Thumbnail

რაგბი | ნიკა ამაშუკელი მსოფლიო თასის ნახევარფინალებზეც არ დანიშნეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნახევარფინალურ მატჩებს ავსტრალიელი და ახალზელანდიელი არბიტრები განსჯიან
  • 29 წლის ქართველი რეფერი ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მოედანზე არ გამოჩენილა

2023 წლის მსოფლიო თასზე ნახევარფინალური მატჩების მსაჯები დაინიშნა და მათ შორის ისევ ვერ ვხედავთ ქართველ რეფერი ნიკა ამაშუკელს.

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, 20 ოქტომბერს არგენტინისა და ახალი ზელანდიის თამაშს ავსტრალიელი ანგუს გარდნერი განსჯის, რომელსაც კიდეებიდან მისივე თანამემამულე ნიკ ბერი და ინგლისელი ნიკ დიქსონი დაეხმარებიან.

საინტერესოა, რომ გარდნერს "პუმებისა" და "ოლ ბლექსის" დაპირისპირება უკვე უმსაჯია 2020 წელს, როდესაც არგენტინელებმა მრისხანე მეტოქეს ისტორიაში პირველად მოუგეს – 25:15.

ნიკა ამაშუკელი, ენდრიუ ბრაისი და კრის ბასბი. ამ სამეულიდან დანიშვნა მხოლოდ ირლანდიელმა მიიღო

21 ოქტომბერს, ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის ნახევარფინალს ახალზელანდიელი ბენ ო’კიფი მოემსახურება, ლაინსმენები კი ირლანდიელი ენდრიუ ბრაისი და ახალი ზელანდიის კიდევ ერთი წარმომადგენელი პოლ უილიამსი იქნებიან.

აღსანიშნავია, რომ ო’კიფისთვის ეს, მიმდინარე მსოფლიო თასზე უკვე მე-5 დანიშვნაა. გასულ კვირას ის საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებთა მეოთხედფინალური შეხვედრის რეფერიც გახლდათ და საკმაო კრიტიკაც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ამაშუკელმა 2023 წლის მსოფლიო თასზე მთავარი არბიტრის რანგში 3 მატჩი (ირლანდია-რუმინეთი, ინგლისი-იაპონია, ავსტრალია-პორტუგალია) ჩაატარა, 4-ჯერ (შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა) კი ასისტენტი გახლდათ.

ქართველი რეფერის მუშაობას საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა და იყო მოლოდინი, რომ მას საპლეიოფო მატჩებსაც ანდობდნენ, თუმცა, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური თამაშების მსაჯებს შორის მისი გვარი არ გამოჩენილა.

კომენტარები

ბოლო ამბები