Thumbnail

მესი დაბრუნდა, ინტერ მაიამი დამარცხდა და MLS-ის პლეი ოფში ვერ გავიდა

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ინტერ მაიამი 0:1 ცინცინატი
  • ატლანტა იუნატედი 1:1 კოლომბოს ქრიუ
  • ინტერ მაიამი ლიონელ მესისთან ერთად პირველად დამარცხდა

დღეს, 8 ოქტომბრის გამთენიისას, ინტერ მაიამი MLS-ის რეგულარული სეზონის ბოლოს წინა, 33-ე ტურში საკუთარ მოედანზე ცინცინატისთან 0:1 დამარცხდა, 32 ქულა დარჩა და ჩემპიონატის პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ფლორიდელებს აქტივში კიდევ ორი მატჩი აქვთ დარჩენილი, როგორც ფინალური სერიის, ისე პლეი ოფის ზონის გუნდები მათთვის მიუწვდომლები გახდნენ. 

ინტერ მაიამის ვერც ლიონელ მესის დაბრუნებამ უშველა, რომელმაც ზედიზედ 3 მატჩი გამოტოვა და ცინტინატისთან შეხვედრაში მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. თამაშის ერთადერთი გოლი, 78-ე წუთზე არგენტინელმა ალვარო ბარეალმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ცინცინატი MLS-ის აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერი გახლავთ. 

ინტერ მაიამი ლიონელ მესისთან ერთად პირველად დამარცხდა. გუნდმა MLS-ში მეოთხე სეზონი ჩაატარა და ფინალურ სტადიაზე ვერც ამჯერად გავიდა. ამასთანავე, არის შანსი, რომ დევიდ ბექჰემის გუნდმა ჩემპიონატში კლუბის არსებობის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსიროს - აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოს წინა, მე-14 ადგილი დაიკავოს, ხოლო მთელ ლიგაში, 27-ე (MLS-ში 29 გუნდი მონაწილეობს). 

ინტერ მაიამისგან განსხვავებით, ფინალურ სტადიებზე პლეი ოფის გარეშე ასპარეზობა გაინაღდა საბა ლობჟანიძის ატლანტა იუნაიტედმა. ჯორჯიელებმა 33-ე ტურში კოლომბუს ქრიუსთან ფრედ, 1:1 ითამაშეს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზე არიან. ატლანტას შანსი აქვს რეგულარული სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულოს, მაგრამ ისიც არის შესაძლებელი, რომ 1 ადგილით დაქვეითდნენ. ატლანტა იუნაიტედი რეგულარული სეზონის ბოლო მატჩს ცინცინატის წინააღმდეგ 22 ოქტომბერს ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები