Thumbnail

მსოფლიო თასზე ფიასკოს გამო, პოსტი კიდევ ერთმა მწვრთნელმა დატოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

2023 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა კიდევ ერთი ნაკრების მთავარ მწვრთნელმა დატოვა.

საუბარია ტონგას ავსტრალიელ თავკაც ტოუტაი კეფუზე, რომლის გუნდსაც ტურნირი მოგების გარეშე არ დაუსრულებია, სხვა მატჩებში კი მსოფლიო რაგბის წამყვან ნაკრებებთან დამარცხდა, თუმცა, შედეგი მაინც წარუმატებლად იქნა მიჩნეული.

"მსოფლიო თასმა იმედგაცრუება მოგვიტანა. გაცილებით მეტს ველოდით, ვიდრე, ერთი მოგებაა. საწყის სამ შეხვედრაში თითქოს კონკურენტუნარიანები ვიყავით, თუმცა, უხეში შეცდომების გამო, სამივე წავაგეთ. ვფიქრობ, წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ შეჯიბრისთვის კარგი მზადება არ გაგვივლია. ტონგას ნაკრებში მორაგბეები ოცამდე გუნდიდან გამოცხადდნენ, მაგალითად, ირლანდიას კი მოთამაშეების 95% ერთი კლუბიდან ჰყავს. მათ ტესტებიც ჩვენზე გაცილებით მეტი მისცეს, ასეთ ფონზე, სერიოზულ შედეგზე ფიქრი რთული იყო. ვერ გეტყვით, მსოფლიო რაგბში ასე რატომ იქცევიან", - განაცხადა კეფუმ.

ტონგელებმა მსოფლიო თასზე მხოლოდ ერთი მატჩის მოგება მოახერხეს

შეგახსენებთ, რომ ტონგელები მსოფლიო თასის B ჯგუფში მოხვდნენ და ირლანდიასთან (16:59), შოტლანდიასთანა (17:45) და სამხრეთ აფრიკასთან (18:49) უიმედოდ წააგეს, დასკვნით შეხვედრაში კი აშკარა აუტსაიდერი რუმინეთი 45:24 დაამარცხეს.

"იკალე ტაჰის" 2023 წლის მსოფლიო თასისგან გაცილებით მეტის მოლოდინი ჰქონდა, რადგანაც მორაგბეთა ნატურალიზაციის პროცედურის გაიოლების გამო, ტურნირისთვის საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. გასულ მატჩებში ტონგელთა ღირსებას "ოლ ბლექსის" ყოფილი წევრები მალაკაი ფეკიტოა, ჩარლზ პიუტაუ, ვაეა ფიფიტა, ჯორჯ მოალა და აგუსტინ პულუ, ასევე ავსტრალიის ნაკრების ექს-მორაგბე ადამ კოულმენი იცავდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები