Thumbnail

‘ასე წასვლა არ მინდა, ვრჩები!’ - ედი ჯონსი ავსტრალიელთა გადაწყვეტილებას ელოდება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მსოფლიო თასზე ისტორიული ფიასკოს მიუხედავად ედი ჯონსს გადადგომა არ სურს
  • ავსტრალიის ნაკრების მწვრთნელმა გადაწყვეტილებაზე ისაუბრა

მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული ფიასკო განიცადა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი თანამდებობაზე რჩება.

“დიახ, ვრჩები!” - განაცხადა 63 წლის სპეციალისტმა სიდნეიში, - “ავსტრალიური რაგბისთვის ბევრი გავაკეთე და მინდა, რომ უკეთეს სიტუაციაში წავიდე.”

ჯონსს 4-წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, რომელსაც ვადა მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეწურება. შეასრულებინებენ თუ არა ხელშეკრულებას ბოლომდე, ეს ჯერ არ არის გადაწყვეტილი. “ამას მე არ ვწყვეტ. მე მხოლოდ მწვრთნელი ვარ და ვამბობ, რასაც პირადად მე ვფიქრობ.” - დასძინა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ავსტრალიამ მსოფლიო თასზე ჯგუფური ეტაპი ისტორიაში პირველად ვერ გადალახა, დამარცხდა რა ფიჯისთან და უელსთან. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ტურნირის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ჯონსი იაპონიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს ესაუბრა. “არავისთან მილაპარაკია. არ ვიცი, საიდან ვრცელდება ეს ჭორები.” - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ჯონსი იაპონიის ნაკრებს 2012-15 წლებში ავარჯიშებდა, ავსტრალიაში დანიშვნამდე კი, 7 წელი ინგლისის ეროვნულ გუნდში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები