Thumbnail
  • მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კლასიფიკაციაში პირველობა დაიბრუნა
  • მორიგ ცვლილებებს მსოფლიო თასის ნახევაფინალების შემდეგ უნდა ველოდეთ

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო რაგბის რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა და თუკი ტიტულის შენარჩუნება შესძლო, მდგომარეობას კიდევ უფრო გაიმყარებს.

“ქურციკებმა” ლიდერის პოზიციაზე მე-3 ადგილიდან გადაინაცვლეს, რაც მსოფლიო თასის მეოთხედფინალში მასპინძელ საფრანგეთთან დრამატულმა გამარჯვებამ (29:28) განაპირობა. აღნიშნულის წყალობით, აფრიკელებმა 2.78 ქულა შეიმატეს, ფრანგებს კი ამდენივე დააკლდათ და მეორედან მეოთხე საფეხურზე აღმოჩნდნენ.

სარაგბო რეიტინგი 16 ოქტომბრის მდგომარეობით

კლასიფიკაციაში მე-2 პოზიციას უწია ახალმა ზელანდიამ, რომელმაც კიდევ ერთ სანახაობრივ მეოთხედფინალში ირლანდიას 28:24 სძლია. ეს, “სამყურებს” პირველობის დაკარგვად დაუჯდათ და რეიტინგში უკვე მესამენი არიან.

პლეი ოფში წარმატებული თამაში დაუფასდათ ინგლისსა და არგენტინას, რომელთაც შესაბამისად ფიჯი (30:24) და უელსი (29:17) დაამარცხეს. “ვარდებმა” შოტლანდიას გადაასწრეს და მე-5 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო “პუმებმა” უკან სწორედ უელსი მოიტოვეს და მე-8 საფეხურს უწიეს.

ამჯერად, ცვლილებები არ შეხებია საქართველოს ნაკრებს, რომელიც მსოფლიო თასის სტარტს მე-11 პოზიციაზე შეხვდა, ამჟამად კი 72.68 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება და წელს ამ მხრივ აღარაფერი შეიცვლება.

მსოფლიო რეიტინგში მორიგ ცვლილებებს მსოფლიო თასის ნახევარფინალების შემდეგ უნდა ველოდეთ. შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს არგენტინა ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, 21-ში კი ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის თამაშია დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები