Thumbnail
  • გავრცელებული ინფორმაციით, საბა 21 ოქტომბერს გასამართი მატჩისთვის მზად იქნება
  • ტორინო იმედოვნებს, რომ ინტერთან შეხვედრისთვის ბონჯორნოც გამოჯანმრთელდება

საქართველოს ნაკრებისა და ტორინოს ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა იტალიის სერია A-ში ვერონასთან მიღებული ტრავმა მოიშუშა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს ინტერთან გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება, - ინფორმაციას Tuttosport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გუნდში ასევე იმედი აქვთ, რომ მილანურ კლუბთან მატჩისთვის ალესანდრო ბონჯორნოც გამოჯანმრთელდება, რომელმაც ორი შეხვედრა გამოტოვა. ივან იურიჩი კი ყოველი შემთხვევისთვის, სათამაშოდ ტამეზესა და რიჩისაც მოამზადებს.

ლაციოსთან საბამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა

ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ საზონოვმა ლაციოს წინააღმდეგ თამაში სასტარტოდან დაიწყო და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ტორინოს ფანებმა ის თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს. ვერონასთან მიღებული დაზიანების გამო კი მან ტურინული დერბი გამოტოვა.

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლმა 21 წლის ცენტრალური მცველი ეროვნულ ნაკრებში ოქტომბრის მატჩებში სათამაშოდ ტრავმის გამო არ გამოიძახა.

რაც შეეხება ტორინოს, ტურინელები იტალიის სერია A-ში 9 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფებიან. ივან იურიჩის გუნდს 8 შეხვედრაში 2 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები