Thumbnail

სამტრედიის სენსიაცია - კარასკოს გაწვრთნილმა დინამო თბილისმა პირველად წააგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • სამტრედია 2:3 დინამო თბილისი 
  • საქართველოს მოქმედი ჩემპიონის 9-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა
  • ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა სამტრედიამ ბოლო 6 თამაშიდან 5 მოიგო

ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა სამტრედიამ სენსაცია მოახდინა - 29-ე ტურში ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მოქმედი ჩემპიონი დინამო თბილისი მიიღო და ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შედეგად, ანდრეს კარასკოს გუნდს 55 ქულა რჩება და სატურნირო ცხრილის ლიდერ დინამო ბათუმს, რომელსაც 62 ქულა და თამაშით ნაკლები აქვს, მდევართან სხვაობის გაზრდის შანსი ეძლევა.

სამტრედიაში გამართულ შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა ზვიად ნაჭყებიას გოლით, უკვე მე-2 წუთზე გახსნეს. საგოლე გადაცემა ალეკსანდარ მიშოვმა მიითვალა. დინამოელებმა კი გათანაბრება მხოლოდ შესვენების შემდეგ, 56-ე წუთზე, ალექსანდრე კალანდაძის გოლით მოახერხეს, რომელსაც ასისტენტობა საბა ხვადაგიანმა გაუწია. 

ამის შემდეგ ჯერ 61-ე წუთზე ალეკსანდარ მიშოვმა დავით უბილავას პასით შეაგდო, შემდეგ კი მე-80 წუთზე რევაზ ინჯგიამ ზვიად ნაჭყებიას გადაცემით გაიტანა და სამტრედია წინ ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. 

დარჩენილ დროში სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-6 წუთზე გიორგი ხარაიშვილის პასით ანზორ მექვაბიშვილმა შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:3.

ანდრეს კარასკომ დინამო თბილისი აგვისტოში ჩაიბარა

აღსანიშნავია, რომ ეს დინამო თბილისის პირველი მარცხია მას შემდეგ, რაც გუნდს ესპანელი ანდრეს კარასკო წვრთნის. ამ თამაშამდე ჩემპიონებს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდათ. რაც შეეხება სამტრედიას, დიმიტარ კაპინკოვსკის გუნდმა ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო, 1 კი ფრედ დაასრულა და ახლა 29 ქულით ცხრილში მე-8 ადგილზეა. 

წინ სანაკრებო პაუზაა. მომდევნო, 30-ე ტურის შეხვედრას დინამო თბილისი 21 ოქტომბერს, შინ გაგრასთან ჩაატარებს, სამტრედია კი ამავე დღეს სტუმრად ქუთაისში ტორპედოს დაუპირისპირდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები