Thumbnail
  • პატრიკ ვიეირას და როი კინის მტრობა ფეხბურთის ისტორიის განსაკუთრებული ნაწილია
  • 9 წლის მანძილზე ეს ინგლისის პრემიერლიგის მთავარი დუელი იყო

ფეხბურთი გადასარევი რამეა. მისი აღქმა და მისგან სიამოვნების მიღება ბევრნაირად შეიძლება. ვიღაცისთვის ფეხბურთი შეიძლება მხოლოდ ლუდთან მისაყოლებელი სანახაობა იყოს - იმას რომ უქომაგებს, ვინც კარგად თამაშობს; ვიღაცისთვის ფეხბურთმა ომები ჩაანაცვლა; ვიღაც ფეხბურთს მხოლოდ თავისი ქალაქის და ქვეყნის პატრიოტულ ჭრილში უყურებს და ასე შემდეგ, კულტურისა და ტრადიციების გავლით, ვიდრე დიდ ფილოსოფიამდე. ბევრისთვის ფეხბურთი მთელი თუ არა, ცხოვრების უდიდესი ნაწილია.

ამას წინათ, ჩემმა მეგობარმა, რომელსაც 15 წელზე მეტია, უმეტესად ფეხბურთზე ველაპარაკები, ფეხბურთისადმი ჩემი პირადი დამოკიდებულება აღმომაჩენინა - შეგრძნების დონეზე მემილიარდე განხილვის შემდეგ მითხრა, შენ ფეხბურთს კინოსავით უყურებო. ანუ, ისე უყურებ, როგორც ფილმებსო. რამდენიმე წამით ჩავფიქრდი და მივხვდი - ეგაა!

კარგ ფილმებში მხოლოდ ლამაზი ამბები არ ხდება. ყველაზე მარტივად რომ თქვა, მხოლოდ კეთილი ადამიანების კეთილ საქმეებზე კარგ ფილმს ვერ გადაიღებ, თუ იქ ბოროტებაც არ იქნება. რისი თქმა მინდა: როცა ფეხბურთს ვუყურებ, ტრილერი მჭირდება, დრამა და ჰორორიც. სახასიათო პერსონაჟებით, ბეეევრი სხვადასხვანაირი ხასიათით, აგრესიით. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩამეძინოს.

როცა მეკითხებიან, ვინ არის ჩემი საყვარელი ფეხბურთელი, ვპასუხობ: რობერტო ბაჯო. თუ საუბრის გაგრძელება მინდა, იქვე ვამატებ: ალესანდრო დელ პიეროც. და ვაგრძელებ: ზინედინ ზიდანის თამაშის ყურებისას მბურძგლავდა; რონალდინიოს ცქერისას გულში სითბო მეღვრებოდა, კარგ ხასიათზე ვდგებოდი; გიორგი ქინქლაძე საქართველოს ნაკრებში თამაშისას ბურთს რომ მიიღებდა, მუხლები მიკანკალებდა… ცოტა უფრო ადრე რომ "მოვწამლულიყავი", შეიძლება მარადონა დამეყენებინა პირველზე. კი, ყველა ათი ნომერია, ფანტაზისტები, ჯადოქრები, შემოქმედები, დრიბლიორები, ელეგანტურად მოთამაშე ხალხი. ესთეტიკა. 

თუ აღმოვაჩინე, რომ მოსაუბრეს ფეხბურთი ძალიან უყვარს, მაშინ აუცილებლად ვამატებ ხოლმე: ჩემი საყვარელი ფეხბურთელები ასევე იყვნენ ედგარ დავიდსი, ალესიო ტაკინარდი, პატრიკ ვიეირა, შტეფან ეფენბერგი, კარლოს დუნგა, როი კინი, დანიელე დე როსი…

იუვენტუსის საყრდენები, ედგარ დავიდსი და ალესიო ტაკინარდი
მილანის გამთამაშებლის, მანუელ რუი კოშტას წინააღმდეგ

საით მიმყავს ეს საუბარი და, მიჭირს ფეხბურთის ყურება, თუკი მოედანზე კარგი საყრდენი ნახევარმცველი არ არის. ყოველთვის მიჭირდა და ახლა უფრო მეტად, რადგან კლასიკური, სახასიათო, მუხლმაგარი “ექვსიანები” ბოლო დროს ჭირს. მოედნის ცენტრის მბრძანებლები, გნებავთ ბატონ-პატრონები, “ბოროტი” ხალხი შუა ხაზში. იმ ჯადოქრების მტრები, თავიდან რომ ჩამოვთვალე. დიდი მეომრები. თუ კარგ შემტევ ნახევარმცველს მეორე მხრიდან მამაცი საყრდენი ნახევარმცველი არ ეთამაშება, ჩემთვის ფეხბურთი მოსაწყენი ხდება.

დიდი ხანია, ჩემი საყვარელი გუნდის, იუვენტუსის თამაშებსაც ვეღარ ვუყურებ სიამოვნებით - სამი ხედირა ან ბლეზ მატუიდი რომ სანატრელი გაგიხდება. 26 წელია, იუვეს ვქომაგობ და ამ გუნდის თამაშის ყურება ყველაზე მეტად ორ პერიოდში მსიამოვნებდა: 1) როცა შუაში დავიდსი და ტაკინარდი იდგნენ; 2) როცა ფაბიო კაპელომ მოედნის ცენტრი ვიეირა-ემერსონის დუეტით გაამაგრა.

დიდი შესავალი გამოვიდა, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მეთქვა. ორი განსაკუთრებული საყრდენი ნახევარმცველის ეპიკურ მტრობაზე ორი სიტყვით ვერ გადავიდოდი. მინდოდა, გცოდნოდათ, რომ ამ პოზიციის ფეხბურთელები, თანაც გამორჩეული ხასიათით, ფეხბურთში მთავარ ტიპებად მიმაჩნია. არანაკლებ მნიშვნელოვან ტიპებად, ვიდრე დიდი “ათიანები”.

ჯერ მარტო ეს გამოთქმა რად ღირს: შკიპერი. როცა ეს სიტყვა გესმის, რაკი გემის მეთაურს ნიშნავს, მაშინვე იწყებ ფიქრს შტორმზე, უდიდეს ტალღებზე, იალქნის რიფზე, უდრეკ და ულმობელ კაცზე ზეთით გაჟღენთილი კომბინეზონით, რომელსაც თავისი მაგარი ხელით საჭე უჭირავს. ჩვენ შკიპერებს, ანუ გუნდის მეთაურებს, ცოტა ხელოვნურად და მეტისმეტად ოფიციალურად კაპიტნებს ვუწოდებთ. კაპიტანი შკიპერთან შედარებით ისე ჟღერს, რომ წარმოიდგენ თეთრ ქათქათა პერანგსა და მოხდენილ კოსტიუმში გამოწყობილ კაცს, რომელსაც მდიდრული გემი მშვიდ ზღვაში მიჰყავს. რომელსაც, მზემ რომ სახე შეუწითლოს, პირადი ექიმი კრემსაც კი მიურბენინებს.

დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში, როცა გოლის აღნიშვნისას მაისურის გახდაც კი აღარ შეიძლება, ცოტა რთული გასაგებია ის, რაც მაშინ როი კინსა და პატრიკ ვიეირას შორის ხდებოდა. ეს უნდა გენახა, ამას უნდა მოსწრებოდი.

კინი და ვიეირა, სამაგალითო საყრდენი ნახევარმცველები, მანჩესტერ იუნაიტედისა და ლონდონის არსენალის შკიპერები იყვნენ და ინგლისური ფეხბურთის მთავარ გემებს მეთაურობდნენ. უფრო შორსაც წავალ: ვსაუბრობთ ორ პათოლოგიურად ამაყ ტიპზე, რომლებიც ერთმანეთის ჩაძირვას ცდილობდნენ. კინი VS ვიეირა, შკიპერი შკიპერის წინააღმდეგ - ეს მართლა დიდი ომი გახლდათ, მინდორზე, რომელიც ყოველთვის ბოლომდე მწვანე არ იყო.

Alright, let’s go!

ხანდახან ომი მინდორს მიღმაც ჰქონდათ, რადგან დიდი თამაშების ბედის მატჩის დაწყებამდე გადაწყვეტისაც სჯეროდათ.

2005 წლის თებერვალში, “ჰაიბერის” კატაკომბებში მოხდა ინციდენტი. მანამდე, გუნდების გახურებისას, ვიეირამ იუნაიტედის მცველ გარი ნევილს უყვირა და ამ უკანასკნელმა მაშინვე დააბეზღა. რა თქმა უნდა, როი კინთან.

“არავის აქვს უფლება, რომ გარი დაჩაგროს,” - დაწერს მოგვიანებით კინი თავის ბიოგრაფიაში, - “ჰოდა, როცა გარიმ ეს მითხრა, საკუთარ თავს ვუთხარი: Alright, let’s go.”

სავარაუდოა, რომ ვიეირასაც ზუსტად ეს უნდოდა, რადგან სისხლის ადუღება სჭირდებოდა - მოედანზე გასასვლელ გვირაბში მის გარშემო მოტრიალე ბავშვები და ლაინსმენები მუღამზე ვერ მოიყვანდნენ. ვიეირასა და კინს შორის ფეხბურთელებმა კედელი აღმართეს. მათ შორის ჩადგა რბილი ნიდერლანდელი დენის ბერგკამპიც, რომელიც დიპლომატიურად ცდილობდა ყველაზე ცუდის თავიდან არიდებას. “მშვიდად, მშვიდად!” - იმეორებდა არსენალის გენიალური “ათიანი”.

მართლა რომ გვეჩხუბა, ვიეირა მომკლავდა

მაგრამ ვიეირა კინს მანიაკური სახით უყურებდა. მათ შორის ჩამდგარ კიდევ ერთ ფეხბურთელს, არსენალის მეკარე მანუელ ალმუნიას ისეთი ღიმილი დასთამაშებდა, ტურისტებს რომ აქვთ ხოლმე რაიმე სანახაობის მოლოდინში - აშკარად ერთი სული ჰქონდა, როდის შეასკდებოდნენ ერთმანეთს როი და პატრიკი.

კინმა გზა როგორღაც გაითავისუფლა და ახლა მასსა და ვიეირას შორის მხოლოდ მთავარი მსაჯი გრემ პოლიღა იდგა.

“შენ ჩვენგან ყველაზე სუსტი ამოირჩიე,” - მიაძახა კინმა ისე, რომ არ გაუთვალისწინებია, ამით გარი ნევილსაც რომ შეურაცხყოფდა, - “გარეთ შევხვდებით!” რა თქმა უნდა, მოედანი იგულისხმა.


კინს თავის ბიოგრაფიაში უწერია: “მართლა რომ გვეჩხუბა, ვიეირა მომკლავდა”. არადა, იმ მომენტში კინი ზედმეტად თავდაჯერებული ჩანდა. ასეა: ნაღდი შკიპერი იმისათვისაც მზად უნდა იყოს, რომ თავის გემთან ერთად ჩაიძიროს.

იმ დღეს დიდი შკიპერების მუშტი-კრივი ვერავინ ნახა, მოედანზე კი კინის იუნაიტედმა ვიეირას არსენალს 4:2 მოუგო.


თუმცა საერთო ჯამში, ამ ფეხბურთელების ეპიკური პირადი დუელი, რომელიც 1996-დან 2005 წლამდე გრძელდებოდა, ფრედ დასრულებულად უნდა ჩავთვალოთ. მართალია, იმ პერიოდში კინი 6-ჯერ გახდა ჩემპიონი (ორჯერ მეტი ჩემპიონობა - 9 წელი სხვა გუნდს პრემიერლიგა არც მოუგია), მაგრამ სამაგიეროდ, ვიეირამ ბოლო ომი მოიგო: 2005 წლის ასოციაციის თასის ფინალში, პენალტების სერიაში სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი. ეს იყო მისი ბოლო შეხება ბურთთან არსენალის მაისურით.

სიძულვილი

ფრანგი ირლანდიელის წინააღმდეგ, ლონდონელი მანკუნიანელის წინააღმდეგ, გრანდსენიორი ქუჩის მოჩხუბრის წინააღმდეგ - მათ შორის დიდი სიძულვილია.

“ზიზღი! - წერს როი კინი, - აი, რას ვგრძნობდი არსენალზე და მის შკიპერზე ფიქრისას. მხოლოდ და მხოლოდ ზიზღი.”

ირლანდიელს ასევე უწერია: “არსენალთან მორიგ თამაშამდე ერთი კვირით ადრე ძველმა ტრავმებმა თავი შემახსენეს, ტკივილები დამეწყო. ეს ჩემთვის იმას ნიშნავდა, რომ ტანჯვა მომიწევდა.” 

სწორად უნდა გავიგოთ - როი კინისგან ასეთების მოსმენა უჩვეულო ამბავია. “ვიეირა ძალიან, ძალიან ხისტი იყო”. - ესეც ირლანდიელის სიტყვებია.

მოედანზე ერთმანეთს წარმოუდგენელი სისასტიკითა და ულმობლობით ასკდებოდნენ. კინი არც ვიეირას ინდობდა და არც საკუთარ თავს. იგივე ითქმის ფრანგზეც. ასეთ დაუნდობლობას მხოლოდ ორ მხარეს შორის უსიტყვო შეთანხმებით თუ ექნება ლეგიტიმაცია, მაგრამ არამც და არამც ოფიციალური წესებით.

1999 წელს გამართულ მატჩში, როცა კინს ორთაბრძოლის შემდეგ მსაჯი და თანაგუნდელები აკავებდნენ და ვიეირასთან ახლოს არ უშვებდნენ, ეს უკანასკნელი მაშინვე სხვას მიუვარდა და იცით, ვის? 1,90-მეტრიან იაპ სტამს, რომელიც ორ ცენტნერს იწონიდა და მეტსახელად “კლდეს” ეძახდნენ.

საინტერესო ის არის, რომ ამ მტრობის დეესკალაცია არც არავის უცდია. მედია ამას არც გააკეთებდა, რადგან ამით იკვებებოდა. ფანებს როის და პატრიკის სასტიკი დუელები ხიბლავდათ. არც სერ ალექს ფერგიუსონი და არსენ ვენგერი ჩარეულან - ალბათ იმიტომ, რომ თავიანთ დაპირისპირებულ შკიპერებს სწორედ ასეთი დუელების გამო ხედავდნენ ფიზიკური თუ მენტალური ფორმის პიკში. თვითონ მომხდურებისგან კი დეესკალაცია მართლა ყველაზე ნაკლებად იყო მოსალოდნელი.

“ყოველთვის, როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ფოიერვერკი იყო” - ამბობს კინი. 

“როი ჩემი საუკეთესო მტერი გახლდათ” - ეს ვიეირას სიტყვებია.

ჩვენნაირები აღარ არსებობენ

“Best of Enemies” - ასე ჰქვია ჟურნალისტ გაბრიელ კლარკის დოკუმენტურ ფილმს ამ ორის მტრობაზე. ჯამში 19 დაუნდობელი დაპირისპირების შემდეგ, მაგიდასთან მშვიდად სხედან. კინი თავის კოსტიუმში დასაფლავებაზე მყოფ მოკრივეს ჰგავს, ვიეირას კი თავისი ისე ბუნებრივად აცვია, გაიფიქრებ, ყოველთვის ასეთ ფორმაში მყავს ნანახიო. თითქოს ადრე მოედანზე სხვანაირი არ იყო.

თავიდან ძველი მტრობა ისევ ჩანს - ვიეირას აგდებული, დამცინავი ღიმილი, როგორც კი კინი პირს აღებს და ამ უკანასკნელის დაძაბული თვალები, როცა გრძნობს, რომ უტევენ. მაგრამ თანდათანობით ლმობიერდებიან. ორივეს ნოსტალგია ერევა.

“თამაში შეიცვალა. ჩვენნაირი ბიჭები აღარ არიან” - ამბობს ვიეირა. კინი თავს უქნევს, ეთანხმება. 

ცოტა არ იყოს ზედმეტად რადიკალური ფეარ პლეის ეპოქაში შეიძლება გაგვიმართლოს ხოლმე და რაღაც ისეთები ვნახოთ, რაც ზემოთ წაიკითხეთ, მაგრამ ალბათ ვეღარ ვნახავთ ორ ფეხბურთელს, რომლებსაც ერთმანეთი იმდენად ეზიზღებათ, რომ ფანებს ამის გამო უყვართ.

კომენტარები

ბოლო ამბები