Thumbnail

საქართველოს ნაკრებს ასეთი უპირატესობა არასდროს, არცერთი ნაკრების წინააღმდეგ არ ჰქონია. ტოტალური უპირატესობა სუსტ მეტოქესთან მრავალ რეკორდში აისახა. ხოლო აიაქსის ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი პოკერი შეასრულა. 1997 წლის რეკორდი, ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება (7:0 სომხეთთან) მოხსნილია. 

საქართველოს ნაკრებმა 8 გოლი ისტორიაში პირველად გაიტანა

"მიხეილ მესხზე" ამხანაგურ მატჩში ვილი სანიოლის ნაკრებმა ტაილანდს უმასპინძლა და ნამდვილი რბევა მოუწყო. 

ვილი სანიოლმა საფეხბურთო თვალსაზრისით, ეგზოტიკურ მეტოქესთან ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა. თამაში საქართველოს ნაკრების სრული შტურმით დაიწყო, რასაც ხშირად ვერ ნახავთ, განსაკუთრებით აქტიურობდნენ ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი. მე-9 წუთზე ზურიკომ შესანიშნავი ჩახვეული დარტყმით გახსნა ანგარიში - 1:0. სამ წუთში ჩაკვეტაძის კუთხურს ლუკა ლოჩოშვილის თავური მოჰყვა - 2:0. მხოლოდ ამის შემდეგ განელდა საქართველოს ნაკრების შტურმი.

ლუკა ლოჩოშვილმა ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა

24-ე წუთზე ცველის შეცდომას დავითაშვილის მეკარესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა, მეკარემ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ იქვე მიქაუტაძემ დაამატა - 3:0. მალე გიორგიმ დუბლი შეასრულა, ლობჟანიძის საგოლე პასის მერე, ახლო მანძილიდან - 4:0. მიქაიტაძემ 17 წუთიან მონაკვეთში ჰეთ თრიკი შეასრულა, ამჯერად საგოლე პასი ჩაკვეტაძისაა. ტაიმი საქართველოსთვის რეკორდული ანგარიშით, 6:0 მორჩა, ზურიკო დავითაშვილმა დუბლის შესრულება შეძლო. 

პირველი პოკერის ავტორი საქართველოს ნაკრების ისტორიაში

ნაკრების რეკორდი - 7:0 - უკვე 56-ე წუთზე გამეორდა, როცა მიქაუტაძემ მისივე მოპოვებული პენალტი გაიტანა და ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, ვინც პოკერი შეასრულა. 

ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა ხვიჩამაც გაიტანა

ნაკრებისთვის რეკორდული, მე-8 გოლი შეცვლაზე შესულმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ამის შემდეგ ხვიჩა ბევრს ეცადა, მაგრამ სტუმართა მეკარემ დუბლი არ შეასრულებინა. 

ჩაკვეტაძის ანგარიშზე ასისტების დუბლია

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ოფიციალურ მატჩებს დაუბრუნდება, "მიხეილ მესხზე" თემურ ქეცბაიას კვიპროსს ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში უმასპინძლებს. 

საქართველო 8:0 ტაილანდი

გოლები: 1:0 დავითაშვილი (9), 2:0 ლოჩოშვილი (12. ჩაკვეტაძის პასით), 3:0 მიქაუტაძე (24), 4:0 მიქაუტაძე (37. ლობჟანიძის პასით), 5:0 მიქაუტაძე (41. ჩაკვეტაძის პასით), 6:0 დავითაშვილი (44. მექვაბიშვილის პასით), 7:0 მიქაუტაძე (56-პენალტი), 8:0 კვარაცხელია (66. ალთუნაშვილის პასით)

საქართველო (3-4-1-2): ლორია - კვერკველია (58. კაშია), გელაშვილი, ლოჩოშვილი - ლობჟანიძე, ქოჩორაშვილი (46. ალთუნაშვილი), მექვაბიშვილი, შენგელია (74. აზაროვი) - ჩაკვეტაძე (58. სიგუა) - მიქაუტაძე (58. კვარაცხელია), დავითაშვილი (46. ზივზივაძე).  

კომენტარები

ბოლო ამბები