Thumbnail
  • ლილარდი მილუოკის და იანისის დამატებით სივრცეს ნიშნავს
  • სამაგიეროდ, მასთან ერთად ბაქსის დაცვა უფრო სუსტი ხდება
  • მილუოკი წელს მნიშვნელოვნად იცვლება

"სასაცილოა, როცა ხალხი ჩემს სროლაზე, "ბაზერზე" ოკლაჰომას ან ჰიუსტონის წინააღმდეგ, ამბობს, რომ ცუდი იყო. 

თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სროლა იმ წამს მოვიგონე?! თქვენ გგონიათ, რომ პანიკაში ვიყავი?! გჯერათ, რომ ზუსტად არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი?!

ეს სროლა არ შექმნილა მწვრთნელთან და ვიდეო-ანალიზის ჯგუფთან ერთად. ეს სროლა 20 წლის არის. ამ სროლას 2001 წლიდან მშობლიური ბევერლი ავენიუდან ვისვრი და ეს სროლა 11 მეტრიდან, რა თქმა უნდა, ყველასთვის არ არის, ესეც ვიცი."

დემიენ ლილარდს ასეთი მონოლოგი აქვს იმ სტატიაში, რომელზეც თავის ცხოვრებაზე და კარიერაზე საუბრობს. ეს ქუჩაში გაზრდილი ბიჭის მონოლოგია, რომელიც NBA-ს სუპერვარსკვლავი ყველა მოლოდინის წინააღმდეგ გახდა. ეს სროლაც მაშინ არის დაბადებული, როცა ის ბავშვობაში თავისი ეზოდან ქუჩის მეორე მხარეზე მდებარე თვითნაკეთ ფარში ისროდა.

ამ სროლას და დემიენ ლილარდს ამ სეზონიდან უკვე სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. წინა წელს ლილარდს 117 სამქულიანი ჰქონდა 9 მეტრის და მეტი დისტანციიდან და ამ სროლების 32.3 პროცენტი ჩააგდო. საშუალოზე ნაკლები სტატისტიკური მაჩვენებელია, მაგრამ ეს მაინც იმას ნიშნავს, რომ ლილარდის წინააღმდეგ დაცვის თამაში მაშინვე უნდა დაიწყო, როცა ის ბურთით მოედნის ცენტრს გადმოკვეთს. ნებისმიერი დისტანციიდან შეუძლია ჩაგდება.

ყველა იმ მოთამაშეს შორის, რომელიც წინა წელს შეხვედრაში თამაშში თუნდაც ერთ სამქულიანს ისროდა, ლილარდს აქვს სამქულიანი სროლის ყველაზე გრძელი, საშუალო დისტანცია - საშუალოდ 8.4 მეტრიდან ისვრის (შედარებისთვის მიდლტონის და ჰოლიდეის საშუალო სასროლი დისტანცია პერიმეტრიდან თითქმის 1 მეტრით უფრო ნაკლებია). და მხოლოდ კი არ ისვრის, თამაშში საშუალოდ 32 ქულას აკეთებს და თამაშში საშუალოდ 11.2 სამიანის ფონზე ამ სამიანების 37 პროცენტს აგდებს. ანუ ლილარდის გრძელი სამქულიანი სტაბილური და საშიში იარაღია.

პორტლენდში დემიენ ლილარდი NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და საინტერესო სანახაობა იყო. მაგარი ბიჭი "Hero-Ball-ს" ანუ გმირულ კალათბურთს თამაშობდა - გამოდიოდა და ყრიდა და ყრიდა. პრობლემა ის იყო, რომ ეს სანახაობა პლეი ოფს და საჩემპიონო ამბებს არ ყოფნიდა. პორტლენდს უჭირდა დაცვა, უჭირდა შემადგენლობის სიღრმე, უჭირდა ხარისხი და ვარსკვლავურობა.

ახლა, წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს ლილარდის ფაქტორი იანისისთვის. ანუ ის ამბავი, რომ მეტოქის დაცვას უწევს ამ ბიჭის წინააღმდეგ აქტიური დაცვა მოედნის ცენტრიდანვე დაიწყოს, პარკეტის სიღრმეში ამოვიდეს და დიდ სივრცეზე გაიშალოს. იანისი ბოლო ბევრი წლის ყველაზე დომინანტი ისტორიაა, წარმოუდგენელი ათლეტიზმის, ჯანის და ძალის ამბავი. შაკის და უილტ ჩემბერლენის სტილის ფიზიკურ დომინაციაზეა საუბარი. წლების მანძილზე NBA-ს გუნდების დაცვამ იანისის წინააღმდეგ ერთადერთი რამე მოიფიქრა - გადატვირთო სამწამიანი, გამოიყენო სიმაღლე, წონა, გაბარიტები და იანისს არ მისცე საშუალება სამწამიანიდან ქულები გააკეთოს. იანისი მეტოქის ფარიდან 1 მეტრამდე დისტანციიდან თავისი სროლების 79 პროცენტს ზუსტად ასრულებს, როგორც კი ოდნავ სცდება ამ დისტანციას, მაგალითად, მეტოქის ფარიდან 1-დან 3 მეტრამდე დისტანციაზე, მისი სროლის პროცენტი 35-მდე ჩამოდის, ანუ საშუალოზე დაბალ მაჩვენებელზე. 3-დან 5 მეტრამდე და 5 მეტრიდან სამქულიანის ხაზამდე ის ასევე 35 პროცენტით ისვრის, ხოლო სამქულიანიდან საერთოდ მისი სროლა 27.5 პროცენტია. გასანაალიზებლად ეს ყველაზე მარტივი სტატისტიკაა - იანისი შეუჩერებელია ფართან ახლოს, მაგრამ როგორც კი ფარს თუნდაც 2 მეტრზე სცდება, მან აღარ უნდა ისროლოს, ხოლო როცა იანისი სამიანების სროლას იწყებს, ეს უკვე კატასტროფაა.

იანისს დედამიწაზე ყველაფერი აქვს - დაცვა, ჯანი, სიმაღლე, მობილურობა - სროლის გარდა. ლილარდამდე ეს სტრატეგია ხშირად მუშაობდა, როცა იანისს სამწამიანში მეტოქის მთელი დაცვა ელოდება - სივრცე არ არის, იანისიც გაჭედილია.

ახლა, წარმოიდგინეთ მეტოქის დაცვა, რომელიც ლილარდის ფაქტორის გამო ცენტრის ხაზამდე უნდა გაიწელოს. იდეაში, ლილარდსაც და იანისსაც ორმაგი დაცვა სჭირდება. ამ დუეტთან თან უნდა დაიცვა მაღლა, სამქულიანის ხაზს მიღმა, თითქმის მოედნის ცენტრიდან და თან - დაბლა, სამწამიანში. ეს შეუძლებელი ამოცანაა - რესურსი უბრალოდ არ არსებობს. ლილარდი-იანისის პიკენროლი ნებისმიერი დაცვისთვის გადაუჭრელი გამოწვევა იქნება. ეს დაახლოებით ისეა, როგორც კარი-გრინის პიკენროლი, მაშინ, როცა გრინის ნაცვლად იანისია, შეუდარებლად უფრო სახიფათო "ფინიშერი" მეტოქის სამწამიანში. ლილარდის ფაქტორი იანისისთვის ბევრ სივრცეს და თავისუფალ სამწამიანს ნიშნავს.

იანისს წინა წელს თამაშში საშუალოდ 31 ქულა ჰქონდა, უმეტესობა მეტოქის ფართან აღებული ქულებით. ზოგადად, მას ლილარდის კლასის ვარსკვლავთან, ასეთ პერიმეტრის მოთამაშესთან არასოდეს უთამაშია. ლილარდი მისთვის კარიერაში შესაძლო ახალ ნაბიჯს, ახალ სიცოცხლესაც ნიშნავს - ახალ სიმაღლეზე ასვლის შესაძლებლობას.

იქვეა კრის მიდლტონი კიდევ ერთი ძალიან კარგი მსროლელი და ჩამყრელი, "ოლ სტარი". სამქულიანიდან ისვრის ბრუკ ლოპესი, ასევე სროლა იცის - ბობი პორტისმაც. იანისი-ლილარდის დუეტზე კონცენტრირება, ამ სამეულისთვის თავისუფალ სროლებს ნიშნავს. მილუოკის შეუძლია მეტოქეს ხუთივე პოზიციიდან შეუტიოს, თანაც ისე, რომ პარკეტზე სამი ოლ სტარი ჰყავდეს, რომლებიც თავისი სტილით ერთმანეთის ძლიერ მხარეებს კი არ იმეორებენ, არამედ ერთმანეთს ავსებენ.

ლილარდი პასუხია მილუოკის კიდევ ერთ პრობლემაზე - მატჩის ბოლო წუთებში, პლეიოფურ დაძაბულობაში ჩაყრა. ასეთ დროს იანისს სივრცეს არავინ მისცემს. ჯრუ ჰოლიდეი იმ 43 მოთამაშეს შორის, რომლებიც მატჩის ბოლო სტაბილურად სროლებს იღებდნენ თავიანთ თავზე (ანუ ბოლო 3 წელში პლეიოფებში 300-ზე მეტი სროლა აქვს), სიზუსტით 42-ე პოზიციაზეა. ასეთ დროს მილუოკი ძირითადად მიდლტონის იმედზე რჩებოდა. შემთხვევითი არ არის, რომ მილუოკის საუკეთესო პლეიოფური სეზონები და მისი ჩემპიონობა, იმ მომენტებს უკავშირდება, როცა მიდლტონი ჯანმრთელი იყო და თამაში მისდიოდა.

ლილარდი ამ პრობლემას სტილურად ხომ ჭრის. და ჭრის ხასიათითაც. მატჩის ბოლო წუთებს NBA-ში ხშირად უწოდებენ „დემ-თაიმს“ ანუ ლილარდის დროს. გეიმ-ვინერების და გადამწყვეტი სროლების ჩაგდება მისი ვიწრო სპეციალობაა.

ზოგადად, ლილარდის მოსვლით მილუოკიმ გადაჭრა უახლოესი მომავლის და პერსპექტივის პრობლემა. უკვე ასაკოვანმა გუნდმა, დრაფტის პიკების გარეშე და გადატვირთული სახელფასო ფონდით, ახალი სიცოცხლე მიიღო. სხვანაირად, ახლო მომავალში იანისის შესაძლო წასვლა და გუნდისთვის მტკივნეული დაშლის პროცესი რეალისტური სცენარი იყო.

რა რისკები აქვს ლილარდის მოსვლას?

იქიდან უნდა დავიწყოთ საუბარი, სადაც გავჩერდით. მილუოკისკენ არ არის ასაკი. ლილარდი 33 წლის არის და მასთან ერთად მილუოკის ვეტერანი გუნდი უკეთესი ხდება, თუმცა არა უფრო ახალგაზრდა ან პერსპექტიული. მილუოკის ცოტა დრო აქვს წარმატებისათვის.

არის ტრავმების ფაქტორიც. არც ლილარდი და არც კრის მიდლტონი NBA-ში რკინის ჯანმრთელობის მოთამაშეებად არ მიიჩნევიან. პირიქით, ტრავმების საკმაოდ დიდი ისტორია აქვთ.

ყველაზე მეტი კითხვა კი მილუოკის დაცვას უკავშირდება. "ბაქსი" აქამდე წლების მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის მქონე გუნდი იყო. მათი ჩემპიონობაც ამ დაცვის დამსახურება იყო. ბაქსს შეეძლო დურანტი-ჰარდენი-ირვინგის ბრუკლინისთვის შვიდთამაშიან სერიაში სამჯერ არ მიეცა მეტოქისთვის 90 ქულის ჩაგდების შესაძლებლობა.

ახლა ჰოლიდეი ერთ-ერთ საუკეთესო მცველი პერიმეტრზე ლილარდმა შეცვალა - უკვე ასაკში, შეუდარებლად ნაკლები სიმაღლით, ათლეტიზმით და დაცვითი უნარებით. შემთხვევითი არ არის, რომ ლილარდის პორტლენდი სტაბილურად ბოლო ხუთ ადგილზე იყო ხოლმე დაცვითი პარამეტრებით. შარშან მაგალითად პორტლენდის დაცვა 30 გუნდს შორის 27-ე ადგილზე იყო.

ჰოლიდეისთან ერთად, რომელიც თავის ვიზავის ძალიან კარგად მიყვებოდა, მეტოქის "სქრინებსა“ და ბლოკებში, მილუოკის შეეძლო ბრუკ ლოპესი სამწამიანში დაეტოვებინა. ანუ ბაქსი არ მიდიოდა გაცვლებზე. ლოპესი სამწამიანში ძალიან დიდი ძალაა მისი სიმაღლიდან და დაცვითი უნარებიდან გამომდინარე. ახლა, მილუოკიმ დაცვაში ლილარდი უნდა "დამალოს". მეტოქისს საუკეთესო შემტევების წინააღმდეგ ლილარდს ვერ დატოვებ. ჰოლიდეის წასვლა ბაქსის დაცვის მთელ სისტემას არღვევს. მილუოკის კარგი მცველები პერიმეტრზე აღარ რჩება. არც ის არის კარგი იდეა, 36 წლის ლოპესს სამწამიანიდან დაზღვევის ნაცვლად, პერიმეტრზე სისტემატიურად ამოსვლა და მასზე სწრაფი და ახალგაზრდა მეტოქეების დევნა მოუწიოს. მილუოკი დაცვაში აუცილებლად უფრო სუსტი გახდება და რისკები მხოლოდ იმატებს იმის ფონზე, რომ მილუოკის მოუწევს დაცვის სისტემა მთლიანად შეცვალოს.

ყველა შემთხვევაში, მილუოკი ამ სეზონის ყველაზე მთავარი ინტრიგაა - ლილარდი-იანისის დუეტი, ასაკოვანი გუნდის ერთ-ერთი უკანასკნელი საჩემპიონო მოგზაურობა, ლილარდის ყველაზე სერიოზული შანსი ნანატრი ბეჭედი მიიღოს და გუნდის, მისი სტილის, სტრატეგიის მნიშვნელოვანი გარდაქმნა. ჩემს პერსონალურ სიაში რეგულარულში სანახავ გუნდებს შორის ეს ბაქსი პირველ ადგილზეა - დიდი სანახაობა დიდი ინტრიგით იწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები