Thumbnail
  • საფრანგეთი 28:29 სამხრეთ აფრიკა
  • ინგლისი 30:24 ფიჯი
  • ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია

ბევრი ლელო, სანახაობა და დრამატული დასასრული - ყველაფერი, რის გამოც რაგბი გვიყვარს მსოფლიო თასის ბოლო მეოთხედფინალში იყო, რომელშიც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა პარიზში დაუპირისპირდნენ. მატჩი, საბოლოო ჯამში, აფრიკელების გამარჯვებით 29:28 დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

საფრანგეთის ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში დაუბრუნდა წამყვანი მოთამაშე, ანტუან დუპონი, რომელმაც ნამიბიასთან შეხვედრაში ყბის ძვალი გაიტეხა. "ლე ბლეს" ცხრიანი, ტრავმის მიუხედავად, ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დუპონი საფრანგეთს ამ მნიშვნელოვან მატჩში დაუბრუნდა

პირველი ტაიმი ფრანგებმა აქტიურად დაიწყეს და მატჩის პირველი ლელოც ძალიან მალე, მე-4 წუთზე სირილ ბაიმ დადო, გარდასახვა კი ზუსტად თომას რამოსმა შეასრულა. "ლე ბლეს" ამის შემდეგაც შეეძლო კიდევ ერთი ლელოს დადება, მაგრამ ეს სამხრეთაფრიკელებმა მოახერხეს - არეულობით კურტ-ლი არენდსემ ისარგებლა, მანი ლიბოკმა კი გარდასახვის შედეგად ანგარიში გაათანაბრა. "ქურციკებმა" მალევე წინ გასვლაც შეძლეს, ამჯერად, დამიან დე ალენდე გამოირჩა, მაგრამ ამას ფრანგების, კერძოდ კი, პეატო მოვაკას ლელო მოჰყვა. შესვენებამდე გუნდებმა თითო-თითო ლელოს გატანა კიდევ შეძლეს - სამხრეთ აფრიკის მხრიდან ჩესლინ კოლბი გამოირჩა, ფრანგებიდან კი დუბლი სირიმ ბაიმ შეასრულა. ტაიმის მიწურულს ყვითელი ბარათი მიიღო ებენ ეთზებეთმა, ჯარიმით კი მასპინძლებმა ისარგებლეს და რამოსის მიერ ბოლო წამზე მოპოვებული სამი ქულით პირველი ნახევარი მოიგეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში თავისი გუნდის უპირატესობა ჯარიმის მეშვეობით 6 ქულამდე კვლავ რამოსმა გაზარდა. "სტად დე ფრანსზე" შეკრებილმა გულშემატკივრებმა განსხვავებული ტაიმი იხილეს. 41-ე წუთიდან 67-ე წუთამდე ვერცერთმა გუნდმა შედეგიანი შეტევის განხორციელებმა ვერ მოახერხა, შემდეგ კი ეთზებეთმა ძალისმიერი ლელო დადო, ანდრე პოლარდმა კი თავისი გუნდი დააწინაურა. რამოსმა სხვაობის 1 ქულამდე შემცირება მოახერხა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნახევარფინალში მაინც სამხრეთ აფრიკა გავიდა.


დღეს ამ შეხვედრამდე, კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ინგლისმა ფიჯის ნაკრებს ძლივს მოუგო 30:24. მიუხედავად იმისა, რომ კუნძულელები 10 ქულით აგებდნენ, ბოლოს გათანაბრებმა მაინც მოახერხეს, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და ინგლისს ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოუგეს. ამრიგად, სამხრეთ აფრიკა ნახევარფინალში სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება.

ნახევარფინალები

20 ოქტომბერი - არგენტინა V ახალი ზელანდია

21 ოქტომბერი - ინგლისი V სამხრეთ აფრიკა

კომენტარები

ბოლო ამბები