Thumbnail

უელსური რაგბის ლეგენდა ჯონათან დევისი მომავალ შაბათს საქართველოსთან მატჩს გამოეხმაურა. "დრაკონების" ყოფილ მგეზავს, რომელიც უკვე 60 წლის გახლავთ, ბორჯღალოსნებთან კარდიფში წაგებული თამაში კარგად ახსოვს, ამდენად, თვლის, რომ ახლა რევანშისთვის იდეალური ვითარებაა შექმნილი.

"უელსის ნაკრები პლეი ოფში უკვე გასულია, თუმცა, პირველი ადგილი განაღდებული არ აქვს, ამდენად, ეს საუბრები, მეოთხედფინალში არგენტინა გვირჩევნია თუ იაპონია უსარგებლოდ მიმაჩნია. მოდით, ჯერ ჯგუფი მოვიგოთ და მომდევნო მოწინააღმდეგეები შემდეგ განვიხილოთ. 

პირადად მე საქართველოსთან მატჩს მოუთმენლად ველი. ნებისმიერი ნაკრები, რომელიც მსოფლიო თასზე ხვდება, სათანადო დაფასებას იმსახურებს და თუკი გამარჯვებას წინასწარ იზეიმებ, შესაძლოა, დაისაჯო. მითუმეტეს, როდესაც ქართველ მორაგბეებზე ვსაუბრობთ, დამატებითი ყურადღებაა საჭირო.

მათ კარგი თამაში აჩვენეს ფიჯისთან და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ უელსის წინააღმდეგ სათამაშოდ შეშინებულები გამოვლენ. ბოლო-ბოლო უკანასკნელ მატჩში, რომელიც კარდიფში გაიმართა, გამარჯვება ხომ მათ დარჩათ. არა მგონია, ფიქრობდნენ, "ოჰ, ის ხომ უელსის ცუდი ნაკრები იყო და ამიტომ მოვიგეთ". დაგვამარცხეს და მორჩა. მიხარია, რომ ამჟამად გაცილებით მაგარი ნაკრები გვყავს და შეგვიძლია ყველას და მათ შორის, ქართველებს ვაჩვენოთ, რა შეგვიძლია.

უელსელებს საქართველოსთან კარდიფში წაგებული მატჩი დღემდე მწარედ ახსოვთ

ახლა, მსოფლიო თასის გადამწყვეტი პერიოდი მოდის. საუკეთესო შემთხვევაში, ოთხ კვირაში 4 მატჩი გვრჩება. ყველა მათგანს თუ მოვიგებთ, ჩემპიონები ვართ. საქართველოსთან თამაში პლეი ოფისთვის მოსამზადებლად სწორედ რომ შესაფერისია. აქ აღებული ტემპი მეოთხედფინალში ძალიან დაგვეხმარება.

ვფიქრობ, კარგ იქნება, თუკი საქართველოსთან მატჩში ძირითად დროს მეტოქის ნახევარზე გავატარებთ. შეტევაში მაქსიმალურად ხშირად უნდა ვიყოთ და ბურთს გავუფრთხილდეთ. წინა მატჩებში ამასთან დაკავშირებით პრობლემები იყო. ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით საპლიოფო მატჩებში არ გამოგვადგება.

საქართველოსთან თამაში ერთი მომენტის ჭრილშიც განსაკუთრებით საინტერესოა. ეს მატჩი კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რა პროგრესს მიაღწია უელსის ეროვნულმა გუნდმა არცთუ დიდ დროში. უდავოა, ქართველებთან კარდიფში წაგებული შეხვედრა უელსისთვის უმდაბლესი წერტილი იყო. ის მატჩი ჩვენთვის კატასტროფული გახლდათ და ამაზე ყველა თანხმდება. მას მერე ნაკრებში უორენ გეტლანდი დაბრუნდა, გუნდმა თავდაჯერება დაიბრუნა და ეს შედეგებზეც აისახა".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშეს, ფიჯისთან კი 12:17 დამარცხდნენ. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს სწორედ უელსელები ლიდერობენ 14 ქულით, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები