილდება.

კომენტარები

ბოლო ამბები