Thumbnail
  • ტიერ 2-ის ნაკრებებისთვის მაღალი რანგის ტესტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
  • მსოფლიო რაგბი გლობალური კალენდრის გადახედვას უახლოეს პერიოდში აპირებს
  • ამ შემთხვევაში, გრანდებთან დაპირისპირება საქართველოსაც უფრო ხშირად მოუწევს

მსოფლიო რაგბი აპირებს მომავალში მეტი ყურადღება დაუთმოს ე.წ. მეორე დონის სარაგბო ქვეყნების განვითარებას და ამისთვის მათ მეტი მაღალი რანგის ტესტი უბოძოს. ამ ინფორმაციას ორგანიზაციის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ბრიტანული The Guardian ავრცელებს.

"მსოფლიო რაგბიში თვლიან, რომ ტიერ 2-ის ნაკრებების ტიერ 1-ის წარმომადგენლებთან ხშირი დაპირისპირება დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უნდა იყოს. თამაშის გლობალური განვითარების სტრუქტურაში შესატანი ცვლილებები კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას მერე, რაც 2023 წლის მსოფლიო თასზე ჩინებული თამაში აჩვენა პორტუგალიამ, იტალიამ კი კატასტროფული შედეგები დააფიქსირა. 

პორტუგალიამ სენსაციურად აჯობა ფიჯის და გმირული ფრე დააფიქსირა საქართველოსთან, ამასთან, თავი არც უელსთანა და ავსტრალიასთან შეურცხვენია. იმის გამო, რომ 6 ერი კვლავ ჩაკეტილ ტურნირად რჩება, გაუგებარია, როგორ უნდა განვითარდეს იგივე პორტუგალია, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსთანა და რუმინეთთან ერთად თამაშობს.

საქართველო V პორტუგალია: ამ მატჩის შედეგი აშკარად მეტოქის აქტივში ჩაიწერა

ამ ფონზე, იტალიის ნაკრებმა 6 ერის გასულ სეზონში უელსს კი სძლია, თუმცა, მანამდე, თამაში 2015 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ამ მსოფლიო თასზე "აძური" უბრალოდ განადგურდა ახალ ზელანდიასთანა და საფრანგეთთან და პირწმინდად წააგო პირველი ტაიმი ურუგვაისთან, თუმცა, შემდეგ სიტუაციის გამოსწორება მოახერხა", - წერს The Guardian.

"ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ მე-2 დონის ქვეყნებს განვითარების მეტი შანსი მივცეთ. ამის შესახებ უახლოეს მომავალში ბევრ რამეს გაიგებთ", - განაცხადა 2023 წლის მსოფლიო თასის დირექტორმა მიშელ პუსომ.

მან პორტუგალიელთა ასპარეზობს "ჰეროიკული" უწოდა, ხოლო კითხვაზე რა უნდა გაკეთდეს ტიერ 2-ის ნაკრებების დასახმარებლად, უპასუხა: "ყველანი ვცდილობთ, რომ გუნდებს შორის არსებული უფსკრული შემცირდეს. გვინდა, უმაღლეს დონეზე უფრო მეტმა ნაკრებმა ითამაშოს, ვიდრე ახლაა. ამისთვის, სხვადასხვა ნაბიჯები იდგმება და საქმე მხოლოდ ტესტებში არაა. მაგალითად, მე-2 დონის ქვეყნებს ვეხმარებით სამწვრთნელო და სამსაჯო პროგრამებში და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯოებესაში. ცხადია, ქომაგებს ყველაზე მეტად განახლებული კალენდარი აინტერესებთ და ამაზე დამატებითი ინფორმაცია აუცილებლად იქნება".

არსებულ სიტუაციას გამოეხმაურა პორტუგალიის ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი პატრის ლაჟისკეც: "რაგბიში წარმატების მისაღწევად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ელიტარულ ნაკრებებთან რაც შეიძლება მეტი ითამაშო. მსოფლიო რაგბიში ამის სურვილი ნამდვილად აქვთ, თუმცა, არსებობს ეკონომიკური რეალობაც. პირველი დონის ქვეყნებს უბრალოდ არ შეუძლიათ, რომ ტიერ 2-ის ნაკრებებთან ზედიზედ 2, 3 ან 4 მატჩი ჩაატარონ. არადა, ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება".

აღნიშნული პრობლემა კარგადაა ნაცნობი სამოას ნაკრებისთვისაც, რომელმაც ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ინგლისთან მხოლოდ 17:18 წააგო. იგივე შეიძლება ითქვას ტონგაზეც. ეს ორივე კუნძულოვანი ქვეყანა ცდილობს, რომ განვითარებაში მეზობელ ფიჯის არ ჩამორჩეს.

"ყველაფერი ძალიან მარტივადაა. მსოფლიო რაგბის გრანდებთან რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა გავმართოთ. არ ვიცი, მსოფლიო რაგბიში ტესტ-მატჩების კალენდარს რა პრინციპით ადგენენ. ფაქტია, რომ ჩვენ წლის განმავლობაში 6 შეხვედრის ჩატარება გვიწევს, ტიერ 1-ის ნაკრებები კი დაახლოებით 15-ჯერ თამაშობენ. ამის გათვალისწინებით, ძნელია, კარგად აწყობილ მანქანებს რაიმე დაუპირისპირო", - აღნიშნა ტონგელთა დამრიგებელმა ტოუტაი კეფუმ, რომლის ნაკრებმაც მსოფლიო თასზე მხოლოდ 1 მატჩი მოიგო და მწვრთნელმად თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა.

სამოას ინგლისთან სენსაციამდე ძალიან ცოტა დააკლდა

მსგავსი განცხადება გააკეთა სამოელთა თავკაცმა სეილალა მაპუსუამაც: "ნამდვილად ვერ ვუწოდებ დამთხვევას, რომ მსოფლიო თასზე ჩვენი საუკეთესო მატჩი ბოლო ტურში ჩავატარეთ, მაშინ, როდესაც ზურგს უკან უკვე 3 თამაში გვქონდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სათანადო მომზადების შემთხვევაში, მეტის მიღწევა შეიძლებოდა".

მსოფლიო რაგბი რომ მართლაც სერიოზულად არის განწყობილი, დომინიკ რამბლსის კომენტარიც ადასტურებს. ცნობისთვის, ის ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსია: "პროცესში ჩართვას მსოფლიო რაგბის გენერალური დირექტორი ალან გილპინიც გეგმავს. თამაშის გლობალური კალენდარი აუცილებლად შესაცვლელია. მითუმეტეს, მსოფლიო თასების წინა ციკლებში. დამერწმუნეთ, ჩვენს დღის წესრიგში ეს, მართლაც პირველ ადგილზეა".

აღნიშნულ პრობლემაზე უელსთან მატჩის შემდეგ ისაუბრა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმაც. პათოსი ამ შემთხვევაშიც იდენტური გახლდათ:

"ეს, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა ჩვენთვის, რადგან ირგვლივ მეზობლად არ გვყავს პირველი დონის ქვეყანა. ჩვენ კუნძულივით ვართ. ყოველთვის, როცა ამაზე მეკითხებიან, ვპასუხობ: რა თქმა უნდა, მეტი თამაში გვჭირდება პირველი დონის ქვეყნებთან, ჩვენ ეს გამოცდილება გვაკლია. შორს მივდივართ, რადგან კარგი მატჩები გავმართოთ ურუგვაისთან ან არგენტინასთან, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. გვჭირდება მეტი დაპირისპირება ჩვენზე მაღლა რეიტინგში მყოფ ქვეყნებთან. სეზონში 11 მატჩი გამოგვდის, უმეტესობა მეორე დონის ქვეყნებთან".

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასზე ზედიზედ მეექვსედ ითამაშეს და სადებიუტო ტურნირის (2003) შემდეგ, შეჯიბრი მოგების გარეშე პირველად დაასრულეს. საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან ფრედ (18:18) ითამაშა, ავსტრალიასთან (15:35), ფიჯისთანა (12:17) და უელსთან (19:43) კი დამარცხდა. შედეგად, ქართველი მორაგბეები პორტუგალიასაც კი ჩამორჩნენ და ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილი დაიკავეს.

კომენტარები

ბოლო ამბები