Thumbnail

ტაილანდის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში 8:0 საქართველოს ნაკრების ძალების საზომად ვერ გამოდგებოდა, მთავარი იყო, როგორ ითამაშებდა ეროვნული გუნდი კვიპროსთან ოფიციალურ მატჩში - გამოავლენდა თუ არა ისევ ხასიათს და დაგვავიწყებდა თუ არა იმ კოშმარულ თამაშს, რაც წინა პაუზის დროს, ესპანეთთან და ნორვეგიასთან აჩვენა. მართალია, არც კვიპროსია ის გუნდი, რომ ამ მოგებამ ზედმეტი ილუზიები შეგვიქმნას, მაგრამ ნაკრებმა რეალურად დაიბრუნა კარგი განწყობა, თავდაჯერება და განსაკუთრებით მეორე ტაიმში აჩვენა ის თამაში, რასაც გულშემატკივარი ელოდება - 4:0 და ბოლო ორ თამაშში ჯამში 12:0 ზუსტად იმ საქმეს აკეთებს, რაც ვილი სანიოლის გუნდს ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა.


ეროვნული ნაკრები | პლეი ოფში თურქეთი აღარ შეგვხვდება

თურქეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოს ნაკრების კონკურენტი აღარ იქნება. თურქეთის გამოკლება იმასაც ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში არა ყაზახეთს, არამედ სხვა მეტოქეს უმასპინძლებს. დღეის მონაცემებით აზერბაიჯანს, რადგან საბერძნეთიც ევროშესარჩევში გამსვლელ პოზიციაზეა, თუმცა შეიძლება მეტოქე ლუქსემბურგიც იყოს, რომელსაც ასევე აქვს შესარჩევი ეტაპიდან ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი. მოკლედ, ბევრი ვარიანტია, შეიძლება საბერძნეთიც გავიდეს მანამდე ფინალურ ეტაპზე და საქართველოს კონკურენტთა რიგებს კიდევ ერთი ძლიერი მეტოქე მოაკლდეს. ამჟამად დანამდვილებით ისაა ცნობილი, რომ თურქეთი არ ითამაშებს პლეი ოფში და საქართველო ნახევარფინალში ყაზახეთს არ შეხვდება.

📋 | რა მდგომარეობაა პლეი ოფისთვის დღეს - დეტალურად, წაიკითხეთ აქ.

ეროვნული ნაკრები | სანიოლი: ეს უკვე სხვა ჩაკვეტაძეა

საქართველოს ნაკრების თამაშში ერთ-ერთი მთავარი პოზიტივი ის იყო, რომ შესანიშნავად ითამაშა გიორგი ჩაკვეტაძემ. აი, რა თქვა ვილი სანიოლმა მის შესახებ: "პირველ ტაიმში ჩაკვეტაძე ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ჩვენი თამაშისთვის სისწრაფის მიცემას ცდილობდა. მეორე ნახევარში კიდევ უკეთ ითამაშა და ნაკრებისთვის ბევრი შანსი შექმნა. მე გიორგის ნაკრებში სულ ვიძახებდი, მაშინაც კი, როცა კლუბში ვერ თამაშობდა. ახლა ჩაკვეტაძის სახით, სრულად ახალ, სრულყოფილ, ფიზიკურად ძლიერ ფეხბურთელს ვიღებთ, ინგლისში თამაში მას პროგრესში ძალიან დაეხმარა. გიორგიმ რთული პერიოდი გადალახა და ახლა ძალებს იკრებს."

📋 | კიდევ რაზე ისაუბრა სანიოლმა მატჩის შემდეგ, წაიკითხეთ აქ.

კვიპროსის ნაკრები | ქეცბაია: როდის დასრულდება ეს კოშმარი

თემურ ქეცბაიას გუნდს 7 თამაშის შემდეგ 0 ქულა აქვს. საქართველოს ნაკრების ლეგენდა ძალიან იმედგაცრუებულია. "ერთი სული მაქვს, ეს კოშმარი როდის დასრულდება. ერთი მატჩი დაგვრჩა და ვნახოთ, როგორ გავაგრძელებთ შემდეგ. საქართველოს ნაკრები თამაშობს პლეი ოფს, ერთა ლიგაზე ჩვენი დივიზიონი მოიგეს და როცა ასეთ გუნდს პირველ ტაიმში კარგად ვეთამაშეთ, ნიშნავს, რომ რაღაცების კარგად გაკეთება ჩვენც შეგვიძლია." - თქვა ქეცბაიამ მატჩის შემდეგ.

რაგბი | მაისაშვილი ბორჯღალოსნების მწვრთნელი აღარ არის

საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა სოსო ტყემალაძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ "ბორჯღალოსანთა" მთავარი მწვრთნელის პოსტი ლევან მაისაშვილმა დატოვა. ტყემალაძემ თქვა, რომ მაისაშვილის წასვლაზე საუბარი მსოფლიოს თასზე გამოსვლამდე განიხილებოდა. "იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის მარტის მატჩებისთვის ახალი მთავარი მწვრთნელი გვეყოლება." - აღნიშნა მან.

📋 | ტყემალაძის კომენტარი ვრცლად წაიკითხეთ აქ.

რაგბი | დრამა და სანახაობა პარიზში

ბევრი ლელო, სანახაობა და დრამატული დასასრული - ყველაფერი, რის გამოც რაგბი გვიყვარს, მსოფლიო თასის ბოლო მეოთხედფინალში იყო, რომელშიც ერთმანეთს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა პარიზში დაუპირისპირდნენ. მატჩი, საბოლოო ჯამში, აფრიკელების გამარჯვებით 29:28 დასრულდა და ყველა ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა. საფრანგეთის ნაკრებს ამ მნიშვნელოვან მატჩში დაუბრუნდა წამყვანი მოთამაშე, ანტუან დუპონი, რომელმაც ნამიბიასთან შეხვედრაში ყბის ძვალი გაიტეხა. "ლე ბლეს" ცხრიანი, ტრავმის მიუხედავად, ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

📋 | რა მოხდა მეოთხედფინალში და რა გველოდება ნახევარფინალში, წაიკითხეთ აქ.

კომენტარები

ბოლო ამბები