Thumbnail
  • ბოსტონმა სმარტი-უილიამსის დუეტი გაუშვა და პორზინგისი და ჰოლიდეი დაიმატა
  • ჰოლიდეი ელიტური დონის გამთამაშებელია
  • პორზინგისთან ერთად სელტიკსი უკეთ შეუტევს, თუმცა დაცვაში დასუსტდა

კარგად მახსოვს ორი წლის წინანდელი ბოსტონი - იმე უდოკას და გოლდენ სტეიტთან წაგებული სუპერფინალების გუნდი. იმ ბოსტონს ძალიან ახალგაზრდა, მებრძოლ, კარგად ორგანიზებულ და NBA-ს მასშტაბით საუკეთესო დაცვის მქონე გუნდს ერთი მოთამაშე აკლდა იმისთვის, რომ გოლდენ სტეიტისთვის მოეგო და, ზოგადად, NBA-ს მასშტაბით წლების მანძილზე ყველაფერი დომინანტური გუნდი ყოფილიყო. ბოსტონს ისტორიული მასშტაბის დაცვა ჰყავდა, თუმცა შეტევაში გოლდენ სტეიტის მანქანასთან სროლების შექმნა და ბურთის მოძრაობა უჭირდა. იმ ზაფხულში ბოსტონმა ‘იმ ერთ მოთამაშედ’ მალკოლმ ბროგდონი დაიმატა, თითქოს ტეიტუმი-ბრაუნის დუეტით კიდევ ერთი წლით უნდა გაზრდილიყო, თუმცა იმე უდოკას დაუგეგმავმა წასვლამ ყველაფერი არია.

უდოკას მერე ჯო მაცულამ, პირადად ჩემთვის გაუგებრად, გუნდის კონცეფცია და სათამაშო იდეა შეცვალა - ბოსტონი უფრო დაცვითი გუნდიდან უფრო მეტად სამიანების მსროლელ გუნდად იქცა. მაცულას სხვა პრობლემებიც ჰქონდა, თუმცა ფაქტი ის არის, რომ ერთი შეხედვით უნაკლო, სუსტი ადგილის არმქონე სელტიკსმა ჯერ თითქმის წააგო მასზე უფრო სუსტ ფილადელფიასთან და შემდეგ წააგო მერვეადგილოსან მაიამისთან, თანაც ისე, რომ ჯერ 0:3 ჩამორჩა, მერე სერიაში გაათანაბრა და შემდეგ სახლში წააგო მეშვიდე თამაში. მოკლედ, საჩემპიონო ამბიციის მქონე გუნდისთვის უჩვეულო არასტაბილურობა და არათანმიმდევრულობა გამოავლინა.

ამ ზაფხულს ეს ხაზი გაგრძელდა - მარკუს სმარტი, დაცვის საუკეთესო სპეციალისტი კრისტაპს პორზინგისში გაცვალეს. პორზინგისი NBA-ს მასშტაბით უფრო ვარსკვლავურ მოთამაშედ მიიჩნევა, შეტევაში მეტი პოტენციალი აქვს - 221 სანტიმეტრია, თამაშში საშუალოდ 23 ქულას აკეთებდა და 38 პროცენტით ისვრის სამიანებს. თუმცა მისი სმარტში გაცვლა სელტიკსის უფრო მეტ და უკეთ შეტევას ნიშნავს, მაგრამ არა უკეთეს დაცვას.

ცოტა ხნის წინ დემიენ ლილარდის დიდ გაცვლას NBA-ში დომინოს ეფექტი მოჰყვა. ბოსტონში რობერტ უილიამსის და მალკოლმ ბროგდონის ნაცვლად ჯრუ ჰოლიდეი მივიდა.

ჰოლიდეიმ მილუოკის ჩემპიონობაში დიდი როლი ითამაშა

ჯრუ მარკუს სმარტის გაუმჯობესებული ვარიანტია - ოლ სტარი, უკანა ხაზში NBA-ს მასშტაბით ალბათ დაცვის საუკეთესო სპეციალისტი, სოლიდური გამთამაშებელი, წინა სეზონში თამაშში 19.3 ქულა და 7.4 გადაცემა (და ეს იმ ფონზე, როცა ჰოლიდეი მილუოკის შეტევაში მესამე ოპცია იყო იანისის და მიდლტონის შემდეგ).

წინა სეზონში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 69-პროცენტიანი ზუსტი სროლები ჰქონდა სამწამიანიდან. ბოლო სამ სეზონში სამქულიანებს 38.4, 41.1 და 39.2 პროცენტით ისროდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პერიმეტრიდანაც კარგი მსროლელია. ჯრუსთან ერთად, როგორც გამთამაშებელთან მილუოკი პოზიციაზე 1.27 ქულას იღებდა, რაც ბევრად აღემატება საშუალო მაჩვენებელს.

ჰოლიდეი, ბრაუნი და ტეიტუმი იმ ტიპის სამეულია, ყველაფერი რომ შეუძლიათ: ბურთის წამოღება, გათამაშება და სროლების შექმნა, პრაქტიკულად, ყველა დისტანციიდან შეტევა და მაღალი პროცენტით სროლების აღება, ხარისხიანი დაცვა. ზოგადად, ბოსტონი ამ შემადგენლობით NBA-ში ალბათ ყველაზე დაბალანსებული და დიდი რესურსის მქონე გუნდია. და ეს იმის მიუხედავად, რომ წელს მოქმედი ჩემპიონი დენვერის, გაძლიერებული მილუოკის, გოლდენ სტეიტის და ფინიქსის ფონზე NBA-ში კონკურენცია მხოლოდ იზრდება და შემდეგი სეზონი ძალიან კონკურენტული იქნება.

ტეიტუმი-ბრაუნის დუეტს და ნაწილობრივ დერეკ უაითს შეუძლია ჰოლიდეის დაუბალანსოს ის პოტენციური ნაკლოვანება, რომელიც მას აქვს და მილუოკიში ჰქონდა. დაძაბულ მომენტებში და პლეიოფურად ჩაკეტილ თამაშში დაკარგვები და მომენტებში ნაჩქარევი, ცუდი სროლების აღება. ბოსტონს მილუოკიზე ბევრად მეტი ოპცია აქვს ბურთის გათამაშების და სროლების შექმნის პროცესშიც და ზოგადად შეტევაშიც. ჰოლიდეი თუკი დაცვაში მთელი NBA-ს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა, შეტევაში უფრო სოლიდური ეთქმის, ვიდრე სუპერვარსკვლავური.

სმარტის წასვლის მიუხედავად ჯრუსთან და უაითთან ერთად ბოსტონს უკანა ხაზში ძალიან ძლიერი დაცვითი დუეტი ეყოლება.

უფრო მეტ კითხვას იწვევს წინა ხაზი და ცენტრის პოზიცია. შეტევაში პორზინგისთან ერთად სელტიკსი ბევრად ძლიერი იქნება, თუმცა ლატვიელი ვერ შეედრება რობერტ უილიამსს. ახლოსაც კი არ დგას მასთან. თან პორზინგისი ტრავმატულია და მის გარდა სელტიკსს მხოლოდ ვეტერანი ალ ჰორფორდი რჩება.

არადა, ემბიიდის, იანისის და იოკიჩის წინააღმდეგ პოტენციურ სერიებში ბოსტონს ძლიერი სამწამიანი სჭირდება. უილიამსი ბოსტონის დაცვითი სოლიდურობის გარანტი იყო - ის NBA-ს ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. გოლდენ სტეიტთან 2022 წლების სუპერფინალში სელტიკსი +30 ქულით იგებდა იმ წუთებს, როდესაც რობერტ უილიამსი პარკეტზე იყო და -54 ქულით წააგო მის გარეშე გატარებული წუთები.

ფილადელფიასთან თითქმის წაგებულ კონფერენციის ნახევარფინალშიც, ბოსტონი როტაციაში უილიამსისის როლის გაზრდის შემდეგ დაბრუნდა და გაიმარჯვა. უილიამსი მონსტრია საკუთარ ფარზე მოხსნების დროს. ის ასრულებდა იმ მასშტაბის შავ და დაცვით სამუშაოს, რომელიც პორზინგისს და 37 წლის ჰორფორდს არაფრით შეუძლიათ შეასრულონ. წავიდა მეორე, გრანტ უილიამსიც და ესეც იგივე ტენდენციის გაგრძელებაა. მისი წასვლაც დაცვის დასუსტება და ზომის, ათლეტიზმის შემცირებას ნიშნავს.

რობერტ უილიამსი ბოსტონის დაცვის მთავარი ბურჯი იყო

ამ შემთხვევაში კითხვას ის იწვევს, თუ რამდენად ადეკვატური ფასი გადაიხადა ბოსტონმა გაძლიერებაში. სელტიკსს შემდეგი 4 წლის დრაფტის პირველი პიკები შემორჩენილი აქვს და შესაძლოა რობერტ უილიამსის ნაცვლად მათი გამოყენება ჯობდა გაცვლის დროს.

ჯამში გამოვიდა, რომ სელტიკსი უკანა ხაზში გაძლიერდა - სმარტის ნაცვლად იგივე სტილის და უფრო ვარსკვლავური ჰოლიდეი მოვიდა, წინა ხაზში კი დაცვითი რობერტ უილიამსი უფრო შეტევითი სტილის კრისტაპს პორზინგისმა შეცვალა. რაოდენობრივად შემცირდა ბოსტონის როტაციაც - შარშანდელი გუნდის ოთხი წევრი წავიდა (ორი უილიამსი, ბროგდონი და სმარტი) და მხოლოდ ორი მოვიდა.

სელტიკსი უდავოდ უფრო ძლიერი გახდა - ოთხი პოტენციური ოლ სტარი ჰყავს. თუმცა, ეს ბოსტონი უკვე ძალიან სხვანაირია, ვიდრე მისი წინამორბედი გუნდი იყო. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ეს ცვლილება. ბოსტონისთვის ან ახლა, ან არასოდეს მომენტია. ჩემპიონობის გარდა, ნებისმიერი შედეგი ორგანიზაციისთვის კატასტროფა იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები