Thumbnail

ლევან მაისაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი
  • ლევან მაისაშვილმა "ბორჯღალოსანთა" დამრიგებლის პოსტი დატოვა
  • აღნიშნული ცნობა რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა, სოსო ტყემალაძემ გაავრცელა

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში, გადაცემაში "სპორტი იმედზე", განაცხადა, რომ "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან მაისაშვილმა დატოვა. 

ტყემალაძემ თქვა, რომ მაისაშვილის წასვლაზე საუბარი მსოფლიოს თასზე გამოსვლამდე განიხილებოდა. 

"ლევან მაისაშვილმა განცხადება დაწერა და დღეიდან ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. გავაანალიზეთ ძალიან ბევრი რამ, არ დავმალავ, ეს საუბრები ჩვენ მსოფლიოს ჩემპიონატამდეც გვქონდა. ლევანთან შეთანხმებით, ნაკრების ახალი მწვრთნელის შერჩევამდე ის შავ ლომს უხელმძღვანელებს და იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის მარტის მატჩებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი გვეყოლება. 

მაისაშვილს მადლობა უნდა გადავუხადო, რადგან ჩვენი ნაკრების ისტორიაში ასეთი შედეგები არავის ჰქონია - იტალიისა და უელსის დამარცხება სასწაული იყო. დროებითი მწვრთნელის სტატუსით როცა უძღვებოდა გუნდს, დასახული გეგმები 500%-ით შეასრულა და არანაირი უფლება არ გვქონდა, რომ მსოფლიოს თასზე გუნდის წაყვანის საშუალება არ მიგვეცა. ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიზნად დასახული ორი შეხვედრის მოგება გვქონდა, თუმცა ტურნირზე გამოსვლის მიუხედავად განიხილებოდა მისი ნაკრებიდან წასვლა. ამ პოსტის დატოვება არ ნიშნავს, რომ მაისაშვილი ქართული რაგბის დატოვებს, ჩვენ მას უახლოეს მომავალში ძალიან კარგი წინადადებით მივმართავთ," - თქვა ტყემალაძემ. 

რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ გვერდთან კომენტარი თავად მაისაშვილმაც გააკეთა. 

ლევან მაისაშვილი

"მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებლობის ანალიზის შედეგად გადავწყვიტე მთავარი მწვრთნელის პოზიციის დატოვება. გასული 4 წელი იყო უმნიშვნელოვანესი და მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები ჩემი გუნდის – მათი თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის. ვამაყობ იმით, რასაც ერთად მივაღწიეთ. მე მჯერა, რომ ჩვენი პროგრესი თვალსაჩინოა და მომავალი კიდევ უფრო ნათელია რადგან ჩვენს 20 და 18-წლამდე ნაკრებებში მოდიან ახალგაზრდა თაობის გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშეები. მინდა მადლობა გადავუხადო სოსო ტყემალაძეს და რაგბის კავშირის გამგეობას ჩემ მიმართ გამოხატული ნდობისთვის. მადლობა ქართულ სარაგბო კლუბებს, მათი მხარდაჭერისთვის და ეროვნული ნაკრების განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. მადლობა ქართველ გულშემატკივარს – ისინი ყველგან და ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ."

ლევან მაისაშვილი საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, იქამდე მილტონ ჰეიგის ასისტენტი გახლდათ. მისი მწვრთნელობის დროს საქართველოს გუნდმა ისტორიაში პირველად დაამარცხა "6 ერის" ნაკრები (ჯერ იტალია, შემდეგ უელსი) და რაგბის ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ 4-ჯერ მოიგო. მისი ხელმძღვანელობით "ბორჯღალოსნებმა" 2023 წლის მსოფლიოს თასზე ითამაშა და ტურნირი მოგების გარეშე დაასრულა. საქართველოს ნაკრების გარდა, მაისაშვილი პირველი ქართული ფრენჩაიზის, შავი ლომის მთავარი მწვრთნელიც გახლდათ და როგორც ტყემალაძემ თქვა, ჯერ ამ პოზიციას შეინარჩუნებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები