Thumbnail
  • ედი ჯონსი, შესაძლოა, იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუბრუნდეს
  • მისი ხელძღვანელობით, ავსტრალია მსოფლიო თასის ჯგუფში ჩარჩა

პორტუგალიისა და ტონგას ნაკრებების შემდეგ, დიდი ალბათობაა, 2023 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის გარეშე ავსტრალიის სარაგბო ნაკრები დარჩეს.

როგორც Planet Rugby წერს, 63 წლის ედი ჯონსი პოსტის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა და სავარაუდოა, რომ უახლოეს პერიოდში იაპონიის ეროვნულ გუნდს დაუბრუნდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯონსი იაპონელებთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა, ჯერ კიდევ მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის მიმდინარეობისას გაჩნდა. მაშინ თავად მწვრთნელმა და იაპონიის რაგბის კავშირმა ცნობა უარყვეს, ავსტრალიელებმა კი ყველაფერს მონაჭორი უწოდეს.

ედი ჯონსი იაპონიის ნაკრებს 2012-15 წლებში ავარჯიშებდა

თუმცა, ბოლო დღეებია, იაპონურ მასმედიაში ირწმუნებიან, რომ მოლაპარაკება არათუ მიდიოდა, არამედ, ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, სწორედ ჯონსია უმთავრესი კანდიდატი, რომ იაპონელთა დამრიგებლის პოსტზე ჯეიმი ჯოზეფი შეცვალოს.

აღსანიშნავია, რომ ჯონსს ავსტრალიელებთან კონტრაქტი 2027 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე აქვს, თუმცა, მიმდინარე ტურნირზე ფიასკოს შემდეგ, მისი დათხოვნა სრულიად ლოგიკური იქნება.

2023 წლის მსოფლიო თასზე "ვოლაბებმა" საქართველოსა (35:15) და პორტუგალიას (34:14) სძლიეს, უელსთანა (6:40) და ფიჯისთან (15:22) კი წააგეს და მეოთხედფინალს მიღმა დარჩნენ, რაც მათთვის კატასტროფული შედეგი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ ჯონსი იაპონიის ნაკრებს 2012-15 წლებში ავარჯიშებდა, ავსტრალიაში დანიშვნამდე კი, 7 წელი ინგლისის ეროვნულ გუნდში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები