Thumbnail

რაგბი | ნინიაშვილი მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ნაკრების 21 წლის მორაგბე დავით ნინიაშვილი 2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, რაც დიდი აღიარებაა.

ჯგუფური რაუნდის სტატიტისკური მაჩვენებლები Opta-მ შეაჯამა და ნინიაშვილი ფულბეკის პოზიციაზე საუკეთესოდ დაასახელა. ახალგაზრდა უკანახაზელი მსოფლიო თასის ოთხივე მატჩის სასტარტო შემადგენლობაში იყო, ფიჯისთან 2 ჯარიმა გაიტანა, უელსი დაალელოვა და საერთო ჯამში, ძალიან კარგად გამოიყურებოდა.

როგორც Opta-მ დათვალა, ნინიაშვილმა ბურთის წაღება 52-ჯერ მოახერხა (მცველებს 22-ჯერ გასცდა) და საერთო ჯამში 524 მეტრი დაფარა, როდესაც საქართველოს ნაკრებში ამ მხრივ მე-2 საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ 292 მეტრია.

დავით ნინიაშვილი საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო იყო

საუკეთესო XV-ში ყველაზე მეტი - 3-3 წარმომადგენელი ირლანდიასა და საფრანგეთს ჰყავთ, 2 მორაგბე წარმოადგენს პორტუგალიას, თითო კი – საქართველოს, ახალ ზელანდიას, ავსტრალიას, ტონგას, სამოას, არგენტინასა და იტალიას.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში ვერავინ მოხვდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის სამხრეთ აფრიკის რიგებიდან, ისევე, როგორც უელსისა და ინგლისის შემადგენლობიდან, რომელთაც ჯგუფური ეტაპი ლიდერების რანგში დაასრულეს. როგორც ირკვევა, გამორჩეული სტატისტიკური მაჩვენებლები არც რომელიმე ფიჯელ მორაგბეს ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები