Thumbnail
  • ფიჯი 23:24 პორტუგალია
  • C ჯგუფში, როგორც ვარაუდობდნენ, ბევრი მოულოდნელობა დაფიქსირდა

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა გაიმართა. პლეი ოფის დაწყებამდე ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრების ჯგუფში შედგა, რომელშიც ერთმანეთს ფიჯი და პორტუგალია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა დრამატულად წარიმართა და პორტუგალიელების ისტორიული გამარჯვებით დასრულდა 24:23.

პირველი ტაიმში მიუხედავად ორმხრივი შეტევებისა, გუნდებმა მხოლოდ თითო-თითო ჯარიმის გატანა მოახერხეს. მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის პირველი ლელო პორტუგალიამ, კერძოდ კი, რაფაელ სტორტიმ დადო, გარდასახვა კი ზუსტად სამუელ მარკესმა შეასრულა, ამას მალევე ლევანი ბოტიას ლელო მოჰყვა და ლომანის გატანილი გარდასახვის შემდეგ ანგარიშიც გათანაბრდა. ბოტიამ 2 წუთში შეცდომა დაუშვა და არასწორად შესრულებული ბოჭვის გამო მოედნის 10 წუთით დატოვება მოუწია, რითაც პორტუგალიელებმა ისარგებლეს და ფრანცესკო ფერნანდეშმა ლელოც დადო. კუნძულელების სიტუაცია დამძიმდა, მაგრამ ბოტიას დაბრუნების შემდეგ მათ ლელოს დადება და ორი ჯარიმის გატანაც მოახერხეს.

მარცხის მიუხედავად, ფიჯი შემდეგ ეტაპზეა

მიუხედავად ამისა, პორტუგალია არ დანებდა და სტორტის შესანიშნავი თამაშის შემდეგ როდრიგომ მოახერხა ლელოს დადება. გადამწყვეტი გარდასახვა კი მარკესმა ზუსტად შეასრულა.

ფიჯის ნაკრებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მხოლოდ 1 ქულა სჭირდებოდა და რადგანაც მხოლოდ ქულით წააგო, ავსტრალიას აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა. "ვოლაბები" კი, ისტორიაში პირველად ჯგუფში ჩარჩნენ. პორტუგალიამ ამ გამარჯვებით, მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და საქართველოსაც გადაასწრო. "ბორჯღალოსნებმა" ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულეს.

ამრიგად, მეოთხედფინალში მონაწილე ყველა გუნდის ვინაობა ცნობილია. პლეი ოფის ეტაპი შაბათს დაიწყება.

მეოთხედფინალი

შაბათი

უელსი V არგენტინა

ირლანდია V ახალი ზელანდია

კვირა

ინგლისი V ფიჯი

საფრანგეთი V სამხრეთ აფრიკა

კომენტარები

ბოლო ამბები