Thumbnail
  • საქართველო 5:2 ფინეთი
  • ბინიომ დუბლი შეასრულა, თითოჯერ სიმი საიოტიმ და ზვიად კუპატაძემ გაიტანეს 

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მესამე მატჩი შინ ფინეთთან ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა - 5:2.

თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა მე-9 წუთზე გახსნეს. სიმი საიოტიმ ბინიოსთან კედელი გაითამაშა და ზუსტადაც დაარტყა. მასპინძლებმა უპირატესობის გაზრდა შესვენებამდე 4 წუთით ადრე მოახერხეს, როდესაც ვახტანგ კეკელიას სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ, ფინელებმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს - 2:0.

მეორე ტაიმი ბინიოს გოლით დაიწყო, რომელმაც შაგინიას იერიში დაასრულა - 3:0. ფინელები დიდი ძალებით, ხშირად მეკარესთან ერთადაც ერთვებოდნენ შეტევაში და გაიტანეს კიდეც, მაგრამ მატჩის ბოლო ხუთ წუთში ორჯერ დაისაჯნენ - ჯერ ბინიომ შეაგდო თავისი ნახევრიდან მეტოქის დაუცველ კარში ბურთი და დუბლი მიითვალა, შემდეგ კი - მასპინძელთა მეკარემ და კაპიტანმა ზვიად კუპატაძემ - 5:1 და მატჩის ბედი აქ გადაწდა, თუმცა საბოლოო ანგარიში ბოლო წამებზე გატანილი გოლით ფინელებმა დააფიქსირეს - 5:2, საქართველოს ნაკრებმა კი გამარჯვება და მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ ელიტ რაუნდის E ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა გამოსვლა სომხეთთან მოგებით (2:1) დაიწყო, შემდეგ კი სტუმრად პორტუგალიასთან ანგარიშით 2:4 დამარცხდა. სამი ტურის შემდეგ ავთანდილ ასათიანის გუნდს 6 ქულა აქვს, ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 11 ოქტომბერს, ისევ ფინეთთან, ამჯერად სტუმრად ტურკუში გამართავს.

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს. ევროპულ ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში 5 გამარჯვებული გავა, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი კიდევ 2 საგზურის მფლობელს პლეი ოფში გამოავლენს.

საქართველო 5:2 ფინეთი

გოლები: 1:0 საიოტი (9’), 2:0 ვანჰა (16’ ავტოგოლი), 3:0 ბინიო (21'), 3:1 კუნასი (33'), 4:1 ბინიო (35'), 5:1 კუპატაძე (38'), 5:2 ინტალა (39').

საქართველო: კუპატაძე - შაგინია, ბრუნო გომესი, საიოტი, ბინიო.
სათადარიგოები: ბუკია, ჩიმაკაძე, ღავთაძე, თოფურია, კეკელია, ჯვარაშვილი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი.

კომენტარები

ბოლო ამბები