Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე დასკვნით მატჩს უელსთან ჩაატარებს და ამ თამაშისთვის გუნდს კაპიტანი მერაბ შარიქაძეც უბრუნდება, რომელმაც ტრავმის მოშუშება მოახერხა. მისი თქმით, მეტოქე ძალიან ძლიერია, თუმცა, ბორჯღალოსნების მიზანი მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება იქნება.

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ხვალინდელი თამაში მოვიგოთ. საუბარი მაქვს არა მხოლოდ ამ კვირაზე, არამედ მთელს ამ პერიოდზე. გასულ თამაშებში რაღაც მომენტებში ჩვენ დავაკელით, ზოგჯერ არ გაგვიმართლა, თუმცა, თითოეულ ჩვენთაგანს თავი ერთი წამითაც კი არ დაგვიზოგავს და ყველა შეხვედრაზე მოსაგებად ვიყავით გასულები.

ეს, ყველაზე კარგად ფიჯისთან მატჩში გამოჩნდა. ფაქტად დავინახეთ, რომ გამარჯვება შეგვეძლო. პროფესიონალური თვალი ამას სხვა მატჩებშიც შეამჩნევდა, თუმცა, ფიჯისთან ეს ყველასთვის თვალსაჩინო გახდა. უელსთან მატჩში გვინდა, რომ მოვიპოვოთ გამარჯვება, რომლისთვისაც ამდენს ვიბრძვით.

მერაბ შარიქაძეს გამარჯვების იმედი აქვს

პირადად მე მზადყოფნაში ვარ. მქონდა ნეკნის ხრტილის დაზიანება, რაღაც ნაწილი გატეხილიც იყო, თუმცა, როგორც სჩანს, შემიხორცდა და მთელი ძალით სათამაშოდ მზად ვარ.

იმ მატჩთან შედარებით, რომელიც კარდიფში მოვიგეთ, უელსის ნაკრები სრულიად სხვა გუნდია. ბევრად უფრო სტრუქტურულ და დალაგებულ რაგბის თამაშობენ და ფაქტობრივად, შეცდომას არ უშვებენ. სწორედ ამის წყალობით შეძლეს ჯგუფში სამივე მატჩის მოგება, ავსტრალიას კი საერთოდაც დიდი ანგარიშით სძლიეს.

ძალიან ძლიერი ნაკრებია და შედარებაც კი არ არის იმ გუნდთან, რომელსაც გასული წლის ნოემბერში ვეთამაშეთ. ცხადია, უელსი არც მაშინ იყო სუსტი, მაგრამ ახლა აბსოლუტურად სხვა სტილი აქვს არჩეული და ეს გასაკვირი არაა, რადგანაც მწვრთნელიც შეცვალეს. მიუხედავად ამისა, მჯერა, რომ გამარჯვება შეგვიძლია".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მიმდინარე მსოფლიო თასზე ავსტრალიასთან 15:35 წააგეს, პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშეს, ფიჯისთან კი 12:17 დამარცხდნენ. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა მატჩი 7 ოქტომბერს ნანტშია დაგეგმილი. ამ დროისთვის, C ჯგუფს სწორედ უელსელები ლიდერობენ 14 ქულით, შემდეგ კი, ავსტრალია (11), ფიჯი (10), საქართველო (3) და პორტუგალია (2) მოდიან. შესაბამისად, ბორჯღალოსნებს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც აღარ გააჩნიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები