Thumbnail
  • საბა საზონოვმა ტრავმა მოიშუშა და სავარაუდოდ, მომავალ ტურში დაბრუნდება
  • ტორინოსა და მილანის ინტერის მატჩი 21 ოქტომბერს არის დაგეგმილი

ტორინოს ქართველმა მცველმა საბა საზონოვმა ტრავმა სრულად მოიშუშა და დიდი ალბათობით, სერია A-ს მომდევნო ტურში მილანის ინტერთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში იქნება. ამის შესახებ Toro News წერს:

"საზონოვს აღარაფერი აწუხებს და რეალური კანდიდატია, ინტერთან სასტარტო თერთმეტეულში გამოჩნდეს. ტრავმა, რის გამოც ის ვერონასთან თამაშს ნაადრევად გამოაკლდა, წარსულს ჩაბარდა და ცენტრალური მცველი მზადაა, მინდორზე გავიდეს. როგორც სჩანს, მან სანაკრებო პაუზა კარგად გამოიყენა იმისთვის, რომ სასურველ კონდიციებამდე მისულიყო. ბევრი რამ ალესანდრო ბონჯორნოზეც იქნება დამოკიდებული. მისი მდგონარეობაც უმჯობესდება, თუმცა, უცნობია, ინტერთან პირველივე წუთებიდან სათამაშოდ მზად იქნება თუ არა".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ტორინოში ზაფხულში გადავიდა და კლუბის მაისურით სერია A-ს ორ მატჩში ითამაშა - სტუმრად ლაციოსთან (0:2) და შინ ვერონასთან (0:0). 21 წლის ფეხბურთელმა ორივე შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ივან იურიჩის გაწვრთნილ ტორინოს გასულ 8 ტურში მოპოვებული 9 ქულით იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიცია უკავია. ტურინელთა მომავალი მეტოქე ინტერი 19 ქულით მე-2 ადგილზეა. მილანელებთან დაპირისპირება შაბათს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები