Thumbnail

ამაშუკელის გარეშე – მსოფლიო რაგბიმ მეოთხედფინალების მსაჯები დაასახელა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 29 წლის ქართველი რეფერის გვარი ასისტენტებშიც კი არ ფიგურირებს
  • პროგნოზირება რთულია, თუმცა, იქნებ, ეს, კარგის მომასწავებელიც იყოს

მსოფლიო რაგბიმ იმ მსაჯების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2023 წლის მსოფლიო თასის მეოთხედფინალებს მოემსახურებიან და მათ შორის ვერ ვხედავთ ქართველ რეფერი ნიკა ამაშუკელს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ამაშუკელმა მიმდინარე ტურნირზე მთავარი არბიტრის რანგში 3 მატჩი (ირლანდია-რუმინეთი, ინგლისი-იაპონია, ავსტრალია-პორტუგალია) ჩაატარა, 4-ჯერ (შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა) კი ასისტენტი გახლდათ.

ქართველ რეფერის მუშაობას საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და იყო მოლოდინი, რომ მას საპლეიოფო მატჩებსაც ანდობდნენ, თუმცა, მეოთხედფინალური მატჩების მსაჯებს შორის მისი გვარი არ ფიგურირებს (მათ შორის, არც ასისტენტებში).

ნიკა ამაშუკელი ავსტრალიისა და პორტუგალიის ნაკრებთა კაპიტნების გარემოცვაში

არაა გამორიცხული, ეს, პირიქით, კარგის მომასწავებელიც იყოს და ნიკას მსოფლიო თასის გადამწყვეტ მატჩთაგან რომელიმე მისცენ, თუმცა, ამის პროგნოზირება ნამდვილად რთულია.

მსოფლიო რაგბის დღევანდელი გადაწყვეტილებით, მეოთხედფინალურ წყვილებს მთავარი არბიტრების რანგში ეს მსაჯები მოემსახურებიან: სამხრეთაფრიკელი იაკო პეიპერი (უელსი-არგენტინა), ინგლისელი უეინ ბარნსი (ირლანდია-ახალი ზელანდია), ფრანგი მეტიუ რეინალი (ინგლისი-ფიჯი) და ახალზელანდიელი ბენ ო’კიფი (საფრანგეთი-სამხრეთ აფრიკა).

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში მიმდინარე ტურნირზე მეოთხედფინალები 14 და 15 ოქტომბერს შედგება, ნახევარფინალები 20 და 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი, ბრინჯაოს მატჩი 27 ოქტომბერს შედგება, ფინალი კი – 28-ში.

კომენტარები

ბოლო ამბები