Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტაილანდის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სარეკორდო სხვაობით მოიგო - 8:0.

მატჩის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა (დუბლის ავტორი), ლუკა ლოჩოშვილმა (სადებიუტო გოლი გაიტანა) და გიორგი მიქაუტაძემ (პოკერი გაიფორმა და რეკორდი დაამყარა) კომენტარები გააკეთეს.

ზურიკო დავითაშვილი: "რა თქმა უნდა, ძალიან რთული თამაში არ ყოფილა, მაგრამ ეს ჩვენი დამსახურებაა, რადგან კარგად ვითამაშეთ, ფსიქოლოგიურად მოედანზე მოდუნებულები არ გავედით, რახან ტაილანდს ვეთამაშებოდით და ეს შედეგშიც აისახა. ფსიქოლოგიურად ძალიან კარგი იყო ეს მოგება იმ თამაშების მერე, რომელიც გამოვიარეთ. წაგვადგება ეს კვიპროსთან მატჩის წინ, რომელთანაც ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და გვერდში დაგვიდგნენ, იმედია, კვიპროსთან გაივსება სტადიონი და ერთად გავიმარჯვებთ. რეკორდებზე საერთოდ არ ვფიქრობდით, უნდა გვეთამაშა კარგი ფეხბურთი, რაც ვარჯიშებზე დავამუშავეთ და ყველაფერი გამოგვივიდა და რეკორდული გამარჯვებაც თავისით მოვიდა. ბიჭებმა წინა სანაკრებო შეკრების შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ ერთმანეთში, სხვა მოტივაციით ჩამოვედით ახლა. რა თქმა უნდა, შემართება წინაზეც იყო, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება. კარგია, რომ ასე მოვიგეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე ძალიან ძლიერი არ იყო. იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ. გოლებით თვითრწმენის ამაღლებაში გეხმარება, რაც არ უნდა მეტოქე გყავდეს, ასეთი გამარჯვება სხვა გრძნობა და მოტივაციაა. ბორდოს ახალ მწვრთნელს რაც შეეხება, არ ვიცოდი მისი კარიერა, სიმართლე გითხრათ, ახლა ვნახე და მოუთმენლად ველოდები მასთან პირველ შეხვედრას".

ლუკა ლოჩოშვილი: "რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა დამაჯერებელი გამარჯვება, რაც გუნდს ძალიან სჭირდებოდა წინა მატჩებიდან გამომდინარე. ეს მოგება ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. რეკორდიც ძალიან სასიხარულოა და ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი სადებიუტო გოლით და იმედი მაქვს, რომ კიდევ გავიტან, რადგან ნაკრებში გოლი ორმაგად სასიხარულოა. ნაკრებში დაბრუნებაც გასახარია, ჩემი აზრით, ყოველთვის მზად ვარ ნაკრებში სათამაშოდ. გუნდში ახლა სტაბილურად და კარგად ვთამაშობ, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ნაკრებში კიდევ ბევრჯერ ვითამაშებ და დავეხმარები გუნდს. კვიპროსთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია წინა მატჩებიდან გამომდინარე, რადგან საჭიროა ერთა ლიგის წინ დადებითი თამაშების ჩატარება, რომ დადებითი განწყობით შევხვდეთ ერთა ლიგას. კვიპროსთან სტუმრად დამსახურებულად მოვიგეთ და ვფიქრობ, საკუთარ მოედანზე ყველა მეტოქესთან მოსაგებად უნდა ვითამაშოთ".

მიქაუტაძე პოკერის და რეკორდის ავტორი გახდა

გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან მჭირდებოდა ეს გოლები და მიხარია, რომ ისტორიაში შევედი. 4 გოლი ყოველ თამაშში ვერ გაგაქვს ფეხბურთელს, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ. მზად ვარ კვიპროსთანაც გავიტანო გოლები. აიაქსში არ მაქვს ბევრი სათამაშო დრო, როცა მათამაშებენ, მაშინაც ფლანგზე, ვარჯიშებზე ყველაფერს ვაკეთებ და ველოდები, რომ ფორვარდის პოზიციაზე შანსს მომცემენ. დღეს ვილიმ მომცა შანსი ფორვარდის პოზიციაზე და ძალიან გახარებული ვარ, რომ გამოვიყენე. ყველა თამაშში მინდა ყველას ვაჩვენო, რომ შემიძლია გოლების გატანა და გოლების გატანა. მიხარია, რომ შოთა არველაძის რეკორდი მოვხსენი".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მოიგო და გაუმჯობესდა 1997 წელს სომხეთთან გამარჯვების რეკორდი (7:0). გარდა ამისა, გიორგი მიქაუტაძე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში პოკერი შეასრულა.

ვილი სანიოლის გუნდი 15 ოქტომბერს, თბილისში, "მიხეილ მესხის" სტადიონზე ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩს ჩაატარებს კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ. თამაში 17:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები