- 50 წლის ქართველი სპეციალისტი ჰალ სიტისთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია
- შოთა არველაძის მიწვევა თურქეთის სუპერლიგის აუტსაიდერ სამსუნსპორტს სურს
შოთა არველაძე სამუშაოდ შესაძლოა თურქეთში დაბრუნდეს. 50 წლის სპეციალისტი, რომელიც ინგლისურ ჰალ სიტისთან განშორების შემდეგ დაუსაქმებელია, მთავარ მწვრთნელად სამსუნსპორში დანიშვნასთან ახლოსაა.
სამსუნსპორის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან ჰუსეინ ეროღლუ გაათავისუფლა. თურქული კლუბი თავდაპირველად რამდენიმე ადგილობრივ სპეციალისტს დაუკავშირდა, მაგრამ მათგან უარი მიიღო, უცხოელებიდან კი არჩევანი შოთაზე შეჩერდა, რომელსაც თურქეთში უთამაშია და უმუშავია კიდეც.

"მას შემდეგ, რაც "წითელ-თეთრებმა" უარყოფითი პასუხი მიიღეს ქოჯამანის, იალჩინისა და ჩალიმბაისგან, პრეზიდენტმა იუქსელ ილდირიმმა უცხოელი სპეციალისტის მიწვევის ვარიანტის განხილვა დაიწყო და არჩევანი ქართველ მწვრთნელ შოთა არველაძეზე შეაჩერა, რომელთანაც შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს.
სამსუნსპორის ხელმძღვანელების მიზანი ისეთი მწვრთნელის მოყვანაა, რომელიც კლუბს წარმატებებს მოუტანს. ახალი მწვრთნელის სახელი რიზესპორთან თამაშის წინ გამოცხადდება, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება", - წერს თურქული მედია.
თუკი შეთანხმება მოხდა, არველაძეს საკმაოდ რთულ მისიასთან მოუწევს შეჭიდება. სამსუნსპორმა თურქეთის სუპერლიგის საწყის 6 ტურში მხოლოდ ქულის მოპოვება შეძლო და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ, მე-20 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას გუნდი 8 ოქტომბერს, სტუმრად რიზესპორთან ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ (61 მატჩი, 26 გოლი) კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა აზ ალკმაარში ლუი ვან გაალის ასისტენტად დაიწყო, რის შემდეგაც თურქულ კლუბებს: კაისერისპორს, კასიმპაშასა და ტრაბზონსპორს წვრთნიდა. შოთამ იმუშავა თელ ავივის მაკაბისა და ტაშკენტის პახთაქორშიც, მისი ბოლო გუნდი კი ინგლისის ჩემპიონშიპის ჰალ სიტი იყო, რომელიც 2022 წლის დასაწყისში ჩაიბარა და იმავე წლის სექტემბერში, არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო დაემშვიდობა.
კომენტარები