Thumbnail

Relevo: უეფა საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებების დასჯას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პორტუგალიამ და ფინეთმა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს უეფაში უჩივლეს
  • მიზეზი ამ ნაკრებებში მეტისმეტად ბევრი ბრაზილიელი მოთამაშის ყოფნა გახდა
  • ფუტსალში ნატურალიზებული მოთამაშეების მასობრივად გამოყენება შეიზღუდება  

საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით პორტალი Relevo სკანდალურ ინფორმაციას ავრცელდება, რომლის თანახმად, უეფა საქართველოს და სომხეთის დასჯას აპირებს. 

მიზეზად საქართველოს და სომხეთის ნაკრებებში, შესაბამისად, პორტუგალიასა და ფინეთთან მატჩებში, სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მოთამაშეების გამოყენებაა - საქართველოს შემთხვევაში რვა ბრაზილიელის, ხოლო სომხეთის შემთხვევაში - შვიდი ბრაზილიელისა და ორი რუსის. საუბარია ნატურალიზაციის წესის დარღვევაზე, რამდენადაც, აღნიშნულ ფეხბურთელებს არასდროს უთამაშიათ ადგილობრივ ლიგებსა თუ კლუბებში.

20 სექტემბერს, საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფის მეორე შეხვედრა სტუმრად პორტუგალიასთან ანგარიშით 2:4 დათმო, სომხეთმა კი შინ ფინეთთან 2:3 დამარცხდა. 

ამ დროისთვის ავთანდილ ასათიანს ნაკრებში 8 ნატურალიზებული მოთამაშე ჰყავს

Relevo ირწმუნება, რომ უეფას კონტროლის, ეთიკისა და დისციპლინის კომიტეტი, პორტუგალიისა და ფინეთის საჩივრის საფუძველზე, ევროპულ ფუტსალში ისტორიული გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის ემზადება, რომელიც ნატურალიზაციის წესის გამკაცრებას გულისხმობს. ამავდროულად, ზემოთ მოყვანილ ორივე თამაშში საქართველოს და სომხეთს 0:5 წაგება ჩაეთვლებათ.

პორტუგალიური Abola.pt აღნიშნავს, რომ მართალია, საქართველომ და სომხეთმა პორტუგალიასა და ფინეთთან მატჩები ისედაც წააგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღების გამახვილება სხვა მიმართულებით კეთდება - ნატურალიზებული მოთამაშეების მასობრივად გამოყენების შეზღუდვაზე.

"მსოფლიოს ჩემპიონატამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება და საკითხი ისევ აქტუალურია. არავის დავიწყებია მსოფლიოს 2004 წლის ჩემპიონატი, სადაც იტალია 12 ნატურალიზებული ბრაზილიელით და მხოლოდ 2 იტალიელით თამაშობდა. საქართველოს და სომხეთის ნაკრებების შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ მათ წევრებს არასდროს უთამაშიათ რომელიმე ადგილობრივ კლუბსა თუ ლიგაში. პორტუგალიამ და ფინეთმა გადაწყვიტეს, გაესაჩივრებინათ ეს ფაქტები და საფუძველი ჩაეყარათ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც სულ მალე გამოცხადდება", - წერს Abola.

სკანდალური ინფორმაცია საქართველო-ფინეთის მატჩის წინ გავრცელდა

საქართველოს და სომხეთის ფუტსალის ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდის E ჯგუფში ერთად გამოდიან. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა შინ სომხეთს მოუგო (2:1), სტუმრად კი მოქმედ ჩემპიონ პორტუგალიასთან (2:4) დამარცხდა და მესამე ტურში, 7 ოქტომბერს, ფინეთს უმასპინძლებს.

კომენტარები

ბოლო ამბები