Thumbnail
  • ფინეთი 3:3 საქართველო
  • ერთი გოლი საქართველოს ნაკრების მეკარის ზვიად კუპატაძის ანგარიშზეა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მორიგი მატჩი ჩაატარა და ფინეთის ქალაქ ტურკუში მასპინძლებთან 3:3 ითამაშა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი 2-ჯერ მარცხდებოდა, შემდეგ იგებდა კიდეც, თუმცა, ბოლოსკენ მე-3 გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა. საქართველოს ნაკრების მხრიდან გოლები ბრუნო გომესმა, მეკარე ზვიად კუპატაძემა და შაგინიამ გაიტანეს.

ამგვარად, ავთანდილ ასათიანის გუნდს 4 მატჩში 7 ქულა მოუგროვდა და E ჯგუფში მე-2 ადგილზეა. ლიდერი პორტუგალიაა 9 ქულით, ფინეთს 4 ქულა აქვს, სომხეთს - 0. დღეს გვიან ღამით პორტუგალიელები ვარზიმში სომხეთს უმასპინძლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურებში საქართველომ სომხეთსა (2:1) და იმავე ფინეთს (5:2) სძლია, ლიდერ პორტუგალიასთან კი 2:4 წააგო. საქართველოს ნაკრები დასკვნით საკვალიფიკაციო მატჩებს დეკემბერში ჩაატარებს, სტუმრად სომხეთთანა და შინ - პორტუგალიასთან.

ევროპულ ელიტ რაუნდში 20 გუნდი ხუთ ჯგუფშია გადანაწილებული, საიდანაც პირდაპირ ფინალში 5 გამარჯვებული გავა, 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი კიდევ 2 საგზურის მფლობელს პლეი ოფში გამოავლენს.

ფუტსალის მსოფლიოს ჩემპიონატი გაისად 14 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით უზბეკეთში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 6 კონფედერაციის წარმომადგენელი 24 ნაკრები მიიღებს.

კომენტარები

ბოლო ამბები