Thumbnail

ხვიჩა კვარაცხელიას პირველივე სეზონი ევროპის TOP 5 ლიგებში ზღაპრული ჰქონდა - მან ნაპოლისთან ერთად სკუდეტო მოიგო, გახდა სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი, მისი გოლი დასახელდა სეზონის საუკეთესო გოლად და ქართველი შემტევი გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი. კვარამ ამ ყველაფერს მაინც მიაღწია, მიუხედავად სეზონის მეორე ნახევრის ჩავარდნისა. 

ბოლო ტურში კვარაცხელიამ საგოლე პასი გააკეთა

ანალიტიკური საიტი WhoScored მუდმივად აწარმოებს ტოპლიგების ფეხბურთელთა რეიტინგებს და ხვიჩა სეზონის უმეტეს დროს სერია A-ს ფეხბურთელთა შორის ლიდერი იყო, ერთი პერიოდი ის TOP 5 ლიგებში მე-5 პოზიციაზეც იყო (მესის, მბაპეს, ნეიმარისა და ჰაალანდის შემდეგ). თუმცა სეზონის ფინიშმა და მშრალმა სერიამ აქაც იმოქმედა, ქართველი ლეგიონერი 7.43 საშუალო ქულით იტალიის ჩემპიონატში მე-2 ადგილზე გავიდა (თანაგუნდელ ვიკტორ ოსიმენს უკანასკნელ ტურში ორი მეასედი ქულით ჩამორჩა), ხოლო TOP 5 ლიგებში ფეხბურთელთა რეიტინგი მე-14 პოზიციაზე დაასრულა. 

ახალი სეზონი, თითქოს, ძველის გაგრძელება იყო, უსიამოვნო მშრალი სერია ხვიჩას კარგ თამაშს თავისებურ ჩრდილს აყენებდა, თუმცა უდინეზესთან ფანტასტიკურმა მატჩმა (ხვიჩამ გოლი, საგოლე პასი და მოპოვებული პენალტი მიითვალა და WhoScored-ისგან თითქმის აბსოლუტური (10) შეფასება მიიღო - 9.79. და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - ქართველი ლეგიონერი კვლავ სერია A-ს ტოპებშია, მნიშვნელოვნად წაიწია მან TOP 5 ლგების რეიტინგშიც. 

წაიკითხე  | ქართული ტრიოს სეზონი - კვარაცხელიას პოზიცია საბოლოო რეიტინგებში

6 მატჩის შემდეგ ხვიჩას იტალიის ჩემპიონატში 1 გოლი, 3 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს, მისი საშუალო შეფასება 7.56-ია (ეს უფრო მეტია, ვიდრე გასული სეზონის საშუალო შეფასება ქართველისთვის) და ის მე-5 პოზიციაზეა.

სერია A-ს საუკეთესოებს ინტერის მსოფლიოს ჩემპიონი ფორვარდი ლაუტარო მარტინესი ლიდერობს (8.10), შემდეგ მოდის იტალიის ნაკრების ნახევარმცველი დომენიკო ბერარდი (სასუოლო. 7.89). მესამე პოზიციაზე ახალგაზრდა არგენტინელი მატიას სულეა (ფროზინონე. 7.69), მეოთხეზე - კიდევ ერთი არგენტინელი, ფიორენტინას მცველი ლუკას მარტინესი (7.58). კვარა 3 მეასედი ქულით უსწრებს ინტერის ფედერიკო დიმარკოს, მე-7-ზე კი მილანის მარცხენა შემტევი რაფაელ ლეაოა (7.49). 

ათეულში ოთხი არგენტინელია, ორი იტალიელი, თითო ქართველი, პორტუგალიელი, ნიდერლანდელი და ფრანგი. ხვიჩაზე მეტი საგოლე პასი ჩემპიონატში მხოლოდ მარკუს ტურამს (ინტერი) აქვს - 4. ქართველი საშუალოდ ყველაზე მეტჯერ ურტყამს კარისკენ - 4.2 (0.1-ის უსწრებს თანაგუნდელ ვიკტორ ოსიმენს). 

სერია A-ს TOP 10. WhoScored

1. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 8.10
2. დომენიკო ბერარდი (სასუოლო) – 7.89
3. მატიას სულე (ფროზინონე) – 7.69
4. ლუკას მარტინესი (ფიორენტინა) – 7.58
5. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) – 7.56

6. ფედერიკო დიმარკო (ინტერი) – 7.53
7. რაფაელ ლეაო (მილანი) – 7.49
8. ნიკოლას გონსალესი (ფიორენტინა) – 7.46
9. დენზელ დუმფრისი (ინტერი) – 7.45
10. ადრიენ რაბიო (იუვენტუსი) – 7.44  

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის სიმბოლური ნაკრები

რაც შეეხება TOP 5 ლიგებს, ხვიჩა კვარაცხელიას საშუალო შეფასება ჯერჯერობით, 30-ე ადგილისთვის არის საკმარისი. სერია A-ს ლიდერი ლაუტარო, აქ მეხუთეა.

TOP 5 ლიგები. WhoScored

1. სერჰუ გირასი (შტუტგარტი) – 8.67
2. ლეროი სანე (ბაიერნი) – 8.35
3. ვიკტორ ბონიფასე (ლევერკუზენი) – 8.18
4. ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 8.17
5. ლაუტარო მარტინესი (ინტერი) – 8.10

კომენტარები

ბოლო ამბები