Thumbnail

ნეიმარს თავში მოარტყეს და თანაც, ეს ბრაზილიელმა ფანმა გააკეთა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაზილიისა და ვენესუელის ნაკრების მატჩში მცირე სკანდალი მოხდა
  • მოედნიდან გასვლისას ნეიმარს თავში პოპკორნის ყუთი მოარტყეს

არგენტინის ნაკრებისგან განსხვავებით, ბრაზილიამ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის ზედიზედ მესამე თამაში ვეღარ მოიგო - “სელესაომ” ვენესუელასთან საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა, თამაშის შემდეგ კი ბრაზილიელთა კაპიტანი და სუპერვარსკვლავი ნეიმარი მოექცა ყურადღების ცენტრში.

როცა ნეიმარი მოედნიდან გადიოდა, მას ტრიბუნიდან პოპკორნის ყუთი ესროლეს და თავში მოარტყეს!

ბრაზილიის ნაკრების ლიდერს ამაზე მაშინვე მკაცრი რეაქცია ჰქონდა - პუბლიკას ლანძღვა-გინება დაუწყო და კატაკომბებში თანაგუნდელებმა შეიყვანეს. მატჩის შემდეგ ნეიმარი ემოციებს ვერ იკავებდა და ძალიან გაბრაზებული ჩანდა, რადგან უდიდესი ალბათობით, მას პოპკორნის ყუთი ბრაზილიის ნაკრების ფანმა ესროლა. 

'ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს, გაუნათლებელია და შვილებს კარგად ვერ აღზრდის - ნეიმარი'

“ძალიან სამწუხარო ამბავია. აქ შვებულების გასატარებლად ან სასეირნოდ არ ჩამოვსულვარ. ჩამოვედი იმისთვის, რომ გავაკეთო ის, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს - ანუ, ვითამაშო ფეხბურთი და წარმოვადგენდე ჩემს ქვეყანას,” - განაცხადა ნეიმარმა. 

მან, რა თქმა უნდა, ისიც თქვა, რომ ის და მისი თანაგუნდელები ყველაფერს აკეთებენ, რომ თამაშები მოიგონ, მაგრამ ამჯერად მათი ეს მონდომება შედეგში ვერ აისახა. ნეიმარმა დასძინა, რომ იმ მომენტში არ დაუნახავს, ვინ ესროლა პოპკორნის ყუთი, მაგრამ მის შესახებ მკაფიო მოსაზრება აქვს: “ადამიანი, რომელიც ასეთ რამეს აკეთებს, გაუნათლებელია. ის საკუთარ შვილებს კარგად ვერ აღზრდის.” 

ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 მატჩის შემდეგ 7 ქულა აქვს და ლიდერ არგენტინას 2-ით ჩამორჩება. ნეიმარს და კომპანიას მომდევნო მატჩი 18 ოქტომბერს ელოდებათ - ურთულესი შეხვედრა მონტევიდეოში, ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ.

კომენტარები

ბოლო ამბები