Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის დასკვნით მატჩს უელსის წინააღმდეგ ჩაატარებს და მარცხის შემთხვევაში, საკმაოდ უსიამოვნო ფაქტის წინაშე დავდგებით. სადებიუტო მსოფლიო თასის (2003) შემდეგ პირველად, ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატს მოგების გარეშე დაასრულებენ.

ამის ალბათობა საკმაოდ დიდია, რადგანაც ქართველ მორაგბეებს მეტოქედ C ჯგუფის ლიდერი ნაკრები ელით, რომელსაც მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვს და ის გუნდი ნამდვილად აღარაა, რომელსაც ბორჯღალოსნებმა გასული წლის ნოემბერში კარდიფში 13:12 სძლიეს.

ეს, უელსთან შეხვედრების ისტორიაში საქართველოს ნაკრების ერთადერთი წარმატებაა და საინტერესოა, რომ ერთბაშად 15 მოთამაშე, რომელმაც აღნიშნულ ტესტში მიიღო მონაწილეობა, შაბათსაც მოედანზე იქნება. ესენი არიან:

მერაბ შარიქაძე, ლაშა ხმალაძე, დავით ნინიაშვილი, ლუკა მატკავა, ვასილ ლობჟანიძე, გურამ გოგიჩაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, კოტე მიქაუტაძე, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია, დემე თაფლაძე, თედო აბჟანდაძე, ნიკა აბულაძე და ლადო ჩაჩანიძე.

საქართველოს ნაკრებს კაპიტანი მერაბ შარიქაძე უბრუნდება

ჩვენთვის ისტორიულ თამაშამდე, მეტოქეს საქართველოსთან 3 მატჩი ჰქონდა მოგებული: 2017 წელს, კარდიფში – 13:6, 2019 წლის მსოფლიო თასზე – 43:14 და 2020 წელს ჰლანეჰლიში – 18:0. ბორჯღალოსნებმა ამ ოთხ შეხვედრაში ჯამში გაიტანეს 3 ლელო და 33 ქულა, თავად კი 11 ლელო და 86 ქულა მიიღეს.

მიმდინარე მსოფლიო თასზე უელსელებმა ფიჯის (32:26), პორტუგალიასა (28:8) და ავსტრალიას (40:6) სძლიეს, საქართველომ კი ავსტრალიასთანა (15:35) და ფიჯისთან (12:17) წააგო, ხოლო პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა. შედეგად, "დრაკონები" 14 ქულით ლიდერობენ და მოახლოებულ მატჩში ქულის აღებაც ეყოფათ, რათა პირველობა შეინარჩუნონ, ხოლო "ბორჯღალოსნები" 3 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და წინსვლის შანსი დაკარგული  აქვთ.

ფიჯისთან ბორდოში გამართული ბრძოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობში ხუთი ცვლილებაა და ახალი სახეები თადარიგშიც არიან, რაც ძირითადად ტრავმიანობით არის გამოწვეული. თავიდანდე უნდა ვთქვათ, რომ გუნდს უბრუნდებიან კაპიტანი მერაბ შარიქაძე, რომელიც 99-ე კეპს მოიხვეჭს და კვაჭი შალვა მამუკაშვილი (102 კეპი). უელსთან მატჩში ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობის კეპების ჯამი 806-ს (399 ხაზი, 407 შერკინება) შეადგენს.

ცენტრში შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება. ღერძზე კვლავ ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა მატკავას დუეტს ვიხილავთ, დავით ნინიაშვილმა და აკა ტაბუცაძემ ფრთებზე ადგილი შეინარჩუნეს, ფულბეკი კი გამოცდილი ლაშა ხმალაძე იქნება, რომელიც თავის მეოთხე მსოფლიო თასს თამაშობს, თუმცა საფრანგეთში საქმეში პირველად ვიხილავთ. ხმალაძე 97-ე კეპს მოიხვეჭს.

ბორჯღალოსნების კაპიტნის ვარჯიში უელსთან მატჩის წინ

როგორც აღვნიშნეთ, შერკინების პირველ ხაზში ბრუნდება კვაჭი შალვა მამუკაშვილი. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მიმდინარე მსოფლიო თასზე სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა გურამ გოგიჩაშვილი, რომელმაც ავსტრალიასთან და პორტუგალიასთან შეცვლაზე ითამაშა. მარჯვენა ბურჯი კვლავ ბექა გიგაშვილი იქნება.

შერკინების მეორე ხაზში ბრუნდება და კოტე მიქაუტაძეს შეუწყვილდება ნოდარ ჭეიშვილი. მესამე ხაზში კვლავ მიხეილ გაჩეჩილაძეს, ბექა საღინაძეს და თორნიკე ჯალაღონიას ვიხილავთ.

თადარიგშია ფრანგული ბრივის კვაჭი ვანო კარკაძე, რომელიც გუნდს ტრავმების ფონზე ახლახანს შეუერთდა და მიმდინარე მსოფლიო თასზე პირველ თამაშს ჩაატარებს. 2019 წლის მსოფლიო თასზე მან ასევე ერთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ბურჯის პოზიციაზე მარქაფიდან შევლენ ნიკა აბულაძე და ირაკლი აფციაური, რომელსაც სანაკრებო დებიუტი ფიჯისთან ჰქონდა. მეორე ხაზში - ლადო ჩაჩანიძე, ხოლო მესამეში გიორგი ცუცქირიძე ბრუნდება. ღერძზე და ხაზში შეცვლაზე არიან გელა აფრასიძე, თედო აბჟანდაძე და დემე თაფლაძე.

ლევან მაისაშვილის გუნდს მსოფლიო თასზე დასკვნითი მატჩი ელის

ლევან მაისაშვილი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "უელსის ნაკრები მსოფლიო თასს ახალი მწვრთნელით შეხვდა და მზადებაც, ალბათ, ყველაზე ადრე დაიწყო, ტურნირამდე 4-5 თვით ადრე. თავიანთი სათამაშო გეგმა ძალიან კარგად ესმით და გაცილებით თავდაჯერებული და ძლიერი გუნდია. მათი ჯგუფში პირველ ადგილზე ყოფნა, რომ შემთხვევითი არაა, ეს, ყველასთვის ნათელია. რაც შეგვეხება ჩვენ, მართალია, ტრავმების გამო ბევრი მორაგბე დაგვაკლდა, თუმცა, ერთგულები ვართ იმ სისტემის, რომლითაც ვთამაშობთ. პრობლემების მიუხედავად, ის მოთამაშები, რომლებიც შაბათს მინდორზე გავლენ, მაქსიმალურად დაიხარჯებიან. უკვე ვნახეთ, რომ ეს შეგვიძლია. დანარჩენს ბევრს ვერაფერს ვიტყვით, რაც იქნება, უშუალოდ თამაშისას გამოჩნდება".

მომავალ მატჩს სრული კონცენტრაციით უდგება უელსის ნაკრებიც, ამდენად, მათმა ახალზელანდიელმა თავკაცმა უორენ გეტლანდმა უძლიერეთან მიახლოებული შემადგენლობა დააყენა.

"დრაკონების" შემადგენლობაში, ავსტრალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ 6 ცვლილებაა. ჯეკ მორგანის არყოფნაში, კაპიტანი კვაჭი დევი ლეიკი იქნება, მგეზავად კი გარეთ ენსკომბი მოგვევლინება, რომელიც ტრავმირებულ დენ ბიგარს შეცვლის.

უელსელთა რიგებში 6 ისეთი მორაგბეა, რომელთაც შარშან კარდიფში საქართველოსთან წაგებულ შეხვედრაში ითამაშეს: გარეთ თომასი, ჯორჯ ნორსი, ტომოს ვილიამსი, ტაულუპე ფალეტაუ, დაფიდ ჯენკინსი და ლუის რის-ზამიტი.

უელსის ნაკრებს მსოფლიო თასის მეოთხედფინალში თამაში განაღდებული აქვს

ცნობისთვის, ნორსი მსოფლიო თასზე მე-19-ედ ითამაშებს და ის ამ მაჩვენებლით მხოლოდ გეტინ ჯენკინსს (21) ჩამორჩება. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მელელოვე იყო 2019 წლის მსოფლიო თასზე საქართველოსთან მატჩში, რომელიც მისმა გუნდმა 43:14 მოიგო.

მსოფლიო რაგბის მიმდინარე რეიტინგში საქართველოს ნაკრები 72.68 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფება, ხოლო უელსი 83.17 ქულით მეშვიდეა. ნანტში დაგეგმილ მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, ბორჯღალოსნები იტალიას, იაპონიასა და სამოას გაუსწრებენ და მე-11 საფეხურზე დამკვიდრდებიან.

უორენ გეტლანდი (უელსის ნაკრების მწვრთნელი): "მოახლოებული თამაშის წინ, კარდიფში წაგებული მატჩის შესახებ არც გვილაპარაკია, რადგან მხოლოდ მომავალზე ვფიქრობთ. მსოფლიოს თასზე შესაძლოა, მნიშვნელობაც კი არ ჰქონდეს ვის ეთამაშები, პირველი 20 წუთი მაინც თანაბარი იქნება. იმდენად მონდომებულია ყველა. უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ. ბევს ვშრომობდით, რომ ისეთი გუნდი გავმხდარიყავით, რომლის დამარცხებაც ძნელია. ახლა სწორედ ასეთი გუნდი ვართ, შედეგები ამაზე მეტყველებს. საქართველო პატარა, მაგრამ ამაყი ქვეყანაა. დიდებულია ქართული რაგბის პროგრესზე დაკვირვება – მათი საკლუბო რაგბიც წინ მიდის და მათი 20-წლამდელთა გუნდიც ძალიან ძლიერია. ყველას უნდა უხაროდეს, ასეთი ქვეყნის სარაგბო პროგრესი. ამ ფონზე მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. საქართველოს ნაკრები ძალიან კარგი იყო ფიჯის წინააღმდეგ, პირველ ტაიმში მათ 9 ქულაზე მეტით მოგებაც თავისუფლად შეეძლოთ. მეტოქისგან დიდ წინააღმდეგობას ველით".

უორენ გეტლანდმა საქართველოს ნაკრებზე დიდი პატივისცემით ისაუბრა

უელსი – საქართველო

უელსი: 15. ლიამ ვილიამსი, 14. ლუის რის-ზამიტი, 13. ჯორჯ ნორსი, 12. ნიკ ტომპკინსი, 11. რიო დაიერი, 10. გარეთ ენსკომბი, 9. ტომოს ვილიამსი; 1. გარეთ თომასი, 2. დევი ლეიკი (კაპ.), 3. ტომას ფრენსისი, 4. ვილ როულენდსი, 5. დეფიდ ჯენკინსი, 6. აარონ ვეინრაითი, 7. ტომი რეფელი, 7. ტაულუპე ფალეტაუ.
სათადარიგოები: 16. ელიოტ დი, 17. ნიკი სმითი, 18. ჰენრი თომასი, 19. კრისტ ციუნზა, 20. ტაინე ბეშემი; 21. გარეთ დევისი, 22. სემ კოსტელოუ, 23. მეისონ გრეიდი.

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. დავით ნინიაშვილი, 10. ლუკა მატკავა, 9. ვასილ ლობჟანიძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. მიხეილ გაჩეჩილაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.
სათადარიგოები: 16. ვანო კარკაძე, 17. ნიკა აბულაძე, 18. ირაკლი აფციაური, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი ცუცქირიძე; 21. გელა აფრასიძე, 22. თედო აბჟანდაძე, 23. დემე თაფლაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები