Thumbnail

7 ოქტომბერს, ნანტში საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს, მეტოქე ჯგუფის ლიდერი უელსია. თუკი საქართველოს ნაკრებმა ამ მატჩისთვის შემადგენლობა დღეს დაასახელა, უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა ეს ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს გააკეთა. ახლახან, ნანტში უელსელთა პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც უორენ გეტლანდმა ქართველები ვიკინგებთან მეომარ უელსელებს შეადარა.

...ვიკინგებთან მებრძოლ უელსელებთან შედარება: "როდესაც ვიკინგები ინგლისს მოადგნენ, მათ არ სურდათ უელსის ტერიტორიის გადაკვეთა. ვიკინგებმა კარგად იცოდნენ, რამდენად შეშლილები არიან უელსელები და როგორ შეუძლიათ მათ საკუთარი ტერიტორიისთვის ბრძოლა. ქართველებიც ასეთები არიან. მათ ისტორიას თუ გაეცნობით, ნახავთ, რომ ბევრი მსგავსი ბრძოლა გადაუტანიათ. ჩვენ კარგად ვიცით, რა ამაყ ხალხთან გვაქვს საქმე".

...ნოემბრის მარცხზე საქართველოს ნაკრებთან: "უკან არ ვიყურებით. ამაზე არც გვილაპარაკია, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. მსოფლიოს თასზე შესაძლოა, მნიშვნელობაც კი არ ჰქონდეს ვის ეთამაშები, პირველი 20 წუთი მაინც თანაბარი იქნება. იმდენად მონდომებულია ყველა. უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. ბევს ვშრომობდით, რომ ისეთი გუნდი გავმხდარიყავით, რომლის დამარცხებაც ძნელია. ახლა სწორედ ასეთი გუნდი ვართ, შედეგები ამაზე მეტყველებს". 

...საქართველოს პროგრესზე: "დღეს ჩვენი ორი ერის ისტორიაზე უკვე ვილაპარაკეთ. საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანაა. ახლა ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ. დიდებულია ქართული რაგბის პროგრესზე დაკვირვება - მათი საკლუბო რაგბიც წინ მიდის და მათი 20-წლამდელთა გუნდიც ძალიან ძლიერია. ყველას უნდა უხაროდეს, ასეთი ქვეყნის სარაგბო პროგრესი". 

...უძლიერეს შემადგენლობაზე: "ჩვენი სურვილია, გავაგრძელოთ პროგრესი მატჩიდან მატჩამდე. 8-9 ცვლილება რომ გავაკეთოთ, შესაძლოა, სასურველი თამაში ვერ ვაჩვენოთ. მეტოქის დაუფასებლობაც არ შეიძლება. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი იყო ფიჯის წინააღმდეგ, პირველ ტაიმში მათ 9 ქულაზე მეტით მოგებაც თავისუფლად შეეძლოთ. მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ველით". 

კომენტარები

ბოლო ამბები