Thumbnail

შერეული ორთაბრძოლების სამყაროში ბოლო კვირებში დამყარებული სიმშვიდე საკმარისი ნიშანი უნდა ყოფილიყო, რომ მივმხვდარიყავით: ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა - MMA ღმერთებმა კვლავ შემოგვთავაზეს ისტორიის განვითარების თავისებური ხედვა.


ცნობილი გახდა, რომ UFC 294-მდე 10 დღით ადრე, ჩარლზ “Do Bronxs” ოლივეირამ სპარინგის დროს ჭრილობა მიიღო და იძულებული გახდა, მსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონთან, ისლამ მახაჩევთან ბრძოლას ჩახსნილიყო. UFC-ს როგორც ორგანიზაციის, კრიტიკისთვის უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ რამეს ვერ დაუკარგავ: MMA-ს ცვალებადობას მათზე უკეთესად არავინ უმკლავდება. 

კომპანიის პრეზიდენტმა დანა უაითმა სულ რამდენიმე საათში დაადასტურა: აბუ-დაბიში მახაჩევს ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაუპირისპირდება. ცვლილების მიუხედავად, მოვლენების ასეთ განვითარებაზე წუწუნი რთულია. მახაჩევი და ვოლკანოვსკი ერთმანეთს პირველად თებერვალში შეხვდნენ და წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა გვაჩუქეს. თუმცა, ბოლო დღეებმა ორი დივიზიონის წესრიგი სრულიად ამოატრიალა და არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც საუბარი ნამდვილად ღირს. მაშ ასე, დავიწყოთ. 

რამდენად აუცილებელი იყო ოლივეირას ბრძოლიდან ჩახსნა?

ერთი შეხედვით, 10 დღე სპარინგის დროს მიღებული ჭრილობის შესახორცებლად საკმარისი შეიძლება ყოფილიყო. მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც ჭრილობა თვალის ზემოთ, პირდაპირ წარბზეა. აქ კანი განსაკუთრებით ადვილად ზიანდება, ახლადშეხორცებული ჭრილობის გახსნისთვის კი ერთი დარტყმაც საკმარისია. შეზღუდული მხედველობის და ზოგადი დისკომფორტის გარდა, ამ ადგილას გახსნილი ჭრილობა შეიძლება ექიმის მიერ მატჩის დროზე ადრე გაჩერების მიზეზიც გახდეს, როგორც ეს ნეიტ დიასის და ხორხე მასვიდალის ბრძოლაში მოხდა. ამიტომ, ჩარლზ ოლივეირას მხრიდან მატჩიდან ჩახსნის გადაწყვეტილება სრულიად გამართლებულია - რისკი ზედმეტად დიდი იყო, ქამარზე ბრძოლის კიდევ ერთი შანსი კი ბრაზილიელმა შეიძლება საერთოდაც ვეღარ მიიღოს.

ვოლკანოვსკის გარდა, ოპონენტის სხვა ვარიანტი იყო?

ცვლილებათა ქარიშხალში არ გამოგვრჩეს ერთი ძალიან საინტერესო მომენტი: საჩემპიონო ბრძოლას სათადარიგო მებრძოლი - მატეუშ გამროტი - ჰყავდა. ოლივეირას ან მახაჩევის ბრძოლიდან ჩახსნის შემთხვევაში, მატეუშს მიეცემოდა შანსი, ქამარზე ეჩხუბა. ამისთვის ის ვალდებული იყო, აბუ-დაბიში ჩასულიყო და, სატიტულო ბრძოლის მონაწილეების მსგავსად, წონა ჩაებარებინა. ამ შეთანხმების მიუხედავად, ოლივეირას ტრავმის გასაჯაროების შემდეგ, მახაჩევთან ბრძოლა ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესთავაზეს.

ორგანიზაციის მხრიდან ეს გადაწყვეტილებაც გასაგებია - მახაჩევის ვოლკანოვსკისთან მეორე დაპირისპირება ფანებისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა. დიდი ალბათობით, მატეუშ გამროტი სათადარიგო მებრძოლის სტატუსს კვლავაც შეინარჩუნებს და UFC294-ს წინ მას აბუ-დაბიში მაინც ვიხილავთ.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიდ რისკზე მიდის

არ არსებობს ორი მოსაზრება: ამ ჩხუბზე თანხმობით ვოლკანოვსკი ბევრს რისკავს. მიუხედავად იმისა, რომ მახაჩევთან პირველმა დაპირისპირებამ ავსტრალიელისთვის საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა (MMA-ს მოყვარულთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ალექსმა ბრძოლა მოიგო), დღევანდელი სიტუაცია კარდინალურად განსხვავდება. UFC 294-მდე სულ რაღაც 10 დღეა დარჩენილი. მართალია, ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონის ჩემპიონია და მაღალ წონაში საასპარეზოდ წონის დიდი გდება არ მოუწევს, მაგრამ საკითხავია მისი ფიზიკური მდგომარეობა. 

მახაჩევს ამ ბრძოლისთვის მოსამზადებლად სრული კემპი აქვს გავლილი, ის აბუ-დაბიში დიდი ხნის წინ ჩავიდა და აკლიმატიზაციაც გაიარა. ვოლკანოვსკის სამუშაო ეთიკა ცნობილია და არავისთვისაა საიდუმლო, რომ ის ფიზიკურ ფორმას წელიწადში 365 დღე ინარჩუნებს, თუმცა ბრძოლისთვის მოსამზადებელ 12-კვირიან კემპს თავისი სპეციფიკა და წესები აქვს. რთულია ვამტკიცოთ, რომ უდაბნოს კლიმატისა და 25-წუთიანი ბრძოლისთვის ალექსი და ისლამი, გამძლეობის კუთხით, თანაბრად მომზადებულები იქნებიან. გარდა ამისა, ავსტრალიელმა სულ რაღაც ორი თვის წინ ხელზე ოპერაცია ჩაიტარა და საკითხავია, რამდენად საკმარისი აღმოჩნდება ეს პერიოდი სრული რეაბილიტაციისთვის. 

უნდა ვაღიაროთ, ვოლკანოვსკის ადგილას ამ შეთავაზებას ძალიან ცოტა ადამიანი დათანხმდებოდა. ხაბიბ ნურმაგომედოვის შემდეგ, დივიზიონის ისტორიაში ყველაზე დომინანტური მებრძოლის აბუ-დაბიში დამარცხება, როდესაც ამისთვის მოსამზადებლად სულ რაღაც 10 დღე გქონდა, ფაქტობრივად, შეუსრულებელი მისიაა. თუმცა, თუ არსებობს დედამიწაზე ვინმე, ვისაც ეს შეუძლია, ეს ადამიანი ალექსანდრ “The Great” ვოლკანოვსკია.

2016 წლის ისტორია მეორდება?

ამ ამბავს დადებითი მხარეც აქვს: ისლამთან ბრძოლაზე თანხმობით ვოლკანოვსკი არაფერს რისკავს. მის გამარჯვებას ცოტა ვინმე ელის, რაც იმას ნიშნავს, რომ ავსტრალიელი არანაირ ფსიქოლოგიურ ზეწოლას არ იგრძნობს. მახაჩევს კი პირიქით, ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. როგორც უკვე აღვნიშნე, ადამიანთა დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მან ვოლკანოვსკისთან პირველი ბრძოლა წააგო. ფანების თვალში, მახაჩევი ვალდებულია, რომ დომინანტური პერფორმანსი აჩვენოს და ვოლკანოვსკი მარტივად დაამარცხოს. რაც, რა თქმა უნდა, ადვილად სათქმელი და რთულად შესასრულებელია.

ზოგადად, ეს სიტუაცია ლუკ როკჰოლდსა და მაიკლ ბისპინგის მეორე ბრძოლას მაგონებს. მაშინაც, პირველ შეხვედრაში დამარცხებული ბისპინგი რევანშს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე დათანხმდა და მისი გამარჯვების თითქმის არავის სჯეროდა, რამაც, რა თქმა უნდა, ბრიტანელს ჩემპიონის დანოკაუტებასა და სანატრელი ტიტულის მოპოვებაში ხელი სულაც არ შეუშალა.

რა ბედი ელის ვოლკანოვსკის ბრძოლას ილია თოფურიასთან?

MMA-ს ქართველ მოყვარულთათვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ვოლკანოვსკის თოფურიასთან დაპირისპირების სტატუსი. მოგეხსენებათ, ქვემსუბუქ ტიტულზე ბრძოლის საკითხი თითქმის გადაწყვეტილი იყო - შეხვედრა იანვრის ბოლოს იგეგმებოდა. ამ შემთხვევაში, ილია თოფურია გახდებოდა პირველი ქართველი, ვისაც UFC ქამარზე ბრძოლის შანსი მიეცემოდა. ახლა კი, განვითარებული მოვლენების ფონზე, ეს ბრძოლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა… თუ არა?

საქმე ისაა, რომ თოფურიასთან სავარაუდო ბრძოლამდე 3 თვეზე მეტი დროა დარჩენილი, ვოლკანოვსკი კი იმ იშვიათ ჩემპიონთა რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც აქტივობა უყვარს. ავსტრალიელი წელიწადში საშუალოდ 2-3-ჯერ იბრძვის და ერთადერთი, რაც ამ განრიგზე ნეგატიურად აისახება, ტრავმებია. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ თუ მახაჩევთან ბრძოლაში რამე სერიოზული დაზიანება არ მიიღო, ის იანვარში საკუთარი ტიტულის დაცვას მაინც ისურვებს.

ხოლო თუკი ავსტრალიელი ჩემპიონი იანვარში ბრძოლას ვერ შეძლებს, არსებობს იმის ალბათობა, რომ ორგანიზაცია დროებით ქამარს თოფურიასა და მაქს ჰოლოვეის შორის გაათამაშებს.

და ბოლოს…

ჩარლზ ოლივეირას ერთმა “უვნებელმა” სპარინგ სესიამ ორი დივიზიონის გეგმები, ბანქოს დასტასავით, სრულად არია. გარდა ამისა, ჩაიშალა ხამზატ ჩიმაევის ბრძოლაც პაულო კოშტასთან. მიზეზი - ბრაზილიელის მიერ იდაყვზე ახლადჩატარებული ოპერაცია. კოშტას ნაცვლად, ჩიმაევი ქვესაშუალო წონის ყოფილ ჩემპიონ კამარუ უსმანს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ბრძოლა 185 ფუნტის წონაში გაიმართება, თუმცა გაუგებარია, რამდენად იმოქმედებს მისი შედეგი დივიზიონის მომავალზე.

რთულია იმის ვარაუდი, თუ რა მოხდება 24 ოქტომბერს აბუ-დაბიში. ამიტომაც, მოდით, უბრალოდ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ათლეტებს კი ამასობაში ჯანმრთელობა ვუსურვოთ.

Dudey
Dudey - კრისტინა ავსარქისოვას ფსევდონიმი და სასცენო სახელია. ელექტრონული მუსიკოსი და Windfor’s Tbilisi-ს კრეატიული ქოფირაითერი. ის ბოლო 6 წელი თითქმის ყოველ კვირა დღეს, გამთენიისას, ოქტაგონზე გამართული ბატალიების ყურებით იწყებს. დუდის სჯერა, რომ თითო ბრძოლის უკან განსაკუთრებული ისტორია იმალება და სწორედ ამ ისტორიების მოყოლას ცდილობს europop-ზე და თავის Facebook-გვერდზე She Loves The Gloves.

კომენტარები

ბოლო ამბები