Thumbnail

უელსის ნაკრების ყოფილი მორაგბე, ამჟამად კი მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯონათან ჰემფრისი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბორჯღალოსნებთან თამაშისთვის შემუშავებული სცენარიდან გადახვევა, მისი გუნდისთვის, შესაძლოა, დამღუპველი გამოდგეს.

ჯონათან ჰემფრისი (უელსის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი): "საქართველოსთან მატჩში იმ პროგრესის გაგრძელება უნდა შევძლოთ, რომელიც მსოფლიო თასის გასულ თამაშებში გვქონდა. გუნდის შიგნით მუდმივად ამაზე ვლაპარაკობთ. ქართველ მორაგბეებს ტურნირზე ბოლო მატჩი ელით, მოგების გარეშე არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლომდე დაიხარჯებიან. გვგონია, რომ აქცენტს ტრადიციულად წინა ხაზზე გააკეთებენ. სხვა ილუზიები არც გვაქვს. საქართველოს ძალიან სახიფათო ნაკრები ჰყავს, ამდენად, ჩვენს სცენარს ბოლომდე უნდა მივყვეთ. მისგან გადახვევა, შესაძლოა, დამღუპველი გამოდგეს. ალბათ, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ ქართველებთან კარდიფში წაგებული მატჩიდან 11 თვის თავზე უელსს მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში ვადაზე ადრე ექნებოდა განაღდებული. ვფიქრობ, ამაში ხელი ჩვენმა სწორად დაგეგმილმა მოსამზადებელმა პერიოდმა შეგვიწყო. უელსის ნაკრები შეკრებაზე სხვებზე დიდხანს იმყოფებოდა. ერთად 5 თვე გავატარეთ და ბოლოს უკვე კლუბს უფრო ვგავდით, ვიდრე – ნაკრებს".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშეს, ფიჯისთან კი 12:17 დამარცხდნენ. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს სწორედ უელსელები ლიდერობენ 14 ქულით, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები